in

6 ფერით შექმნილი სუპერმარკეტის დიზაინი — DODO Designs-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში დოდოშკა ჩხეიძის ახალ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს და სუპერმარკეტების ერთ-ერთი ქსელის განახლებულ ფილიალს წარმოადგენს. ობიექტის საერთო ფართობი 85 მ2-ია და ფერადი ინტერიერით ხასიათდება.

საპროექტო დავალება გულისხმობდა მარკეტებისთვის ახალი დიზაინის შექმნას განახლებული ბრენდის ვიზუალისა და ბრენდბუქის გათვალისწინებით.

კონცეფციის შემუშავების პროცესში, პროექტის ავტორებს სრული თავისუფლება ჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტს ისტორიული ღირებულება არ გააჩნია, პროექტის ავტორებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვან შეზღუდვები დიზაინის შექმნისა და რემონტის წარმოების პროცესში.

დიზაინერს სურდა, განახლებული მარკეტი ქსელში შემავალი სხვა ობიექტებისგან მკვეთრად განსხვავებული და მიმზიდველი ყოფილიყო, ამიტომ სივრცეში ერთმანეთს თამამად ერწყმის 6 ფერი, მასალად კი მარტივად მოსავლელი პროდუქტებია გამოყენებული. დიზაინის ფერადოვნება სივრცეს უნიკალურ და გამორჩეულ იერს ანიჭებს და მას საინტერესო სახეს სძენს. ამასთანავე, განახლებული ბრენდის კონცეფციას სრულად შეესაბამება და ნებისმიერ სტუმარს სასიამოვნო, ხალისიან განწყობას უქმნის.

პროექტზე მუშაობის პროცესში მთავარი გამოწვევა იყო მცირე ზომის ფართობში მრავალი ფერის ერთდროული გამოყენება და მათი ერთმანეთთან ორგანული შერწყმა,  განსაკუთრებულ სირთულეს კი დომინანტური ვარდისფერი ეპოქსიდური იატაკი წარმოადგენდა, რომელიც ობიექტის ერთ-ერთი გამორჩეული, აქცენტირებული ელემენტია და სხვა დიზაინ ობიექტებს იდეალურად უნდა შეხამებოდა.

სივრცე არის ერთიანი, ღია გეგმარების, თუმცა მარკეტის ფუნქციური კუთხეების შესაბამისად, პროექტი დაყოფილია ზონებად, ისე, რომ მომხმარებლებისთვის გადადგილება მაქსიმალურად კომფორტული გახდეს.

ინტერიერი ძირითადად მოპირკეთებულია კერამიკული ფილებითა და MDF-ის ავეჯით. სანათები კი სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადდა, ისევე, როგორც პროდუქციის კატეგორიის მანიშნებლები, რაც სივრცის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ავეჯზე, ძირითადად, ერთნაირი მასალაა გამოყენებული, თუმცა ფაქტურა განსხვავებული ფერისაა, რადგან კატეგორიების გარჩევა მარტივად მოხდეს და პროდუქციის დათვალიერებისას  მომხმარებლებს ორიენტაცია გაუადვილდეთ.

ამასთანავე, ინტერიერში მცირე ზომის ტიხრებით გამიჯნულია სასადილო ზონა, სადაც ვარდისფერ იატაკს იდეალურად ეხამება ნარინჯისფერი და ყვითელი შტრიხები, თეთრი ფილები და შავი ელემენტები.

დოდოშკა ჩხეიძის ახალ ნამუშევარში კონტრასტული ფერთა პალიტრით ერთიანი, ჰარმონიული და საზეიმო ატმოსფერო იქმნება, რაც ნებისმიერ მნახველში აღტაცებას იწვევს და მას პოზიტიურად განაწყობს. ავეჯის ფორმები და ფაქტურა ზუსტად გამოხატავს განახლებული ბრენდის ხასიათს და მარკეტის კონცეფციას შეესაბამება.

 

მთავარი ინტერიერის დიზაინერი: დოდოშკა ჩხეიძე

ინტერიერის დიზაინერები: მარიამ მარგველაშვილი, თაკო გურგენიძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „DODO Designs“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

სილამაზისა და ფუნქციის ბალანსით შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი — ინტერვიუ დავით ხიდურელთან

შეიძლება თუ არა გასაჭიმი ჭერის შეკეთება?