in

შეიძლება თუ არა გასაჭიმი ჭერის შეკეთება?

გასაჭიმი ჭერი საკმაოდ ხანგრძლივი გამძლეობის კონსტრუქციაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მექანიკური ზემოქმედების შედეგად ის შეიძლება დაზიანდეს. ხშირ შემთხვევაში კი დაზიანების აღმოფხვრა ჭერის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია. თვითნებურად ჭერის ზედაპირის შეკეთების მცდელობამ შესაძლოა კიდევ უფრო რთულ და ხანგრძლივ პროცესებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ პრობლემის გაჩენისთანავე აუცილებელია პროფესიონალთან დაკავშირება.

თუკი რაიმე მიზეზის გამო ჭერი დაზიანდა და მასზე ხვრელი წარმოიქმნა, გახსოვდეთ, რომ მისი გაკერვის ან შეწებების მცდელობა რეკომენდებული არ არის, რადგან თხელი მასალა მარტივად იხევა და ეს ბევრად უფრო დიდ პრობლემებს  შეგიქმნით.

“პირველადი დახმარების” სახით, ექსპერტები გვირჩევენ, რომ გახეულ ნაწილზე წებოვანი ლენტი მოვათავსოთ, რაც ხელს უწყობს იმას, რომ დაზიანება უფრო მეტად არ გავრცელდეს. ეს პრობლემის დროებითი მოგვარებაა, თუმცა ამ გზით საკითხი ვერ გადაიჭრება.

ხშირად ადამიანები ჭერზე სხვადასხვა სარემონტო მასალის, მათ შორის წებოს წასმას და შემდეგ ფენის საშუალებით გაშრობას ცდილობენ, რაც ასევე არ არის რეკომენდებული. გახსოვდეთ, რომ გასაჭიმი ჭერი ძალიან ფრთხილ და ფაქიზ მუშაობას მოითხოვს, რაც შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე თითქმის შეუძლებელია.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ჭერის ზედაპირის შესაკეთებლად მისი დემონტაჟი საჭირო არაა, მაგალითად, მაშინ, როდესაც გახეული ადგილი კედელთან ან ფარულ ნათურასთან არის ახლოს. ამ დროს შესაბამისი ხელსაწყოებისა და მასალის დახმარებით პროფესიონალი ხელოსანი შეძლებს დაზიანების აღმოფხვრას, გახეული ადგილის ნათურით გადაფარვას ან მასზე სპეციალური სტიკერის გაკვრას.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ჭერის შეკეთება გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, მის გაკვრამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაზიანების რისკები გაცილებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად, თაბაშირ-მუყაოს ჭერის შემთხვევაში, შეკეთება კი მხოლოდ დარგის ექსპერტების კომპეტენციაა.

6 ფერით შექმნილი სუპერმარკეტის დიზაინი — DODO Designs-ის ნამუშევარი

Arper – 6 პრინციპზე დაფუძნებული ავეჯის ბრენდი იტალიიდან