ქალაქებში, სადაც ბუნებრივი გარემო სულ უფრო იშვიათ ფუფუნებად იქცა, ლანდშაფტის არქიტექტორების საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან მისიად გადაიქცა — ქალაქსა და ბუნებას შორის დაკარგული დიალოგის აღდგენა. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება თამარ თავართქილაძე, ლანდშაფტის არქიტექტორი, რომლის მიზანია, ადამიანებს გააზრებინოს, რომ ლანდშაფტი მხოლოდ დეკორაცია არ არის, არამედ ის ეკოსისტემის, განათლებისა და კულტურის ერთიანი ქსელია.
თამარის ენერგია და ხედვა გადამდებია — ის გულწრფელად არის შეყვარებული საკუთარ საქმეზე. სწორედ ამ სიყვარულიდან დაიბადა „ლანდშაფტის ასოციაციაც“ — პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სპეციალისტებს, ხელს უწყობს განათლებას, კვლევას, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობას და, რაც მთავარია, ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის დაცვასა და განვითარებას.
დღევანდელ ინტერვიუში Homeis.ge ესაუბრება თამარ თავართქილაძეს იმაზე, თუ როგორ იქმნება მდგრადი ლანდშაფტი, რატომ უნდა აღვიქვათ გამწვანება როგორც კულტურის ნაწილი და როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა შეიტანოს წვლილი გარემოს შენარჩუნებაში.

რა მიზნებით დაარსდა „ლანდშაფტის ასოციაცია“ და რა საჭიროებას პასუხობს ის საქართველოში?
მსოფლიოში სულ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების, მწვანე ზონებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ამასთან ერთად კი ლანდშაფტის არქიტექტურისა და ინჟინერიის პოპულარიზაციისა და ესთეტიკისადმი დამოკიდებულებაც უფრო შეიცვალა და დაფასდა. სწორედ ამ და სხვა ბევრმა დეტალმა გაგვიჩინა მე და ქეთევან გელაშვილს იდეა, დაგვეფუძნებინა ასოციაცია, სადაც გაერთიანდებოდნენ ლანდშაფტის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები.

როგორია თქვენი ხედვა ასოციაციის როლზე ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დაცვისა და მართვის საკითხებში?
იმისთვის, რომ შევძლოთ, დავიცვათ ჩვენი ბუნება, მოვუაროთ მას და ამის საფუძველზე შევქმნათ ახალი და სწორად განვავითაროთ ის, ჩვენ უნდა ჩავატაროთ შემეცნებითი ღონისძიებები, ვისაუბროთ ამ თემებზე, გავაანალიზოთ, რა რისკები დგას და როგორ შევძლებთ მათ გადაჭრას. ამ ყველაფერში კი სპეციალისტების მოწვევა, მათი ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და საზოგადოებამდე სწორად მიტანაა საჭირო.
რას აძლევს ეს ინიციატივა პროფესიონალებს, ქალაქებსა და საზოგადოებას?
კოლეგების შეხვედრები, ერთმანეთის აზრების გაზიარება, მსჯელობა და საერთოდ კითხვების დასმა, პროფესიულ განვითარებაში ეხმარება ადამიანებს. ბუნება, ეკოსისტემა და ლანდშაფტი მთავარ როლს ასრულებს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ განვითარებაში. ამიტომ ქალაქის გამწვანება, ურბანული დაგეგმარება სწორედ რომ ზემოთ აღნიშნულზეა პასუხისმგებელი
რა ტიპის აქტივობებს გეგმავთ ასოციაციის ფარგლებში?
ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს: გვსურს გამწვანების მიმართულებით ბევრი სასარგებლო ღონისძიება ჩავატაროთ მსოფლიოს ახალი ტენდენციებისა და მიმართულებების გათვალისწინებით. მაგალითად, ვაპირებთ, ქალაქს საჩუქრად შევთავაზოთ რამდენიმე ლოკაცია ენდემური მცენარეებით (რომელსაც თავად გამოგვიყოფენ). ასევე ვატარებთ სხვადასხვა სახის ვორქშოფებს, გვაქვს გასვლითი შემეცნებითი ექსკურსიები, სადაც მოწვეული სპეციალისტების დახმარებით ვიკვლევთ ჩვენს ენდემურ მცენარეებს. ამას გარდა, ნოემბერში ჩამოგვყავს 2 ლანდშაფტის არქიტექტორი ბრიტანეთიდან, რომლებიც ძალიან საინტერესო მასტერკლასს ჩაუტარებენ მსურველებს და გააცნობენ ახალ ხედვებს. ეს ყველაფერი კი დარგის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს და შესაბამისად, ინტერესი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდანაც უნდა არსებობდეს.
თქვენთვის, როგორც ლანდშაფტის არქიტექტორისთვის, რას ნიშნავს „მდგრადი ლანდშაფტი“ და როგორია მისი მნიშვნელობა საქართველოს ურბანულ კონტექსტში?
ეს ცოტა ვრცელი თემაა, არ ვიცი რამდენად შევძლებ ჩემი ხედვის მოკლედ ჩამოყალიბებას… მდგრადი ლანდშაფტი ნიშნავს ისეთ ლანდშაფტს, რომელიც ისეა დაგეგმილი, შექმნილი და მოვლილი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იცავს ბუნებრივ რესურსებს, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და ამავე დროს, უზრუნველყოფს ადამიანების კომფორტულ, ესთეტიკურ და ფუნქციურ საჭიროებებს. ამ მხრივ გამოვყოფდი რამდენიმე მთავარ პრინციპს:
- ეკოლოგიური მდგრადობა – ბუნებრივი რესურსების (მიწა, წყალი, მცენარეულობა) რაციონალური გამოყენება და დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება.
- ეკონომიკური მდგრადობა – ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც იაფი და ეფექტურია მოვლაში, ენერგო და წყლის რესურსების დაზოგვას უწყობს ხელს.
- სოციალური და კულტურული მდგრადობა – ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანთა კეთილდღეობას, საზოგადოებრივ აქტივობებს და ადგილობრივი იდენტობის შენარჩუნებას.
რა არის მთავარი განსხვავება ლანდშაფტის არქიტექტურასა და უბრალოდ „გამწვანების სამუშაოებს“ შორის?
ლანდშაფტის არქიტექტურა არის უფრო მასშტაბური, რაც ბევრ დისციპლინას მოიცავს. იგი სრულად უზრუნველყოფს პროექტს და გამწვანების პროექტი მისი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია.
როგორ ფიქრობთ, რა კონკრეტული პრობლემები არსებობს საქართველოში ლანდშაფტის დიზაინის კუთხით?
პრობლემაა სწორედ ის, რომ გვაკლია განათლება ამ მიმართულებით, სწავლება, კოლეგებთან ურთიერთობა და გაზიარება, საერთაშორისო ტენდენციების თვალის დევნება და სპეციალისტების მუშაობის პრინციპების გაცნობა. სწორედ ამ დეფიციტის აღმოფხვრას ვცდილობთ ასოციაციის საშუალებით.
რას ურჩევდით ახალგაზრდა არქიტექტორებსა და დიზაინერებს, ვისაც ამ სფეროში მუშაობა სურთ?
ვურჩევდი, უყვარდეთ საკუთარი საქმე, გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია, იმუშაო ბუნებასთან, მუდმივად გაეცნონ მსოფლიო ტენდენციებს, კვლევებს და იშრომონ ბევრი.
ლანდშაფტი ჩვენი მომავალია!