როდესაც არქიტექტურის სფეროში ერთად მომუშავე წყვილების შესახებ იღებ ინფორმაციას, წარმოუდგენელია, არ გაგახსენდეს, ჩარლზ და რეი იმსების ისტორია. წყვილის, რომელთა ხედვამ და ფანტაზიამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა მსოფლიო არქიტექტურის შემდგომ განვითარებაზე.
რეი იმსის აზრით, მთავარი წარმატება კარიერაში შენი გუნდის მხარდაჭერიდან იწყება. რა ხდება მაშინ, თუ ეს “გუნდი” შენი ოჯახია?
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, არქიტექტურის სფეროში ერთად და ჰარმონიულად მომუშავე წყვილის, ნინი ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის ისტორიას.
ნინი, მოგვიყევით თქვენი არქიტექტურით დაინტერესების პერიოდზე
ძალიან ღრმა ბავშვობაში ასფალტზე ცარცით ვხაზავდი ხოლმე სახლებს, როგორც გეგმა იხაზება, დაახლოებით იგივე პრინციპით. ვხაზავდი ავეჯს ზედხედში; კარს, ფანჯრებს და შემდეგ სახლობანას ვთამაშობდით ბავშვები ერთად. ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვქონდა. ჩემი აზრით, მსგავსი საინტერესო პროცესები ხშირად ბავშვობის დროიდან მომდინარეობს, რაც მომავალში გარკვეული ფორმით იჩენს ხოლმე თავს.
ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასეც მოხდა. სკოლა დავასრულე თუ არა, აკადემიაში ჩავაბარე არქიტექტურის ფაკულტეტზე და სრულიად ჯადოსნურ გარემოში მოვხვდი. ძალიან კარგად მახსენდება აკადემიის წლები, ლექციებზე პედაგოგებთან ერთად საუბრები ჩაისა და ორცხობილების თანხლებით. არქიტექტურა ძალიან მრავალმხრივი პროფესიაა და ბევრ ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი ამ სფეროში. ეს არის უზომოდ საინტერესო, მუდმივად განვითარებადი და ტრანსფორმირებადი დარგი, ამიტომ არასდროს მბეზრდება. ყოველი პროექტი ახალი გამოწვევაა და დიდი სიამოვნება. ეს პროცესი ჯადოქრობის მსგავსია – ცარიელი არეალიდან და ფურცლიდან დაწყებული იდეის განვითარება ყველას თვალწინ უეცრად ხელშესახები ხდება.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამ პროფესიის მთავარი საიდუმლო?
მრავალ საინტერესო მოვლენასთან ერთად, არქიტექტურის მთავარი საიდუმლო შუქ-ჩრდილების განაწილების ხელოვნებაცაა. დღის სხვადასხვა პერიოდში, ამინდში ან ღამით, ხელოვნურ განათებაზე სრულიად იცვლება გარემო, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. მსგავსი “ბენეფიტების” გამოყენება არქიტექტორის ხედვაზეა დამოკიდებული. ძალიან გულისამაჩუყებელია, როცა შენი ჩანაფიქრი, რასაც ფურცელზე ხატვისას განიცდიდი, რეალურადაც იგივე ემოციის მატარებელი ხდება.
არქიტექტურა მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ცხოვრების წესს, ამიტომ საკვანძოა, ამოიცნო დამკვეთის საჭიროებები და ამის გათვალისწინებით დააგეგმარო სივრცე.
ნინი, თქვენ ამ სფეროში მეუღლესთან ერთად მუშაობთ, არქიტექტურული კომპანიაც გაქვთ. საინტერესოა ერთად მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე თქვენი მოსაზრების მოსმენა…
ერთად მუშაობის გადაწყვეტილება ძალიან ბუნებრივად მივიღეთ. ვცდილობთ, ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები დავაბალანსოთ. ძირითად საკითხებში უსიტყვოდ ვთანხმდებით ხოლმე, კონცეპტუალურად მსგავსი შეხედულებები გვაქვს, რაც გვიადვილებს კომუნიკაციას. ვერ მოვიტყუები, რომ ხშირად არ ვკამათობთ, მაგრამ სწორედ ამ კამათის ფონზე ვიღებთ საუკეთესო შედეგს.
დადებითი მხარეა, რომ მუდმივად შეგვიძლია ერთმანეთი დავაზღვიოთ.
უარყოფით მხარედ კი იმას მივიჩნევ, რომ ზოგჯერ გარკვეული საკითხები პირადი მიზეზების გამო გვეწელება.
კოლაბორაციის პირველივე წლებში გამოჩნდა, რომ გვაინტერესებდა არამარტო დახაზვა ან მოდელირება, არამედ მასალების შერჩევაც. შემდეგ ამ ყველაფრის სამშენებლო მოედანზე მორგება და სამონტაჟო ჯგუფებთან თავმოყრა. მოკლედ რომ ვთქვა, სრულ პროცესში სრული ჩართულობა. დღეს კი მანქანაში მუდმივად გვიდევს ყველა საჭირო იარაღი თუ ინსტრუმენტი, რომ თავად შევძლოთ სიზუსტის გადამოწმება. ჩვენი ყოველდღიურობა სპეცფეხსაცმლით, უსაფრთხოების აღჭურვილობით, დრონით და საზომი ხელსაწყოებით სამშენებლო მოედანზე ყოფნაა.
მუშაობისას რა არის თქვენი მთავარი შთაგონება?
მთავარი შთაგონება საქმის სიყვარულიდან მოდის, ახალ პროექტს ყოველთვის ახალი ენერგია და ახალი განწყობა მოაქვს ხოლმე.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შექმნის ყველა ეტაპზე ვიყოთ ჩართულები და მთლიანად ვიყოთ პროცესში ინტეგრირებულნი. ეს გვაძლევს საშუალებას, ადგილზე დავაკორექტიროთ, მივიღოთ პროექტისთვის უფრო მომგებიანი გადაწყვეტილებები და ასევე, პირველადი იდეის ხაზი შევინარჩუნოთ.
ამ ხაზის შენარჩუნება და განვითარება პროექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან არქიტექტორებს ბევრად მასშტაბური ხედვა გვაქვს, შეგვიძლია აღვიქვათ მთლიანობა და სხვადასხვა კომპონენტების ურთიერთკავშირი.
რა არის ის მთავარი, მნიშვნელოვანი თვისება არქიტექტორისთვის, რაც მას მრავალფეროვან დამკვეთთან მუშაობას უმარტივებს?
ჩემი აზრით, მთავარი თვისება არის ის, რომ შენი საქმე შენი ჰობის ტოლფასი უნდა იყოს. როცა გეხალისება მუშაობა, შედეგიც შესაბამისია. შრომისმოყვარეობა და დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია. არქიტექტურა და დიზაინი მუდმივად ტრანსფორმირებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორი, ყველა სიახლის შესახებ იყოს ინფორმირებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივად გამოფენებზე სიარული, სიახლეების გაცნობა, ტექნოლოგიური წინსვლების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ჩვენს ქართულ რეალობაში გადმოტანა.
ზოგადად, რაც უფრო მეტად ენდობა დამკვეთი არქიტექტორს, მით უფრო კარგი კოლაბორაცია გამოდის. შექმნის პროცესში წამოსული გამოწვევების გადალახვაც ასეთი მიდგომით უფრო მარტივდება.
რომელ არქიტექტურულ ნამუშევარს გამოარჩევდით მსოფლიოსა და საქართველოში?
საქართველოში გიორგი ჩახავას ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს (ანუ ახლანდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისის) შენობაა ჩვენი ფავორიტი.
ძალიან ვაფასებთ იაპონურ ესთეტიკას და Tadao Ando-ს. “Row House Sumiyoshi” იყო ის, რაზეც სტუდენტობის პერიოდიდან აღგვაფრთოვანებს.
თქვენ მიერ დასრულებულ რომელ პროექტს გამოყოფდით, როგორც განსაკუთრებულს?
ალბათ ჩვენს ბინას, რომელშიც ერთ წელზე მეტია ვცხოვრობთ და მართლა ყოველი დღით ვტკბებით. ასევე ჩვენს სახლს, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაგვიწყია და წინ გვაქვს ეს დიდი სიამოვნება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი ჰარმონიულად ერწყმოდეს არსებულ ხელუხლებელ ლანდშაფტს, ადგილის შინაარსს, ისტორიას და ასევე იყოს ძალიან ერგონომიული და მოსახერხებელი.
სივრცის ნახვის პირველი ემოციიდან და შინაარსის გააზრებიდან იწყება ესკიზებზე მუშაობა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ექსტერიერის ფორმები და გეგმარება იყოს მორგებული ერთმანეთზე. ამ კოლაბორაციის საინტერესო პროცესის შემდეგ, დგება შედეგი, ხელშესახები სივრცე, სადაც ცხოვრება სასიამოვნოა.
ნინი, თქვენ ასევე ლანდშაფტის სპეციალისტი ბრძანდებით. გაგვიზიარეთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში გამწვანება? საჭიროა თუ არა მისი სწორად დაგეგმარება?
რა თქმა უნდა. განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, ადამიანებს გაუჩნდათ მოთხოვნილება, მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი ბუნებასთან, რაც ძალიან საინტერესოდ აისახა არქიტექტურაზეც.
ზოგადად, დღევანდელი სტრესული გარემო ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე და ამ დაძაბულობის დაბალანსების ძალიან ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა სიმწვანესთან და შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა.
ჩვენს ინტერიერის პროექტებს თან ერთვის ხოლმე რეკომენდაციები ოთახის მცენარეების განთავსებასთან დაკავშირებით. ასევე დიდი სიამოვნებით ვუზიარებთ დამკვეთს ჩვენს გამოცდილებას აივნის ან ეზოს გასამწვანებლად.
ეზოს მოწყობა მხოლოდ “ბალახის და მცენარის დარგვა” არ არის. გასააზრებელია ისიც, თუ რა ტიპის მცენარეს იხდენს არქიტექტურა თავისი ფორმით, ფერითა თუ ზომით. მნიშვნელოვანია მზის მოძრაობის, გრუნტის ტიპის, ქარის მიმართულების დადგენა და ნერგების ოპტიმალურობის განლაგება. ეს ყველა კომპონენტი ერთად იგეგმება და პროექტი ამის შემდგომ ხორციელდება. ეფექტი მალევე რომ მივიღოთ, ამაში ავტომატური სარწყავი სისტემა და სწორად შერჩეული კვება გვეხმარება. მცენარეებთან დაკავშირებული პროცესი იმდენად სახალისოა ჩემთვის, ხშირად თვითონ ვიღებ მონაწილეობას.
რას გვეტყვით დიზაინისა და არქიტექტურის თანამედროვე ტენდენციებზე?
მეტი გამწვანება გარე და შიდა სივრცეებში, ასევე ექსტერიერის მეტად ინტეგრირება ინტერიერში. დღევანდელი თანამედროვე მასალებიც ხელს გვიწყობს მრავალფეროვანი ტექსტურებით, ფერებითა და ფორმებით. ვფიქრობ, არქიტექტურაც და დიზაინიც გადმოსცემს როგორც მფლობელის, ასევე ავტორის შინაგან მდგომარეობას და განწყობას, ის ერთგვარი თვითგამოხატვის ფორმაა.
რაიმე რჩევას ხომ ვერ მისცემდით ერთი პროფესიის წყვილებს, რომლებიც ერთად მუშაობენ?
მთავარია ერთმანეთის მიმღებლობა. სიძნელეები კი მხოლოდ იმისთვის არის, რომ გადალახო და უფრო განვითარდე პროცესში.