in ,

ლანდშაფტის დიზაინი და მისი სპეციფიკა – ინტერვიუ დიზაინერ ლიკა ქესანაშვილთან

Alliance Group
Alliance Group

ადამიანს, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, 6 ოფიციალური პროფესია აქვს –  ის არის არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, ლანდშაფტის დიზიანერი, ლექტორი, მკერავი და გამწვანების სტრუქტურის ხელმძღვანელი. თუკი სიღრმეებში ჩავალთ, აღმოვაჩენთ, რომ იგი ოდესღაც ქსოვდა კიდეც და ბუნებრივი საღებავებისგან საქსოვ ძაფებს ღებავდა. ლიკა ქესანაშვილის მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და უმჯობესია ისევ იმ თემას დავუბრუნდეთ, რომელშიც ახლა ის აქტიურად საქმიანობს.

ლიკას ამჟამინდელი პროფესია ლანდშაფტის დიზაინია და, როგორც თვითონ გვიამბობს, ამ კუთხით მან შემოქმედებითი საქმიანობა 50 წლის ასაკში დაიწყო. ჩვენ, ადამიანებს, ხშირად პროფესიის არჩევა გვიანდელ ასაკში გვიჭირს ხოლმე, თუმცა, ლიკასთვის ეს ასე არ მომხდარა.

“ბავშვობაში ხშირად მივდიოდი ექსკურსიებზე. მამაჩემი ძალიან ინტერესიანი კაცი იყო და მთელ საქართველოში დავდიოდით, კარგად იცოდა ისტორია და, შესაბამისად, საინტერესო ადგილებს არჩევდა ყოველთვის. სწორედ აქედან გამომყვა ბუნების სიყვარული.”

სანამ ლანდშაფტის დიზაინამდე მივიდოდა, ლიკამ ძალიან დიდი და საინტერესო გზა გაიარა. მისი პროფესია არქიტექტურაა, კერძოდ კი – ქალაქგეგმარება.

“სკოლა წარმატებით დავასრულე და მაშინ, როცა უკვე არჩევანის წინაშე დავდექი, გავიაზრე, რომ ისეთი პროფესია უნდა ამერჩია, რომელშიც მათემატიკასა და ხატვას გავაერთიანებდი, რადგან ორივე ძალიან მიყვარდა – სწორედ ამიტომ, ავირჩიე არქიტექტურა.”

მას შემდეგ, რაც არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, უკვე დაიწყო მუშაობა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში ქალაქგეგმარების კუთხით, რაშიც შედიოდა ზონების, რელიეფის დაპროექტება.. თუმცა, დადგა პერიოდი, როცა ეს ყველაფერი ჩამოიშალა საქართველოში და ბინების დიზაინს მოჰკიდა ხელი. მისივე თქმით, საკმაოდ დიდხანს და წარმატებულად უძღვებოდა ამ საქმეს, თუმცა 90-იანებში ეს საქმიანობაც ფიქტიური გახდა. ამის შემდეგ მან მალევე დაიწყო ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციების კითხვა და ახალი საქმიანობის ძიება. მოხდა ისე, რომ 16 წლის წინ გამოფენის (ახლანდელი ექსპო-ჯორჯიას ტერიტორია) ერთ-ერთმა მოწილემ, რომელსაც ლიკას აგარაკის გამწვანება ჰქონდა ნანახი (მაშინ ჯერ კიდევ არანაირი კავშირი არ ჰქონდა მას ლანშაფტის დიზაინთან), გადაწყვიტა, რომ გამოფენის ტერიტორიისთვის სწორედ მას მიმეხედა.

“ამ ტერიტორიაზე რომ მოვედი, არც კი ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო საქმე, თუმცა, დამკვეთისგან ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა. მოიწვიეს საკმაოდ ცნობილი ლანდშაფტის დიზაინერები ჰოლანდიიდან, რომლებიც მიწევდნენ კონსულტაციას – ერთ-ერთი კონსულტანტი თითქმის 2 კვირის განმავლობაში გაუჩერებლად მიხსნიდა, რა უნდა გამეკეთებინა. სწორედ მისი წასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ლანდშაფტის დიზაინი იგივე არქიტექტურაა, უბრალოდ არქიტექტურულ ცოდნას აქ ასევე ემატება ბიოლოგიური, დენდროლოგიური და კლიმატური ცოდნა. სწორედ ამგვარი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ლანდშაფტის დიზაინში, ბევრი შეცდომით, თუმცა, მაინც წარმატებული.”

ჯერ კიდევ მაშინ, 16 წლის წინ, როცა ლიკა ქესანაშვილი “ექსპო ჯორჯიას” ბაღს აკეთებდა, მცენარეები ფიზიკურად არ იშოვებოდა – იყო მხოლოდ დასავლეთისა და კახეთის მცენარეები, რაც საკმაო სირთულეს წარმოადგენდა მისთვის. იმ დროს ჰოლანდიის კონსულტანტების კატალოგიდან თითქმის არაფერი იშოვებოდა საქართველოში.

“მიწევდა სულ ძებნა სხვადასხვა ტერიტორიაზე, ხან საიდან მომქონდა ეს მცენარეები, ხან – საიდან.. შემდეგ უკვე დაიწყეს კომპანიებმა სხვადასხვა ჯიშის შემოტანა და ეს საქმე ძალიან გამარტივდა. იყო პერიოდი, როცა რამდენიმე ჯიშს ვუკვეთავდი ექსპერიმენტისთვის, თუმცა, ახლა უკვე ქართულ ბაზარზე თითქმის ყველაფრის შოვნა შეიძლება შეკვეთის გარეშეც.”

– და მაინც, ჩვენ ხშირად გვესმის ტერმინი “ლანდშაფტის დიზაინი” – რას მოიაზრებს ეს ცნება?

ლანდშაფტის დიზაინი არაა მხოლოდ ბალახის მოწესრიგება და ყვავილის ჩარგვა, ეს არის ცოცხალი ცნება, ცოცხალი ორგანიზმი. ბაღი შეიძლება გააკეთო, თუმცა, ათ წელიწადში სულ სხვა შედეგი მიიღო, რადგან სულ ტრანსფორმაციაშია, სულ რაღაცის დამატება და ხელის შევლება სჭირდება. საბოლოო ჯამში, ბაღის მოწყობის პრინციპი ასეთია – შენ ბაღს ტვირთავ ისე, რომ პირველი 2-3 წელი უვლი და შემდეგ უკვე ბაღმა თვითონ უნდა შეინახოს საკუთარი თავი, ეს კი მაშინ ხდება, როცა მცენარეები ისეა შერჩეული, რომ ერთმანეთს თავისთავად ეხმარებიან ზრდა-განვითარებაში (თუმცა, მორწყვა, სასუქი, გაკრეჭა მაინც აუცილებელია).

– როდესაც კონკრეტულ პროექტს იწყებთ, როგორია დიზაინის მოწყობის ეტაპები?

პირველი რითიც ვიწყებთ, არის ზონირება და დაგეგმარება, რომლის ფარგლებშიც ვითვალისწინებთ გაბატონებულ ქარებს, კლიმატურ ზონებს, დამკვეთის მოთხოვნებს სტილთან მიმართებაში და ფინანსურ შესაძლებლობებს. შემდეგ უკვე ირჩევა მცენარეები დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით. ეს პროცესი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა, მე ვთვლი, რომ კარგად შერჩეული უბრალო ბუჩქი თავის ადგილას, კარგად მოვლილი და ფორმირებული, შეიძლება უფრო სწორი და ლამაზი იყოს ლანდშაფტისთვის, ვიდრე ძვირიანი მცენარე.

შემდეგ უკვე მივდივართ ტერიტორიაზე, ვაფასებთ ტერიტორიას და კეთდება პროექტი. არის ოფიციალური პროექტები, რომლებიც აერთიანებს დენდროლოგიურ ნაწილსაც, ინჟინრულ ნაწილსაც (სარწყავი სისტემა, სანათები), მცენარეების არჩევანს, კალკულაციას, მცირე ფორმების გეგმას საჭიროების შემთხვევაში. ხოლო, თუ არ არის ძალიან დიდი ტერიტორია, ხანდახან დამკვეთთან უბრალოდ კონსულტაცია ხდება საჭირო. შემდეგ უკვე იწყება სამუშაოები, რომლებსაც სჭირდება ზედამხედველობა, რადგან ნიადაგიც და წყალიც სპეციფიკურია და სჭირდება დაკვირვება მუშაობის პროცესში.

რაც შეეხება სამუშაოებს, პირველი ეტაპი არის ძირითადი მოწესრიგება და მცენარეული ლაქების ჩაყრა, რათა სწრაფად გაიზარდოს დიდტანიანი ხეები. შემდეგ ეტაპებზე კი კეთდება მიკრო ზონები, დეკორები და ა.შ

– რამდენად მნიშვნელოვანია, ლანდშაფტის დიზაინის შექმნისას შენარჩუნდეს ბუნებრივი ფორმები?

ჩემი პოზიცია ასეთია – მნიშვნელოვანია, არ დაინგრეს, არ მოიჭრას და არ გაფუჭდეს მოცემულობა. რაც ცუდია, იმას ისტორია ვერ ინახავს – ის თავისთავად მოისპობა დროსთან ერთად, ხოლო თუკი ჩვენ ხელოვნურად ვანგრევთ რაღაცას, იმის აღდგენა ვეღარ ხერხდება. ხშირად, ბაღის შექმნისას ბუნებრივ ლანდშაფტს უბრალოდ ასწორებენ და შემდეგ რგავენ მცენარეებს. ჩემთვის კი ბუნებრივი ფორმები მნიშვნელოვანია – მათი მცირედად მოწესრიგების შემდეგ ამ ფორმებს მივყვები და მათი კარნახით ვქმნი დიზაინს.

– როგორია ბაღის ცნება საქართველოში?

ჩვენ ამ ყველაფერში ადრე გამოცდილება ნაკლებად გვქონდა. კომუნისტების დროს ბაღი და პარკი შემოიფარგლებოდა საზოგადოებრივი, სარეკრეაციო ზონებით. ინდივიდუალური ბაღის ცნება არ არსებობდა. ეს შეიძლებოდა შეგვხვედროდა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენიანი მიწა შესაძლებლობას აძლეოდა, იქაურ ხალხს ყვავილებით მოერთოთ სახლის წინ არსებული მწვანე მოლი. იქ თითოეული ახალი მცენარე ახალი ხილივით იყო და მეზობლები სულ გადარგვა-გადმორგვაში იყვნენ. ამის საპირისპიროდ, კახეთისკენ, სადაც უფრო მშრალი ჰავაა, სახლები ქუჩის პირებზეა აშენებული და ეზოები შიგნით იხსნება. თუმცა, ამ ეზოებშიც ძირითადი ნაწილი აგრარულ საქმიანობას უკავია და არა ბაღებს. თუკი ზოგადად მცენარის გახარება ვინმეს სურდა, ამას სასაფლაოებზე აკეთებდნენ – კომუნისტების პერიოდშიც კი სასაფლაოები, ასე ვთქვათ, ბაღებად იყო ქცეული.

– და ბოლოს, როგორ შეიცვალა ვითარება დღეს – რა მოცემულობაა ახლა?

დღეს ხალხის მხრიდან სერიოზული მოთხოვნაა გამწვანებაზე – ამ ცხოვრების სტილმა, ამ ყოფამ და გაუაზრებელმა მშენებლობებმა, ასფალტმა და ბეტონმა მოსახლეობა დაღალა. საზოგადოებამ უკვე ბუნებისკენ გაიხედა და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მოთხოვნილებაა მათი მხრიდან, რადგან ყველა ბუნების შვილები ვართ – იქიდან წამოვედით და აუცილებლად იქ დავბრუნდებით.

ტური ამერიკელი ფეხბურთელის, დენი ამენდოლას სახლში

ქართული სტენდის დიზაინი კიოლნის გამოფენაზე – ლივინგსტონისა და THE WALL Design Studio-ს ერთობლივი ნამუშევარი