in

ინტერიერები “მწვანე ქალაქი ლისიდან”: ლაშა შავდათუაშვილის ვილა

ეს ვილა “მწვანე ქალაქი ლისის” ვილების უბანში მდებარეობს და მის ინტერიერზე დიზაინერმა თამუნა კანდელაკმა იმუშავა. პროექტი აერთიანებს სიმარტივეს, ბუნებრიობასა და იმ მშვიდ ენერგიას, რაც მყუდრო ოჯახურ სივრცეს სჭირდება. სახლი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილისთვის შეიქმნა, გამოხატავს როგორც მეპატრონის ცხოვრების წესს, ისე შინაური სითბოსა და ჰარმონიისკენ სწრაფვას.

სპორტსმენის ცხოვრება ყოველდღიურ შრომას, დისციპლინასა და აღდგენას მოითხოვს. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახლი არ იყოს მხოლოდ დასასვენებელი ადგილი — არამედ სრულად ფუნქციური სივრცე, სადაც თავს ვგრძნობთ ენერგიულად, უსაფრთხოდ და მშვიდად,” – ლაშა შავდათუაშვილი

მისაღები ოთახი დიდი და ნათელია — თბილი ფერებით, ხის ფაქტურებითა და ვიტრაჟული ფანჯრებით, რომელთა საშუალებით სივრცე ივსება ბუნებრივი სინათლით. ინტერიერის ატმოსფერო გამჭვირვალე და მშვიდია, თითქოს ყოველი დეტალი — ქსოვილი, მასალა თუ ავეჯის ფორმა — მიანიშნებს შინაურ სითბოსა და სიმყუდროვეზე. აქ გაერთიანებულია დიზაინისა და ცხოვრებისეული ჩვევების ბუნებრივი ბალანსი: ეს ის ადგილია, სადაც ოჯახი იკრიბება, სადაც ჩნდება კომუნიკაციისა და დასვენების ნამდვილი კომფორტი.

სახლში გვხვდება დახვეწილი და ფუნქციური სამზარეულო. ეს არის სისუფთავითა და გეომეტრიული ხაზების დისციპლინით შექმნილი გარემო, სადაც ყოველი დეტალი პრაქტიკულ მიზანს ემსახურება. შავი ფერის სამუშაო ზედაპირები და კუნძული მინისა და ნათელი კედლების ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ხოლო თბილი განათება კედელზე ხაზგასმულ ელემენტებს არტისტულ იერს სძენს.

ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ელემენტი ფუნქციურად სრულყოფილი სავარჯიშო დარბაზია, რომელიც უშუალოდ სახლშია განთავსებული. ამასთან ერთად, მოწყობილია საუნაც — სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მეპატრონეს, მისი სპორტული რეჟიმი მოერგოს ყოველდღიურ ცხოვრებას ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე.

დრო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია. სახლში არსებული სავარჯიშო დარბაზი საშუალებას მაძლევს, არ დავკარგო საცობებში საათები, უკეთ ვმართო დღე და მეტი დრო გავატარო ჩემს ოჯახთან ერთად,” – აღნიშნავს ლაშა

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ეზო — დიდი, მწვანე და სიცოცხლით სავსე ტერიტორია, რომელიც იქცა ოჯახის საყვარელ თავშესაფრად. ხეებსა და მცენარეებს თავად სახლის მეპატრონე უვლის, რაც სივრცეს არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ემოციურ ღირებულებასაც სძენს. აქ ბავშვები თამაშობენ, უფროსები ისვენებენ, და გარემო, თითქოს თავისთავად, ქმნის ბუნებასთან შერწყმული ცხოვრების სილამაზეს.

თამუნა კანდელაკის დიზაინერული მიდგომა ამ პროექტში მკაფიოდ გამოხატავს სრულ თანხვედრას ფუნქციონალურობასა და ემოციურობას შორის. სივრცე არა მხოლოდ ელეგანტური და მშვიდია, არამედ კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესზე მორგებული. ეს არის ადგილი, სადაც არქიტექტურა და ყოველდღიურობა ერთ მთლიან ისტორიად იქცევა.

ფოტოგრაფი: ლაშა გიგაური

კიკეთის ფერმაში ახალი სასტუმროები გაიხსნა

ბორცვზე მდებარე სახლი პორტუგალიაში – SIA arquitectura-ს პროექტი