in

მე-20 საუკუნის 10 უკვდავი ინტერიერი

მე-20 საუკუნე დიზაინის სამყაროში იყო ახალი იდეოლიგიის პერიოდი შენობის ფორმის, მასალისა და კვლევის მხრივ. ასევე ამ პერიოდში აღორძინდა მოდერნისტული მოძრაობა არქიტექტურაში და სწორედ ამ დროის არქიტექტორების ექსპერიმენტებით მივიღეთ ის ინტერიერის სივრცეები, რომელსაც დღეს “კლასიკად” მოვიხსენიებთ.

ამ პერიოდის საცხოვრებელი ინტერიერები გვთავაზობენ გარკვეულ იდენტურობასა და მანერას, ასევე ცხოვრების ახალ სტილს. არქიტექტორები ხშირად იყენებენ თავიანთ შექმნილ ავეჯს და სივრცის დამახასიათებელ დაგეგმარებას.

გთავაზობთ რამდენიმე ასეთ პროექტს, რომელიც დღემდე უდიდესი ინსპირაციაა თანამედროვე არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის.

ტადაო ანდო – Koshino House

ვიწრო ვერტიკალური ღიობებით და გარე კიბის საინტერესო გეომეტრიით შექმნილი განათება არქიტექტორის ერთგვარი ხელწერაა. ინტერიერი დაცლილია ყველანაირი დეკორისგან, ჭარბობს ხე და ბეტონი. დიზაინისთვის დამახასიათებელია ასევე მინიმალისტური იაპონური ავეჯი.

ალვარ აალტო – Villa Mairea

აალტოს ეს პროექტი ერთგვარი გადასვლაა ტრადიციულიდან უფრო მოდერნისტულ არქიტექტურაში. შესასვლელიდან შიდა სივრცეებამდე იატაკის ფერი იცვლება და ხდება უფრო მყუდრო და ინტიმური, რასაც ემატება ხალიჩების, ხისა და ქვის მასალის კომბინაცია. ხის კოლონები იმიტაციაა არყის ხეების, რომელიც გარს არტყავს შენობას.

ლინა ბო ბარდი – Glass House

Glass House იგივე შუშის სახლი ბრაზილიის მოდერნისტული არქიტექტურის ყველაზე ცნობილი მაგალითია. სახლი მდებარეობს ქანობზე და დაყოფილია ორ განსხვავებულ ნაწილად – ერთი ნაწილია გამჭვირვალე სასტუმრო და სასადილო ოთახი, მეორე კი საძინებლები ზედა სართულზე, რომელიც უფრო განცალკევებით მდებარეობს.

გიო პონტი – Villa Planchart

სახლის სივრცე არქიტექტორის მიერ ისე არის დაორგანიზებული, რომ ყველა კუთხიდან შეიძლება სხვა სივრცეების დანახვა, დამკვეთის ერთ-ერთი მოთხოვნაც ეს იყო. სხვადასხვა სიმაღლის ჭერით და საგულდაგულოდ დამუშავებული სქემით, პონტიმ მარტივად შეძლო თანმიმდევრული დაგეგმარების შექმნა.

რიჩარდ ნოიტრა – Kaufmann House

სახლის გეგმარება ტრადიციულისგან განსხვავებულია, სასტუმრო ოთახი მოქცეულია შუაში ხოლო საძინებლები კიდეებზე, ერთმანეთს კი უკავშირდებიან ტერასებითა და გალერეებით. შუშა და ხე სახლს სიმსუბუქესა და გამჭვირვალობას სძენს, ქვა კი ეხმარება კარგად შეერწყას ლანდშაფტს.

ლე კორბუზიე – Villa Roche

კორბუზიეს ინსპირაცია ამ სახლის დაპროექტებისას აკროპოლისში ვიზიტი გახლდათ. ვესტიბიული ცენტრშია მოქცეული, ოთახები კი კიდეში. ერთი სივრციდან მეორეში კი იერარქიულად გადავდივართ. ინტერიერში ბევრი ფერია გამოყენებული – მუქი ნაცრისფერი, ლურჯი ვარდისფერი, რომელიც ძალიან კონტრასტულია სრულიად თეთრ ფასადთან.

ჩარლზ და რეი იმსები – Eames House

იმსებმა ეს სახლი შექმნეს Case Study Program-ისთვის. შედგება ორი კუბისგან და შიდა ეზოსგან, რომელიც მათ აკავშირებს. სახლში ორი დონეა და ვხვდებით განათების საინტერესოდ გამოყენებას დიზაინერების ცნობილ ავეჯთან ერთად .

რიჩარდ მეიერი – Douglas House

სახლი გამოირჩევა არასტანდარტული გეგმარებით, მაცხოვრებლები გამოდიან პირადი სივრცეებიდან პირდაპირ საერთო სივრცეში, სადაც მიჩიგანის ტბის გასაოცარი ხედებია. პროექტში ჭარბად არის გამოყენებული რიჩარდ მეიერის საყვარელი თეთრი ფერი, გეომეტრიული ნახატები და დიდი შუშის ვიტრაჟები, რაც სეზონის ცვლილებასთან ერთად სახლს ძალიან განსხვავებულ იერსახეს ანიჭებს.

მის ვან დერ როი – The Farnsworth House

მის ვან დერ როი ყოველთვის ტრადიციული სივრცის მოწყობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ამ სახლის შემთხვევაში ჰყავდა დამკვეთი ვისაც სწორედ ტრადიციული სახლი სურდა. მიუხედავად ამისა, ეს შენობა ალბათ ერთ-ერთი მინიმალისტური არქიტექტურის კარგი მაგალითია. შუშის კვადრატული შენობა ჩაფლულია მწვანე გარემოში, შენობის ბირთვი ცენტრშია, გარშემო კი ოთახებია განთავსებული.

ალვარ აალტო – Maison Louis Carré

ცნობილი ავეჯი და სანათები, რომელსაც პროექტში ვხვდებით სწორედ ამ ინტერიერისთვის შეიქმნა. როგორც მის სხვა პროექტებში, ალვარ აალტოს დიზაინით გაკეთდა ბაღიც, რომელიც შენობას აქვს. 

 

წყარო და ფოტოები: Archdaily

შიგერუ ბანის ტოკიოს გამჭვირვალე ტუალეტები

Pantone-ის გენიალური გამოგონება რეალური სამყაროდან ფერების ციფრულ სამყაროში გადასატანად