in

ბავშვობაში აღმოჩენილი საყვარელი პროფესია – ინტერვიუ მეგი დევაძესთან

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ინტერიერის დიზაინერი მეგი დევაძეა, რომელმაც ბავშვობიდანვე გადაწყვიტა, ხელოვნების სფეროს გაჰყოლოდა და ინტერიერის დიზაინერი გამხდარიყო. როგორც თავად გვიყვება, მცირე ასაკიდანვე იზიდავდა  სივრცის მოწყობა და მომხიბვლელი ნივთების შექმნა. დღეს უკვე საკუთარი სტუდია აქვს და წარმატების ისტორიას ჩვენს მკითხველს უზიარებს.

მეგი, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

მათემატიკოსების ოჯახში დავიბადე. მამაჩემს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ჩემს მათემატიკურ ნიჭს შესაბამისად გამოვიყენებდი. მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც მე-8 კლასში გამოვუცხადე, ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვაპირებ ჩაბარებას-მეთქი. უნდოდა, გადაწყვეტილება შემეცვალა, მაგრამ ხელოვნებისადმი სიყვარულმა გადაწონა. კარგად მახსოვს, ბავშვობიდანვე ვცდილობდი, სახლში ჩემი კუთხე მომეწყო, ვაკეთებდი დივნებს, ტორშერებს, მაგიდებს ჩემი სივრცისთვის. ალბათ, სწორედ იმ დროს ჩამოყალიბდა ჩემში დიზაინერი, რომელიც სიმყუდროვის, კომფორტისა და სილამაზის შექმნაზე ზრუნავდა.

მოგვიყევით, სად მიიღეთ განათლება და როგორ წარიმართა თქვენი პროფესიული გზა.

როცა სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე საბუთების შესატანად მივედი, განგებამ ტარიელ ქუთათელაძეს შემახვედრა. მან არქიტექტურაზე ჩაბარება მირჩია: მითხრა, საუკეთესო დიზაინერი მაშინ იქნები, თუ არქიტექტურაც გეცოდინებაო. ეს იყო საუკეთესო რჩევა ჩემს ცხოვრებაში, რომლისთვისაც დღემდე მადლობელი ვარ. ეს საუცხოო პიროვნება, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის.

აკადემიაში სწავლის პერიოდში სამი შვილი შემეძინა. ამის მიუხედავად, მაინც ყველა ლექციას ვესწრებოდი, ვცდილობდი, სრულყოფილი ცოდნა მიმეღო.

რესტორნის პროექტი მცხეთაში

ვინაიდან სამი მცირეწლოვანი შვილით საზღვარგარეთ სწავლას ვერ შევძლებდი, პროფესიული განვითარებისთვის იმ დროისათვის ხელმისაწვდომ ონლაინკურსებს გავდიოდი. დღევანდელთან შედარებით, 18 წლის წინ ნაკლები შესაძლებლობები გვქონდა, ინტერიერის დიზაინერად მუშაობა კი ურთულესი იყო, რადგან არანაირი მასალა არ არსებობდა. გარდა ამისა, ხელოსნებიც ვერ მოგვყვებოდნენ იდეის განხორციელებაში, ამიტომ პრობლემებთან გამკლავება თავად გვიწევდა და მათ როლსაც ჩვენ ვირგებდით. იმ პერიოდში კერძო შეკვეთებს ვასრულებდი, თუმცა, მარტო მუშაობა არასდროს მიზიდავდა. ამიტომაც გადავწყვიტე, კომპანია „ფორტისი“ დამეარსებინა (ეს სიტყვა ლათინურად „სიძლიერეს“ ნიშნავს). ჩემი მთავარი მიზანი იყო, პროფესიონალი დიზაინერებით დაკომპლექტებული კომპანია შემექმნა. მიზნის განსახორციელებლად გვერდით საუკეთესო ადამიანები დავიყენე, ჩემი მეგობრები – მარიკა ბეროშვილი და ნინო გოგილიძე. პარალელურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერულ დიზაინს ვასწავლიდი და საუკეთესო სტუდენტებს ჩემს სტუდიაში ვასაქმებდი. ასე შეიქმნა კომპანია „ფორტისი“, რომელიც ქართული არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის განვითარებაში თავისი პატარა წვლილის შეტანას ცდილობს.

ქართული არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სივრცე ახსენეთ. როგორ დაახასიათებდით მას? 

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ამდენი ნიჭიერი არქიტექტორი და დიზაინერია. როგორც უკვე აღვნიშნე, უწინ ინტერიერზე მუშაობა, არაერთი ფაქტორის გამო, ურთულესი საქმე იყო. ახლა, საბედნიეროდ, თითქმის ყველაფრის შექმნაა შესაძლებელი. იხვეწებიან ხელოსნებიც, რომლებიც, ჩვენ მიერ შექმნილ სილამაზეს ფრთებს ასხამენ. ბოლო პერიოდის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დიზაინის სფერო აშკარად ვითარდება. ვიმედოვნებ, მალე ნიჭიერი ქართველი არქიტექტორების მიერ შესრულებული პროექტების განხორციელების მასშტაბიც, დიზაინერების ნამუშევრების მსგავსად, გაიზრდება.

კერძო სახლი ტაბახმელაში

რას იტყოდით ქართველ დამკვეთებთან ურთიერთობაზე? რას ითხოვენ ისინი ინტერიერის დიზაინერებისგან?

უკვე აღვნიშნე, რომ ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, რადგან უამრავი განსხვავებული სივრცე შენდება, ყველა ადამიანს კი საკუთარი სურვილები აქვს, რომელთა ზედმიწევნით განხორციელება დიზაინერის გარეშე თითქმის შეუძლებელია. საბედნიეროდ, დღეს აღარ შენდება სტანდარტული ბინები – ერთნაირი გეგმარებით, ერთი ტიპის ავეჯითა და განათებით.

დამკვეთთან ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა. ქართველი დამკვეთი საკმაოდ მომთხოვნია, რადგან ფიქრობს, რომ დიდ თანხას იხდის. მისი აზრით, დიზაინერები ჯადოქრები ვართ და არასდროს არაფერი უნდა შეგვეშალოს. თუმცა, ცხადია, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ობიექტს, რომელზეც ვმუშაობთ, ტექნიკური ხელმძღვანელი ჰყავდეს, რომელიც თითოეული დეტალის დიზაინერის ჩანაფიქრის მიხედვით შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ვფიქრობ, ჩვენი კომპანია იმით გამოირჩევა, რომ თითქმის ყველა ტიპის სტილზე ვმუშაობთ. მოთხოვნა დიდია ნეოკლასიკაზე, მინიმალიზმზე, ასევე, დამკვეთს ხშირად სურს შერეული სტილის გამოყენებაც.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს შემოქმედებაში მთავარი და რა ხდება ხოლმე თქვენი შთაგონების წყარო?

მუშაობის პროცესში, უპირველესად, იმ ადამიანს ვითვალისწინებ, ვისთვისაც ინტერიერს ვქმნი. ვცდილობ, მაქსიმალურად მივყვე დამკვეთის მოთხოვნებს ისე, რომ თავი საკუთარი სივრცის შემოქმედად ვაგრძნობინო. ადამიანის გაბედნიერება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

რაც შეეხება შთაგონებას, მას ნებისმიერი დეტალისგან ვიღებ. შეიძლება ქუჩაში მივდიოდე და რაღაც ისეთს მოვკრა თვალი, რაც შემდეგ დიზაინში გარდაისახება.

რას იტყოდით თქვენს ნამუშევრებსა და სამომავლო გეგმებზე? 

უცნაურია, მაგრამ ყველა ნამუშევრის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის განცდა მეუფლება. ყოველთვის ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. ამიტომ, ალბათ, ვერცერთ ნამუშევარს ვერ გამოვარჩევ. ინდივიდუალური მუშაობის გარდა, გუნდთან ერთადაც ვქმნი პროექტებს. ვფიქრობ, მათზე იმდენად ნიჭიერი დიზაინერები მუშაობენ, რომ თითოეული თავისებურად გამორჩეულია.

ჩვენს კომპანიაში დაახლოებით 16 არქიტექტორი და დიზაინერია, შესაბამისად, ყოველთვის უამრავი პროექტი გვაქვს. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ჩვენი დიზაინი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის სივრცეებს დაამშვენებს. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, თუმცა, მთავარია მონდომება.

კერძო სახლი წავკისში

რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს?

ინტერიერის დიზაინის შექმნა მხოლოდ ნივთებისა და ფერების შეხამება არ არის. ყველა დიზაინერი დამეთანხმება, რომ ეს ურთულესი პროცესია. დიზაინერის გარდა, ერთდროულად ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, სანტექნიკოსი და ინჟინერი უნდა იყო. თუმცა, ის შეგრძნება, როცა შენ მიერ ჩაფიქრებულ პროექტს განხორციელებულს ხედავ და დამკვეთის ბედნიერებით ტკბები, იმდენად საოცარია, რომ შემდგომში ენერგიად გარდაიქმნება. ეს ემოცია ძალიან დიდი ხნის  განმავლობაში მიგყვება და გასაზრდოებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ შევარჩიოთ პრემიუმ-კლასის მაცივარი?

„VitrA“-სა და „MERLONS“-ის მიერ შემოთავაზებული 2023 წლის ტრენდული ფილები