in

რა ღირს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება საქართველოში?

ყველა ადამიანს სურს, ჰქონდეს იდეალური სახლი – რომ ინტერიერი შეესაბამებოდეს მეპატრონის ხასიათს, გატაცებებს, გემოვნებას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ერგებოდეს წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ პროფესიონალი დიზაინერის მომსახურება საკმაოდ მოთხოვნადია თანამედროვე მსოფლიოში. საინტერესოა, რა ჯდება ეს სერვისი საქართველოში? თუ თქვენ დიზაინ სტუდიების ოფიციალურ ვებ გვერდებს გადახედავთ, ამ კითხვაზე პასუხს ვერსად იპოვით. ინტერნეტ საძიებო სისტემაში კი შეგიძლიათ იპოვოთ ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ კონკრეტულ ციფრებს ვერც აქ ნახავთ. სწორედ ამიტომ, ამ მისიის შესრულება ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ და ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად მოვაგროვეთ. თუმცა, სანამ ფასებზე გადავალთ, დავიწყოთ სულ თავიდან…

რაში გვჭირდება ინტერიერის დიზაინერი?

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთ-ერთი წამყვანი პროფესიაა, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, თუ რა საჭიროა ფულის გადახდა “რამდენიმე რჩევასა” და “რაღაც ნახაზებში”, როდესაც ბინაში ავეჯისა და ნივთების განთავსება თავადაც შეგვიძლია? ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების მეპატრონეს გააჩნია ცოდნა აღნიშნულ სფეროში და ასევე უზადო გემოვნება, მაშინ მას ნამდვილად შეუძლია საკუთარ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა. თუმცა, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ დიზაინერული ხელოვნების ათვისება არც ისე მარტივი საქმეა, ვინაიდან დიზაინ პროექტის მომზადება და შემდგომ მისი განხორციელება უდავოდ შემოქმედებითი პროცესია, რაც გარდა პროფესიული უნარებისა, გამორჩეულ ნიჭსა და ხედვას მოითხოვს.

რას გულისხმობს პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის მომსახურება? 

  • სივრცის გეგმარება – როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, გეგმარება დიზაინის 70%-ს შეადგენს და ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია, ვინაიდან სწორედ ამ დროს ხდება მომავალი პროექტის მთავარი მონახაზის შექმნა.
  • ავეჯისა და მოწყობილობების დაგეგმვა – იმისთვის, რომ დიდი ოთახი ცარიელი არ გამოჩნდეს, პატარა სივრცე კი ზედმეტად გადატვირთული არ იყოს, აუცილებელია სწორი გათვლები, რაც მხოლოდ პროფესიონალს ხელეწიფება.
  • ვიზუალურ მასალებში წარმოდგენილი ნივთების მოძიება – პროფესიონალი დიზაინერი შეძლებს პროექტში ასახული ავეჯის, სანათებისა და დეკორის ელემენტების არა მხოლოდ საერთო კომპოზიციაში გაერთიანებასა და ნახაზებში ინკორპორირებას, არამედ, რაც მთავარია, მათ მოძიებას მოძიებას ბაზარზე.
  • პროექტის ზედამხედველობა – ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ დიზაინერი არ აკონტროლებს საკუთარი პროექტის მიმდინარეობის პროცესს, მიღებული შედეგი აუცილებლად განსხვავებული იქნება პირვანდელი ჩანაფიქრისგან.

რა ფაქტორები ახდებს გავლენას დიზაინერის მომსახურების საფასურზე?

  • შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა – შესასრულებელი დავალებების რაოდენობასა და სირთულეს თავად დამკვეთი განსაზღვრავს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე, პროექტის შემუშავება ან სრული პროცესის მართვა, დაწყებული გეგმარებითა და დასრულებული რემონტის მიმდინარეობის ზედამხედველობით. შესაბამისად, რაც უფრო მასშტაბურია დიზაინერის მიერ შესასრულებელი სამუშაოს რაოდენობა, მით უფრო მაღალი იქნება საფასური.
  • პროექტის ფართობი – დიზაინ პროექტის საფასური ითვლება კვადრატული მეტრების რაოდენობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ორ ოთახიანი ე.წ. “ხრუშჩოვკის” ტიპის ბინის დიზაინ პროექტი უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე 3 საძინებლიანი აპარტამენტების. თუმცა, რაც უფრო დიდია სივრცე, მით უფრო კარგი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. 100 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის პროექტებზე როგორც წესი, სტანდარტულზე ნაკლები ტარიფი მოქმედებს.
  • პროფესიონალიზმი – გამოცდილი დიზაინერი, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ბუნებრივია, საკუთარ საქმეში იმაზე მეტს იღებს, ვიდრე დამწყები პროფესიონალი. ამაში გასაკვირი არაფერია. ბუნებრივია, რომ კარიერის დასაწყისში ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს უღირს შედარებით დაბალი ტარიფით მუშაობა. ამ შემთხვევაში “იაფი” პირდაპირ არ უდრის ცუდს. სწორედ ამიტომ, დიზაინერის შერჩევისას მთავარია, თქვენ იცოდეთ ზუსტად, თუ რა გსურთ და რამდენს გასწვდება თქვენი ბიუჯეტი.

რატომ არ ღირს “იაფიან” დიზაინერთან თანამშრომლობა? 

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ დარგის სპეციალისტს, არქიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერ ნატალი ღუდუშაურს მივმართეთ. როგორც ნატალი განმარტავს, ხშირად ქართველ დამკვეთს აქვს მოლოდინი, რომ დიზაინ მომსახურების სრულ პაკეტს 8-10 დოლარის ფარგლებში მიიღებს, რაც საკმაოდ აცდენილია დღევანდელ რეალობას. დიზაინერის თქმით, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ არ გამოდის იაფად შესრულებული დიზაინი კარგი, აუცილებელია სწორად გვესმოდეს, თუ რას გულისხმობს პროფესიონალის ჩართულობა ამ საქმეში.

თუ გსურთ, თქვენს საკუთრებაში არსებული ბინა, კერძო სახლი, რესტორანი, სასტუმრო ან თუნდაც მაღაზია გქონდეთ სწორად დაგეგმარებული საკმარისი რაოდენობის ჩამრთველებით, კარგი განათებით, თქვენზე მორგებული ავეჯითა და თქვენს მოთხოვნებზე გათვლილი კომფორტით, საჭიროა ბევრი სხვადასხვა სისტემატური ნაბიჯის გადადგმა. პირველ რიგში, ეს არის თქვენი მოთხოვნილებების, სურვილებისა და ჩვევების დეტალური აღმოჩენა და შესწავლა. გიყვართ მზესთან ერთად ადგომა? თუ გვიანობამდე მუშაობთ და გსურთ, დილამ თქვენ გარეშე ჩაიაროს? პირველ შემთხვევაში პროფესიონალი დიზაინერი შემოგთავაზებთ ე.წ. ჭკვიან ფარდებს, რომლებიც მზის ამოსვლასთან ერთად გადაიწევა, ხოლო მეორე შემთხვევაში – სქელ, რამდენიმეშრიან ფარდებს ან სულაც საძინებელს ბინის ჩრდილოეთ მხარეს მოაქცევს.

იაფფასიანი დიზაინერი დაგიკარგავთ ძვირფას კვადრატულ მეტრებს, გაგიჩენთ არასაჭირო ლაბირინთებს სივრცეში და თქვენივე სახლსა თუ რესტორანში არიადნას ძაფით მოგიწევთ სიარული.

შემდეგ მოდის ავეჯის და მოწყობილობების გეგმარება. გიყვართ მეგობრების მიღება და ქეიფი? მაშინ გრძელი სასადილო მაგიდა და რამდენიმე ფართო დივანი დაგჭირდებათ. კარგ პროექტში ასევე აუცილებლად შედის ელექტროობისა და წყალგაყვანილობის ნახაზები. გაიხსენეთ რამდენჯერ გინატრიათ დამატებითი ჩამრთველი სამუშაო მაგიდასთან? კარგი დიზაინერი გაითვალისწინებს, რამდენად გიყვართ საღამოობით წიგნის კითხვა და დამატებით სანათს დადგამს თქვენს საყვარელ კუთხეში. არაპროფესიონალი დიზაინერის შემთხვევაში კი წინასწარვე მოიმარაგეთ დამაგრძელებლები და სიმშვიდე, ორივე დიდი ხნით დაგჭირდებათ.

სტილი და ფერები თქვენი ბურთი და მოედანია, მთავარია დიზაინერმა თქვენი აზრები და “Pinterest”-ში შექმნილ ბორდში შეტანილი მილიარდობით სურათი ერთ კონცეფციაში მოაქციოს. საკუთარი საქმის პროფესიონალი (ანუ ,,ძვირიანი”) დიზაინერი ამ ყველაფერს “დავარცხნის”, დაგილაგებთ სურვილებს და დაბალანსებულ შედეგს მოგცემთ.

კარგია თუ ავეჯს გამზადებულს იყიდით, თუმცა სულ მინიმუმ სამზარეულოს რა ვუყოთ? განსაკუთრებით გურმანებმა კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტული სამზარეულო, საკმარისი ოდენობის უჯრები, თაროები, სათავსო, ზედაპირი, რომელიც დანის მრავალ ჩამოსმასა და ცხელი ჩაიდნის ბევრჯერ დადგმას გაუძლებს. კარგი დიზაინერი მოგცემთ თქვენზე მორგებული ავეჯის ნახაზებს და გირჩევთ სწორ მასალებს.

რენდერებიც აუცილებლად იქნება, ოღონდ ცუდი დიზაინერი ,,ლამაზ” ინტერიერს დაგიხატავთ, შიგნით ჩასმულ ავეჯს კი სავარაუდოდ ვერსად მოძებნით, მაგრამ რაც მთავარია, დიზაინერზე დაზოგეთ თანხა. რაც შეეხება ავეჯს, რა გაეწყობა, ამიერიდან ეს თქვენი თავსატეხია.

ეს ჩამონათვალი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება არის დიდი შრომისა და კომპლექსური აზროვნების შედეგი. შესაბამისად, თუ გსურთ მიიღოთ ხარისხიანი და საინტერესო სივრცე (და დაზოგოთ დრო და ნერვები), ეკონომიის გაკეთება ამ მხრივ ნამდვილად არ ღირს,” – ნატალი ღუდუშაური

და მაინც, რა ჯდება ინტერიერის დიზაინერის მომსახურება საქართველოში?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი ტიპის მომსახურებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. შესაბამისად, კონკრეტული ერთი ციფრი არ არსებობს, თუმცა ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დიზაინ პროექტის საშუალო ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე 20$-დან 30$-მდე მერყეობს.

ჩვენი მკითხველის ინტერესის სრულად დაკმაყოფილებისთვის, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ქართული დიზაინ სტუდიის მომსახურების საორიენტაციო ფასები 1 კვადრატულ მეტრზე:
რუსუდან თუმანიშვილი – დიზაინ სტუდია The Wall – 50-60$
მედეა მაზანი, არქიტექტურული სტუდია Medusa – 50$ (50-100 კვ/მ – 40$, 100 – 200 კვ/მ – 35$, 200-400 კვ/მ – 30$)
თაკო უნდილაშვილი, დიზაინ სტუდია Accent by her – 30-40$
გიორგი ზაუტაშვილი, დიზაინ სტუდია R-312 – 25-50$

ავსტრალიელი არქიტექტორის სახლი ძველი სასახლის თანამედროვე შენობაში

დუპლექსის რეკონსტრუქცია პრაღაში – esté architekti-ს ნამუშევარი