in

როგორ შევქმნათ ფუნქციური და კომფორტული ინტერიერი – თინათინ ძირკვაძის რჩევები

სახლი ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ჩვენს საცხოვრებლებში ვატარებთ დროის უდიდეს ნაწილს, ამიტომ, ბუნებრივია, მისი კეთილმოწყობა, ინტერიერის დიზაინის ჩვენს გემოვნებასა და ცხოვრების სტილზე მორგება უმნიშვნელოვანესია. გთავაზობთ სტუდია “Tinatin”-ის დამფუძნებლის,  ინტერიერის დიზაინერის, თინათინ ძირკვაძის რჩევებს ეფექტური და პრაქტიკული ინტერიერის შესაქმნელად:

„საცხოვრებელი ფართის დიზაინის მოფიქრება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. თუ გადაწყვიტეთ, ამ პროცესს თავად შეეჭიდოთ, გირჩევთ, წინასწარ კარგად მოემზადოთ, არ იჩქაროთ და კარგად გაიზროთ, რა შედეგის მიღება გსურთ.

ინტერიერის დიზაინზე მუშაობის დროს შთაგონებისა და იდეებისთვის ხშირად ინტერნეტში ვეძებთ ფოტოებს, ნანახი ინტერიერების გამეორების სურვილმა კი შეიძლება უფრო დაგვაბნიოს და შეცდომაში შეგვიყვანოს. არ აღიქვათ ვებ-გვერდებზე ნანახ ფოტოებზე ასახული ინტერიერი თქვენი ბინისთვის იდეალურად, რადგან ყველა ბინა ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია თქვენი ბინის მახასიათებლები – მაგალითად ჭერის სიმაღლე, ფანჯრების განლაგება და ფორმა, ხედი ფანჯრებიდან და აშ.. ინტერიერის ის შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებსაც ინტერნეტში ვნახულობთ, პროფესიონალების მიერაა გადაღებული და ხშირად მცდარ ილუზიებს გვიქმნიან – არ უნდა ვიფიქროთ, რომ იმავე დეტალების გადმოტანა ჩვენს სივრცეში იმავე ეფექტს მოახდენს.

როდესაც ბინის დაგეგმარებას ვიწყებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ სად ვატარებთ ყველაზე მეტ დროს. საქართველოში ხშირად შეხვდებით დიდ სასტუმრო ოთახებს, თუმცა შეამჩნევთ, რომ ოჯახის წევრები დღის ყველაზე დიდ ნაწილს მცირე ზომის სამზარეულოებში ატარებენ. სწორედ ამიტომ, უშუალოდ ტიხრების დაგეგმვაზე სანამ გადახვალთ, სახლის პრაქტიკულობისთვის აუცილებელია ჩამოყალიბდეთ, რომელი ოთახებია თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული, სად გრძნობთ ყველაზე მყუდროდ თავს და ასეთ სივრცეებს მეტი ფართი გამოუყოთ.

თუ თქვენს ბინაში მისაღები ოთახი მულტიფუნქციურია და  გაერთიანებულია სამზარეულოსთან, გირჩევთ არჩევანი ნეიტრალურ ფერებზე შეარჩიოთ. ასეთი ფერებია თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი… – ტონები, რომლებიც თვალისთვის გამაღიზიანებელი არ არის. ასეთ პასტელურ ფერებთან კონტრასტის შესაქმნელად ინტერიერში შეგვიძლია შავის, მუქი ნაცრისფერის, ხის ტონალობების შემოტანა, რაც ოთახს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და მას სახასიათო, გამორჩეულ ვიზუალს მიანიჭებს. საძინებელი ოთახები ბევრად ინტიმური სივრცეებია, ამიტომ აქ შეგვიძლია უფრო მსუყე ფერები გამოვიყენოთ და მეტი ექსპერიმენტი ჩავატაროთ.

ინტერიერისთვის შინაურული ელფერის მისაცემად ხშირად ვიყენებთ ხალიჩას, ტრადიციულ დეკორაციას. ხალიჩა არის ოთახის ზონირების კარგი საშუალება, ამიტომ ზუსტად უნდა შევარჩიოთ მისი ზომა. სასურველია, რომ ის დასაჯდომ სივრცეს ერგებოდეს და საჭიროების მიხედვით მას სცდებოდეს კიდეც. თუ ხალიჩას ინტერიერის დიზაინის გამახალისებელი ფუნქციით ვიყენებთ, შესაძლოა შევარჩიოთ გრაფიკული, ფერადი ხალიჩა, ხოლო თუ მას სახლში მყუდრო ატმოსფეროს შემქმნელის დატვირთვას ვანიჭებთ, შეგვიძლია ერთი ფერის გრადაციის მქონე ხალიჩაზე შევაჩეროთ არჩევანი.

სხვადასხვა გარემო სხვადასხვა ტონალობის სინათლეს ითხოვს. განათების შერჩევისას მნიშვნელოვანია სივრცის ფუნქციის გათვალისწინება. გირჩევთ, ინტერიერში სხვადასხვა ტიპის სანათები გამოიყენოთ – წერტილოვანი, ცენტრალიზებული, იატაკზე დადებული ტორშერები, მაგიდის სანათები და ა.შ. არ იყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთი განათების წყაროზე – ასე თქვენს ბინას უფრო უნიკალურსა და არაორდინალურს გახდით.

რაც შეეხება ფარდის ტონალობას, ისევე, როგორც ინტერიერის დიზაინის სხვა ელემენტები, ფარდებიც სივრცის განსაზღვრისა და გააზრების შემდეგ უნდა შეირჩეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით თვალისმომჭრელი და ყურადღების მიმქცევი ფარდები მალევე კარგავენ აქტუალობას, ადვილად გვბეზრდებიან, ამიტომ მკვეთრად გრაფიკული ფარდების შეძენას არ გირჩევთ. შეეცადეთ, ბინაში განათავსოთ უფრო ჰაეროვანი, მსუბუქი, მარტივი ფარდები, რადგან მათი წყალობით სახლი კომფორტული, შინაურული და ყოველდღიური ხდება.

თუ ბინის ინტერიერზე დიზაინერის დაუხმარებლად, თავად გადაწყვეტთ მუშაობას, გირჩევთ რემონტის დაწყებამდე დრო დაუთმოთ ინტერიერის დიზაინის შესახებ ინფორმაციის შესწავლას, გაიგოთ მეტი სტანდარტებსა და ტრენდებზე. იმ შემთხვევაში, თუ დიზაინერის აყვანას გადაწყვეტთ, კარგი იქნება, თუ გადახედავთ მის პორტფოლიოსა და განხორციელებულ პროექტებს – დამკვეთსა და დიზაინერს შორის მნიშვნელოვანია სტილისა და ესთეტიკის აღქმას შორის საერთოს მოძიება და ორმხრივი ნდობა.“

ფოტოები: ალექსანდრე ბაგრატიონი

სახლი ზემო ლისზე – “შრე სტუდიოს” პროექტი

ინტერიერში ინტეგრირებული ბუნება – yukawa design lab-ის პროექტი