in

5 მარტივი გზა მუდმივად ტრენდული ინტერიერის შესაქმნელად

ელეგანტური და მოდური ინტერიერის შექმნა საკმაოდ რთული გამოწვევაა, რადგან თანამედროვე სამყაროში დიზაინთან დაკავშირებული ტენდენციები მუდმივად იცვლება. შესაბამისად, თუ თქვენთვის მდგრადი სტილია პრიორიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში დახვეწილი იქნება, სივრცე ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოაწყოთ. მაგრამ, როგორ გავიგოთ, რომელი ტრენდებია ყურადღების ცენტრში მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში და რომელი მათგანი რჩება წლების მანძილზე უცვლელი?

როგორც ჩანს, სადა და მინიმალისტური აქცენტები, ფუნქციური ავეჯი და ნათელი სივრცეები მარადიული დიზაინის აშკარა ნიშნებია. ინტერიერის დიზაინერები სახლის მოწყობას სწორედ ამ პრინციპების გამოყენებით გვირჩევენ და სასარგებლო რეკომენდაციებს გვიზიარებენ. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე მთავარ რჩევას გაგიზიარებთ იმისთვის, რომ თქვენი ინტერიერი მუდმივად საინტერესოდ და მოდურად გამოიყურებოდეს.

კლასიკური და თანამედროვე სტილის შერწყმა

კლასიკური ელემენტების თანამედროვე დეტალებთან შეხამების შედეგად ვიღებთ დაბალანსებულ და საინტერესო მახასიათებლებს, როგორიცაა ჭერის სიმაღლე, ორიგინალური აქცენტები, ისტორიული განწყობა და თანამედროვე ელეგანტური შტრიხები.

ამ მხრივ იდეალურია იატაკის საფარის სახით მუხის ან ფიჭვის პარკეტის გამოყენება. ამ მასალებს სახლში ბუნებრივი და ცოცხალი ხასიათი შემოაქვს. ასეთი კლასიკური ელემენტები შეგიძლიათ შეუხამოთ თანამედროვე სტილის სანათებსა და ავეჯს. ხის მასალის დახმარებით თქვენი ინტერიერი არასდროს გახდება მოსაწყენი და უინტერესო, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები დაგეხმარებათ იმაში, რომ ფეხი აუწყოთ დიზაინის მუდმივად ცვალებად ტენდენციებს.

ფერთა ბალანსი

ფერი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სივრცეში მარადიული ელეგანტურობის შეგრძნების გაღვიძებაში. სწორედ ფერთა სისტემის სწორად შერჩევით არის შესაძლებელი ინტერიერში ესთეტიკური ჰარმონიის შექმნა. ამ მხრივ საინტერესოა ლურჯი, ხავერდისფერი ტონების დამატება, ზღვისფერი აქცენტები და თეთრი და შავი ფერების გამორჩეული კონტრასტი.

ცნობილია, რომ მუქი ლურჯი, მუქი მწვანე და მსგავსი ფერები მდიდრულ და დახვეწილ ინტერიერთან ასოცირდება, მათ დაბალანსებას კი ინტერიერის დიზაინერები თანამედროვე სტილის სანათებითა და სხვა სახის დეკორაციებით გვირჩევენ.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ფერი მოდიდან არასდროს გადადის, მაგალითად, თეთრი, რომელიც მუდმივად საინტერესოდ გამოიყურება ნებისმიერი სტილის ინტერიერში.

ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთები

მარადიული განცდის გასაძლიერებლად იდეალურია სხვადასხვა ეპოქის ავეჯისა და დეკორის გამოყენება. შედეგი არის ის, რომ სივრცე არ ეხმიანება რომელიმე კონკრეტულ სტილსა და ეპოქას, სამაგიეროდ, იგი აერთიანებს სხვადასხვა პერიოდისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს.

დიზაინერები გვირჩევენ ინტერიერში ისეთი დეტალების დამატებას, როგორიცაა, მაგალითად, მარმარილოს მდიდრული ბუხარი, ვინტაჟური საათი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთები კარგად შეუხამოთ თანამედროვე დეტალებს, რათა საბოლოო ჯამში, ერთიანი და ჰარმონიული ინტერიერი მიიღოთ.

ძველი და ახალი ნივთების შეხამება

თანამედროვე ბინების უმრავლესობა არის იმის დასტური, რომ ისტორიული ფესვები სულაც არ არის აუცილებელი მარადიული და ელეგანტური დიზაინის შესაქმნელად. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველებური სტილის ნივთები, ხის სკამები, ხის იატაკის საფარი და მსგავსი დეტალები.

ინტერიერის დიზაინის მოწყობის პროცესში მთავარია გახსოვდეთ, რომ ნივთები სახლის ხასიათს ქმნის, რის გამოც უმჯობესია, აქცენტი ისეთ საგნებზე გააკეთოთ, რომლებიც ფუნქციურია და ასევე გარკვეული სახის ემოციას აღძრავენ.

ამ გზით სახლში ისტორიულ განწყობას გააღვიძებთ, რომელსაც შემდეგში თანამედროვე ავეჯითა და აღჭურვილობით დააბალანსებთ და მიიღებთ ინტერიერს, რომელიც ძველისა და ახლის იდეალური ბალანსი იქნება.

ტექსტურა

ტექსტურირებული დეტალები და დახვეწილი ქსოვილები ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ქსოვილების გამოყენება შეგვიძლია გადასაფარებლების, ფარდების და სხვა დეკორაციების სახით. ტექსტურა შესაძლოა იგრძნობოდეს მოსაპირკეთებელ მასალაზეც.

დიზაინერები გვთავაზობენ, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობა ძველებურ და ახალ დეკორს შორის. მაგალითად, შეგვიძლია მოვაწყოთ ძველებური სტილის ბუხარი, რომელიც თანამედროვე სტილის კერამიკული ფილებით იქნება მოპირკეთებული. შედეგად, ოთახი უფრო გლუვი და დახვეწილი გახდება, თუმცა ექნება ისტორიული ხიბლიც.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

მრგვალი ფორმებითა და ნეიტრალური ფერებით შექმნილი დიზაინი უნივერსიტეტის ქუჩაზე — „Wii Design Studio“-ის ნამუშევარი

ქართველი ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთები სახლისთვის – 5 პროდუქტი „VELI.store“-დან