in

როგორ ვიმუშაოთ ინტერიერის დიზაინზე დისტანციურად – ნია მგელაძის 5 რეკომენდაცია

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი სფერო თუ სერვისი ცდილობს მაქსიმალურად მოერგოს მომხარებლის საჭიროებებს, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადამიანთა ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული, მოსახერხებელი და მათ დროსა და საჭიროებებზე მორგებული გახადოს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ინტერიერის დიზაინია. გარდა იმისა, რომ ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წინასწარ შეუძლიათ მათი მომავალი სივრცის იერსახის ნახვა, დღეს უკვე რემონტის დისტანციურ რეჟიმში თვალის დევნებაც შესაძლებელია.

ინტერიერის დიზაინერი ნია მგელაძე, რომელმაც რამდენიმე პროექტი სწორედ დისტანციურად განახორციელა, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი, ინტერიერის დიზაინერმა დისტანციურ რეჟიმში იმუშაოს დამკვეთთან და პროექტი წარმატებით განახორციელოს:

„ადამიანის ცხოვრებაში საცხოვრებელ ადგილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერი თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგეს და მოერგოს მათ საჭიროებებს, ტიპაჟს, ოჯახურ მდგომარეობას, პროფესიას, გემოვნებასა თუ ცხოვრების სტილს. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია მაშინ, როდესაც ინტერიერის დიზაინერი დისტანციურად მუშაობს:

1. მოუსმინეთ დამკვეთს – ძალიან მნიშვნელოვანია, მოიპოვოთ დამკვეთის დადებითი განწყობა, ნდობა და მეგობრული დამოკიდებულება. ამისათვის საჭიროა, მის ყველა გამოთქმულ სურვილს გულისყურით მოუსმინოთ, დრო დაუთმოთ მასთან კომუნიკაციას და მისცეთ საშუალება, ბოლომდე გამოთქვას სახლთან დაკავშირებული ყველა სურვილი თუ ოცნება, რომელიც თქვენი დახმარებით უნდა განახორციელოს.

2. მოიპოვეთ ნდობა – დისტანციურად მუშაობის პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამჭვირვალობას. რაც შეიძლება მეტად ჩართეთ დამკვეთი შესასრულებელ სამუშაოებში (თუ ამის დრო და სურვილი აქვს), ვიდეოსა და ფოტოს საშუალებით აჩვენეთ მიმდინარე პროცესი და მიაღებინეთ მასში მონაწილეობა.

3. წადით დათმობაზე – ნუ იქნებით კატეგორიულები. დისტანციურად მუშაობის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, მიეცით დამკვეთს მეტი თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღების დროს, რაც დისტანციურად მუშაობას ბევრად გაგიადვილებთ.

4. გაუმარტივეთ არჩევანი – ნუ შესთავაზებთ ძალიან ბევრ დეტალს. იმისათვის, რომ დამკვეთს არჩევანის გაკეთება გაუადვილდეს, ნუ დააბნევთ და ნუ წარუდგენთ მას რამდენიმე ვერსიას, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს ესა თუ ის დიზაინი. უმჯობესია, სთხოვოთ არჩევანის გაკეთება კონკრეტულად ორ სტილს, ორ ფერსა თუ ორ პროდუქტს შორის. სიზუსტე მუშაობის პროცესს გაგიმარტივებთ და დამკვეთსაც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

5. გამოხატეთ მადლიერება – ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერება. მადლიერების გამოხატვა გეხმარებათ იმაში, რომ ადამიანი გენდოთ, გამოგყვეთ და ეს პროცესი თქვენთან ერთად გაიაროს. დაუფასეთ დამკვეთს ამ საქმეში ჩადებული ენერგია, შრომა, დრო და გაღებული ანაზღაურება, რომელსაც ის გთავაზობთ.

5 მითი კედლების შეღებვასთან დაკავშირებით

ჯონ პოსონი — ბრიტანელი არქიტექტორ-დიზაინერი მრავალფეროვანი პროექტებით