in

ნეოლითი – დადებითი/უარყოფითი მხარეები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ნეოლითი ახალი მასალაა, რომელსაც ხშირად ულტრაკომპაქტურ, მდგრად ქვის ზედაპირად მოიხსენიებენ. კორიანის მსგავსად, რომელზეც გასულ სტატიაში გესაუბრეთ, მასაც აქტიურად იყენებენ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში. სიმტკიცის, ხარისხისა და ვიზუალური მრავალფეროვნების გამო, იგი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.

ნეოლითი სინთეზური ქვაა, რომელიც ინოვაციური დამუშავების ტექნოლოგიის წყალობით, გამძლეობითა და მდგრადობით გამოირჩევა. იგი ბუნებრივი თიხების ნარევისა და კვარცის მოლეკულების პოლიმერიზაციის შედეგად მიღებული 100%-ით ნატურალური პროდუქტია, რომლის ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლები იდეალური მასალაა ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, ფასადებისა თუ კიბეებისთვის. იგი არ ეკუთვნის კერამიკულ ჯგუფს, არამედ სრულიად განსხვავებული, რევოლუციური ნივთიერებაა, რომლის დამუშავების ტექნოლოგიაც მწარმოებელი კომპანიის მიერაა დაპატენტებული.

მიუხედავად იმისა, რომ ნეოლითი ახლად შექმნილი პროდუქტია, მსოფლიო ბაზარზე მან უკვე მოიპოვა ლიდერის სტატუსი. ბოლო 11 წლის განმავლობაში მისი მწარმოებელი კომპანია „TheSize“-ი თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას წარმატებით აწვდის ამ მასალას. არც საქართველოა გამონაკლისი – ნეოლითი ჩვენთანაც დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რა უპირატესობები აქვს ნეოლითს?

1. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი – ნეოლითი მიიღება ნატურალური მასალისგან ანტიბაქტერიული ტექნოლოგიის მეშვეობით, რაც მას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტად აქცევს. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერ სივრცეში.

2.ადვილად არ იკაწრება – ნეოლითი საკმაოდ მტკიცე მასალაა. ეს მახასიათებელი საშუალებას იძლევა, პროდუქტი სამზარეულოსა და სააბაზანოში თამამად გამოვიყენოთ და ხანგრძლივად შევუნარჩუნოთ ინტერიერს პირვანდელი იერსახე.

3. ყინვაგამძლე, წყალგამძლე და ცეცხლგამძლეა – ნეოლითის ზედაპირზე თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ ცხელი, მასიური ან უხეში ფორმის საგნები. ნესტისა და წყლის მიმართ მისი მდგრადობა იძლევა შესაძლებლობას, პროდუქტი სველ წერტილებში გამოვიყენოთ. მაშინაც კი, თუ სამზარეულო გარეთ გაქვთ, სიცივე ამ მასალისგან დამზადებულ ზედაპირს ვერაფერს დააკლებს.

4. ფერისა და ტექსტურის ფართო არჩევანი – გარდა დიზაინის მრავალფეროვნებისა, რაც გვეხმარება, ინტერიერსა და ექსტერიერს განსხვავებული ვიზუალი შევძინოთ, ნეოლითის ფილები მაქსიმალურად დიდი ფორმატისაა, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღებად მცირე რაოდენობაც კი საკმარისია.

5. მდგრადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ – ნეოლითს ექსტერიერში საკმაოდ ხშირად იყენებენ, რაც ულტრაიისფერი სხივების მიმართ მისი მდგრადობის დამსახურებაა. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი პროდუქტი არ ხუნდება, ინარჩუნებს თავდაპირველ გარეგნულ მახასიათებლებს და არ დეფორმირდება მზის სხივების გამო.

რა უარყოფითი მხარეები აქვს ნეოლითს?

1. მასალის სიძვირე – ნეოლითი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, მისი ფასი არაერთი ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღირებულებას აღემატება, თუმცა მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც გააზრებული აქვს პროდუქტის ღირებულება.

2. მონტაჟის სირთულე – ნეოლითის ინსტალაცია მარტივი არ არის. ისევე, როგორც არაერთ ქვას, მასაც თავისებური მონტაჟის სპეციფიკა აქვს, რომლის გაუთვალისწინებლობაც პროდუქტის დაზიანებას იწვევს.

ნეოლითის გამოყენება და ფასები

ნეოლითი უსაფრთხო, ჰიგიენური მასალაა, რომლის სიღრმეშიც ჭუჭყი და ბაქტერია ვერ აღწევს. ამის გამო ის საკმაოდ მარტივი მოსავლელია. კორიანისგან განსხვავებით, რომელსაც, უმჯობესია, თუ ცხელ ჭურჭელს მოვარიდებთ, ნეოლითი ტემპერატურის მიმართ მდგრადია. იგი, უმეტესად, განკუთვნილია ბრტყელი ზედაპირის დამზადებისთვის, რომელსაც ოდნავ ემჩნევა გადაბმა. თუმცა, დიდი ფორმატის ფილების წყალობით, გადაბმების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ნეოლითი, ისევე, როგორც კორიანი, მსგავსი ტიპის პროდუქტებს შორის უნივერსალურად მიიჩნევა. მისი გამოყენების სფერო მრავალფეროვანია: 3 მმ. სისქის ნეოლითი ნებისმიერი სახის ავეჯის ფასადის შესაქმნელად და ინტერიერის კედლების მოსაპირკეთებლად გამოიყენება, 6 მმ. სისქის მასალას კი  იატაკისა და კიბეების მოსაპირკეთებლად იყენებენ. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში 6 მმ-იანი ნეოლითით უამრავი ფასადია შექმნილი, რის შედეგადაც მაღალი ესთეტიკური იერსახის შენობები მივიღეთ. 12 მმ. სისქის ნეოლითი გამოიყენება სამზარეულოებისა და აბაზანების მყარი ზედაპირების დასამზადებლად“, – გვიხსნის კორიანისა და ნეოლითის ერთადერთი ექსკლუზიური იმპორტიორი კომპანია საქართველოში, „NBT“.

ნეოლითის ფილები სხვადასხვა დაფარვისაა: გლუვი (Satin), ოდნავ პრიალა (Silk), სარკისებური სიპრიალის (Polished) და რელიეფური (Riverwashed), რაც მასალის მრავალფეროვან გამოყენებასა და საინტერესო ვიზუალს განაპირობებს.

როგორც „NBT“-ში აღნიშნავენ, ნედლეულის ღირებულება ძირითად ფერზეა დამოკიდებული. კორიანის მსგავსად, ნეოლითიც ფილების სახით იყიდება. არსებობს ნეოლითის ფილის ორი ფორმატი კედლისა და იატაკისთვის.

„ფასადებისთვის გამოიყენება 3200 x 1500 x 6 მმ-იანი ზომის ფილები. ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის ღირებულება, ფერის გათვალისწინებით,  87€- დან 166 €-მდე მერყეობს (ეკვივალენტი ლარში). მყარი ზედაპირებისთვის კი გამოიყენება 3200 x 1600 x 12 მმ. ფორმატის ფილები, რა დროსაც კვადრატული მეტრის ღირებულება, ფერის გათვალისწინებით, საშუალოდ, 161 €-დან 275 €-მდეა. მინიმალური სარეალიზაციო ერთეული ნახევარი ფილაა“, – ამბობენ „NBT“-ში.

მონტაჟის ღირებულება, საშუალოდ, მასალის 60-80% ჯდება, თუმცა, ფასი მაინც ინდივიდუალურად განისაზღვრება და ნაკეთობის სირთულეზეა დამოკიდებული.

ამგვარად, ნეოლითი ახალი, თუმცა უკვე აქტიურად გამოყენებადი მასალაა, რომელიც არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. აღნიშნული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოხმარება შესაძლებელია როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სად შევისწავლო ინტერიერის დიზაინი ? – 12 ადგილი საქართველოში

ლამინატის იატაკის შემთხვევაში დაშვებული 12 შეცდომა