in

სად შევისწავლო ინტერიერის დიზაინი ? – 12 ადგილი საქართველოში

დღესდღეობით ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი პროფესიაა, რომელიც სწორი და კომფორტული გარემოს შექმნაში გვეხმარება. სწორად დაგეგმარებული სივრცე ჩვენი ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს.
ბოლო დროს ინტერიერის დიზაინი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყარო შესაძლებლობას იძლევა, ჩვენი უნარები მუდმივად განვაახლოთ და ახალ პროფესიებსაც მარტივად დავეუფლოთ.

დღეს Homeis.ge ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს დარგის შემსწავლელ კურსებს გაგაცნობთ.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

დამწყებ დიზაინერებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს GAU ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსს გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ, მოკლე დროში შეისწავლოთ ინტერიერისა და დეკორის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორებიცაა: სივრცის კონცეფცია, განათებისა და ფერის მნიშვნელობა ინტერიერში, მასალებისა და სტანდარტების გაცნობა, ავეჯის გადანაწილების სპეციფიკა, პროექტის ტექნიკურად გამართვა, პროექტის პრეზენტაცია. კურსს გაუძღვებიან გამოცდილი, ცნობილი დიზაინერები, სწავლის ღირებულება კი 1800 ლარია.

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას გაძლევთ, დაეუფლოთ მრავალმხრივ საინტერესო პროფესიას. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილსაც. კურსს გამოცდილი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები უძღვებიან. პროგრამის ღირებულება 1550 ლარია.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურს გთავაზობთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიც, რომელიც დაგეხმარებათ, დაეუფლოთ ინტერიერის დიზაინის ისტორიასა და საბაზისო პრინციპებს: სტილის ცნებას, სივრცის 3D მოდელირებას, ფერებისა და განათების გამოყენების სპეციფიკას, ტექსტურის, მასალისა და ავეჯის შერჩევის პრინციპებს. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სამშენებლო პროცესს, ადგილზე გაეცნონ სამუშაო დეტალებს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. პროგრამას სალომე გულორდავა გაუძღვება, სწავლის ღირებულება კი 1190 ლარია.

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამა „CID (Certified Interior Designer)“ ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასაც სთავაზობს. პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი დიზაინერებისთვის (ვინაიდან უამრავ პრაქტიკულ დავალებას მოიცავს), ასევე, სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც. კურსის საფასური 2190 ლარია.

„Academy of Digital Industries“

1-თვიანი კურსის საშუალებით ინტერიერის ძირითად პრინციპებს გაეცნობით „Academy of Digital Industries“-შიც. პროგრამა დაგეხმარებათ, ჩამოიყალიბოთ ინდივიდუალური ხედვა, გასწავლით, როგორ შეარჩიოთ სწორად ფერთა პალიტრა, განათება, ავეჯი, მასალა და როგორ აქციოთ ნებისმიერი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილად. პროგრამის ღირებულება 600 ლარია.

„IT Academy Step Georgia“

IT Academy Step Georgia“-ს კურსის ფარგლებში შეისწავლით ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას, პროექტის გეგმარებას, შექმნასა და ანალიზს, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევას, კომპიუტერულ პროგრამებს და პრაქტიკულ საკითხებს. მიღებული ცოდნა ახალი პროფესიის სიღრმისეულად გაცნობაში დაგეხმარებათ. პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, თვიური გადასახადი კი 283 ლარია.

„Smart Academy“

Smart Academy“-ის ინტერიერის დიზაინის კურსი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურს, ანდა, უბრალოდ, თავისივე ინტერიერის მოწყობას აპირებს. პროგრამა გულისხმობს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მიმართულებას, რაშიც შედის ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპებისა და კომპიუტერული პროგრამების გაცნობაც. პროგრამას უხელმძღვანელებს არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ლელი შევჩენკო. კურსის ღირებულება 1500 ლარია.

„Digital Bus Academy“

Digital Bus Academy“-ის კურსის გავლის შემდეგ დაინტერესებული პირი შეძლებს 2D, 3D დიზაინებისა და ფოტორეალისტური რენდერების შექმნას, შიდა და გარე ინტერიერის დაგეგმარებასა და მოწყობას. კურსზე დეტალურად განიხილება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები, რომლებიც დაგეხმარებათ, სრულყოფილად დაეუფლოთ ინტერიერის დიზაინს. პროგრამის ღირებულება 1488 ლარია, სტუდენტებისთვის კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

„Smart Fish Academy“

Smart Fish Academy“-ს სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობით ინტერიერის დიზაინის თანამედროვე მიდგომებსა და პრინციპებს, პროექტზე მუშაობის სპეციფიკას; ისწავლით 3D რენდერების შექმნას, სივრცის მოწყობას ავეჯით და, რაც მთავარია, დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკას. კურსს გაუძღვება დიზაინერი თათა მარუაშვილი. სწავლის საფასური 870 ლარია (სტუდენტებისთვის – 696 ლარი).

„COLAB“

COLAB“-ი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის კურსს, რომელიც მაქსიმალურად იქნება დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით. პროგრამის მიზანია, დაინტერესებულ პირს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ინტერიერის დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით და გააცნოს დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკა. კურსს სალომე გულორდავა გაუძღვება. პროგრამის ხანგრძლივობა 1,5 თვეა, ფასი კი – 800 ლარი.

„ციფრული სკოლა“

კიდევ ერთი სივრცე, სადაც ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს შეისწავლით „ციფრული სკოლაა“. პროგრამა დაგეხმარებათ, მიიღოთ საბაზისო ცოდნა ინტერიერის დიზაინში და შეიძინოთ პროფესიული უნარ-ჩვევები. კურსი გთავაზობთ უამრავ საინტერესო სავარჯიშოს, რომლებიც თეორიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებაში დაგეხმარებათ. პროგრამის ღირებულება 330 ლარია.

„Design by pepilot“

ინტერიერის დიზაინის შემსწავლელ კურსს გთავაზობთ პეპის საავტორო პროგრამაც – „Design by pepilot“-ი. თუ ახალი პროფესიის დაუფლება გსურთ, ანდა, უბრალოდ, გინდათ საკუთარი საცხოვრებელი სივრცე უკეთ დაგეგმოთ და მეტი იცოდეთ ინტერიერის დიზაინის შესახებ, ეს კურსი ნამდვილად დაგეხმარებათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

მისაღები ოთახი ინგლისურ სტილში – შთამაგონებელი იდეები რეალური ინტერიერებიდან

ნეოლითი – დადებითი/უარყოფითი მხარეები და ღირებულება ქართულ ბაზარზე