დღეს, როდესაც არქიტექტურა ტექნოლოგიურ პროგრესსა და ესთეტიკურ ღირებულებებს აერთიანებს, სტანდარტებს ის არქიტექტორები აყალიბებენ, რომლებიც ექსპერიმენტებს არ ერიდებიან. მომავლის ხედვა მოითხოვს გამბედაობასა და ცნობისმოყვარეობას – ის, რაც ნებისმიერს მიიყვანს გამოწვევიდან ინოვაციამდე. ნიკო ქსოვრელი იმ არქიტექტორთაგანია, რომლებიც მუდმივ ძიებაში იმყოფებიან. მისთვის არქიტექტურული შემოქმედება ინტელექტუალური თამაშია, სადაც ის პრობლემებს ინტერდისციპლინური გამოცდილებით უპირისპირდება.
ნიკოს ინტერესები – ფოტოგრაფია და მანქანები – განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მის სამუშაო პროცესზე. ერთი მხრივ, ობიექტივიდან გარემოზე დაკვირვებას სწავლობს, ხოლო მეორე მხრივ, ტექნოლოგიების დიზაინში ინტეგრირებას. მისი მოღვაწეობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა არქიტექტორის პირადი გატაცება მისი საქმიანობის ფილოსოფიად. ის ინჟინერიის, ხელოვნებისა და ემოციების გადაკვეთის წერტილში ქმნის პროექტებს და იქცევა შთაგონების წყაროდ ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის.
ნიკო, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით არქიტექტურით?
ჩემი და არქიტექტურის ისტორია ისე რომანტიულად არ დაწყებულა, როგორც ბევრი სხვა კოლეგის შემთხვევაში, რომელთაგან მსმენია, რომ მშობლები ან ბებია-ბაბუა ჰყავდათ არქიტექტორი და ბავშობიდან ჰქონდათ შეხება ჩვენს პროფესიასთან. სკოლის დამთავრების პერიოდში გამიჭირდა პროფესიის არჩევა. ძალიან მიყვარდა ხატვა და ტექნიკასთან ურთიერთობა, ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, პროგრამირების შესწავლა. ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პირველივე სემეტრში მივხვდი, რომ ხელახლა უნდა ამერჩია პროფესია. ისევ დავიწყე ფიქრი, თუ რა საქმის კეთება იქნებოდა ისეთი, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე გავყვებოდი. ალტერნატივების ძიების პროცესში გავიგე, რომ ილიას უნივერსიტეტემა არქიტექტურის სასწავლო პროგრამა შექმნა და ვინაიდან კომპიუტერული ტექნიკის გარდა, ხატვაც მიყვარს და სკოლაში ხაზვაც კარგად გამომდიოდა, გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება არქიტექტურის ფაკულტეტზე. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და არქიტექტურის კავშირი და უკვე 15 წელს ვითვლით ერთად.
როგორ ჩამოაყალიბა კარიერულმა გზამ თქვენი ხედვა და სტილი?
საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გავიარე. შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურის პროგრამაზე გადასვლისას ნულ ნიშნულზე მქონდა არქიტექტურის ცოდნაც და დიზაინერული ხედვაც. ამ მომენტიდან მოყოლებული, ვცდილობ მუდმივად ვიმუშავო საკუთარ თავზე; განვავითარო როგორც არტისტული, ისე ტექნიკური ცოდნა და ყოველდღიურ საქმიანობაში დავნერგო. ამ დროის განმავლობაში ათამდე არქიტექტურულ კომპანიაში ვიმუშავე. თითოეულ მათგანს განსხვავებული სტილი და ხელწერა ჰქონდა, რამაც ჩემი პროფესული გამოცდილება და ხედვა გააუმჯობესა. ამჟამად არქიტექტურის ლაბორატორია #3-ში ვმუშაობ. რაც შეეხება ჩემს ხედვას, ამ წლების განმავლობაში, მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის ფონზე, ყველაზე მეტი კავშირი ისეთი არქიტექტურის მიმართ გამიჩნდა, რომელიც ახალისებს მომავალზე ორიენტირებულ აზროვნებას. ეს ხედვა ფოკუსირებულია იმაზე თუ როგორი სამყაროს შექმნა შეგვიძლია არა მხოლოდ არქიტექტურულად, არამედ ტექნოლოგიურად, სოციალურად და კულტურულად. მიყვარს გეომეტრიულად რთულ ფორმებთან და პარამეტრულ დიზაინთან მუშაობა, რაც საქმეს უფრო საინტერესოს, აზარტულს და გამომწვევს ხდის.

მოგვიყევით, როგორ კვებავს თქვენი ცხოვრების სტილი თქვენს სტუდიურ შემოქმედებასა და კრეატიულობას?
იმისათვის, რომ გონების შემოქმედებითი საკვები არ გამოგელიოს, საჭიროა, ინტერდისციპლინური იყო; ცნობისმოყვარეობა არასდროს დათრგუნო, არამედ წაიხალისო. შესაბამისად, ბევრი საკითხით ვინტერესდები, თუმცა კატეგორიების თვალსაზრისით, ხელოვნების, ტექნოლოგიების, ფოტოგრაფიის, მხატვრული ფილმების, ვიდეო თამაშების, საავტომობილო ინდუსტრიის, თანამედროვე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების წრედში ვარ. საბოლოოდ, არქიტექტურული პროექტის შემუშავებისას ყველა დეტალი ჩემს შემოქმედებით პროცესში მონაწილეობს და ძალიან მეხმარება.
როგორ შთააგონებს ძრავების, მოძრაობისა და სისწრაფის სიყვარული თქვენს არქიტექტურულ შემოქმედებით პროცესს, სივრცეში გადაადგილების თვალსაზრისით?
არქიტექტურის გარდა, ალბათ საავტომობილო სფეროს და ფოტოგრაფიას ვუთმობ ყველაზე დიდ დროს. საავტომობილო ინდუსტრია ერთ-ერთი დიდი სფეროა დიზაინის სამყაროში და ბევრი საერთო აქვს არქიტექტურასთან. ორივე პროფესიაში საჭიროა მსგავსი პროცესების გაერთიანება: დიზაინი და ინჟინერია, ემოცია და ფუნქციონალურობა, ადამიანზე მორგება, ინოვაცია და მომავლისკენ ხედვა.
საქართველოში ძალიან პოპულარულია ლამაზი მანქანები და ვისურვებდი, რომ არქიტექტურისადმი გაჩნდეს იგივე დამოკიდებულება, ინტერესი უფრო გაღრმავდეს და გახდეს ესთეტიკასა და ხარისხზე ორიენტირებული. ლამაზი მანქანები ვიზუალურად არ უნდა ჩაგრავდეს არქიტექტურას, არამედ ისინი უნდა ურთიერთობდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს.

რა გავლენას ახდენს თქვენი ინტერესი და გამოცდილება ფოტოგრაფიაში დაკვირვების უნარსა და სივრცის დიზაინის შექმნის პროცესზე?
ფოტოგრაფიის სწავლა ძალიან დამეხმარა კომპოზიციის, ფერებისა და შუქ-ჩრდილების აღქმის თვალსაზრისით. არქიტექტურისა და ფოტოგრაფიის ცოდნა ერთმანეთს საუკეთესოდ ავსებს. უკეთესად აღვიქვამ არქიტექტურულ დეტალებს, მთლიანობაში ფორმას და უკეთ ვარჩევ სარენდერო ან ფოტოკადრებს. ასევე, პროექტირებისას მეტ ყურადღებას ვაქცევ, რამდენად ერგება შენობა კონტექსტს, როგორ გამოიყურება ის სხვადასხვა რაკურსიდან, პატარა დეტალებიდან ქალაქის მასშტაბამდე.

როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა კარგი არქიტექტორი კარგი ვიზუალური მთხრობელიც? და თქვენ როგორ ახერხებთ ამბის გადმოცემას თქვენ მიერ დაგეგმარებულ სივრცეებში?
ჩემთვის არქიტექტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება კონტექსტია. პროექტი უნდა პასუხობდეს ყველა გამოწვევასა და კითხვას, რაც მის მიმართ შეიძლება გაჩნდეს – როგორ ერგება რელიეფს? როგორი დიალოგი აქვს მეზობელ შენობებთან? ქუჩასთან? ქალაქთან? იქნებ შუა მინდორში ან ტყეშია – როგორ იყენებს ამ მოცემულობას? როგორ ითვისებს მზის შუქს და რამდენად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს? ეს კითხვები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. რაც უფრო მეტ კითხვას გაეცემა პასუხი, მით უფრო საინტერესო ხდება პროექტი და ამას ადამიანები ქვეცნობიერად შეამჩნევენ, იმის მიუხედავად, განუმარტა თუ არა არქიტექტორმა პროექტის ყველა ნიუანსი.

არქიტექტურა ყოველთვის ასახავს ეპოქას და დიალოგშია საზოგადოებრივ ღირებულებებთან. თქვენი აზრით, რას უნდა გვიამბობდეს დღეს თანამედროვე არქიტექტურა?
არქიტექტორების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გახადონ ინოვაცია და სიახლეები ხელშესახები პროექტებში და ეს იდეები დაინტერესებულ მხარეებთან სწორად მიიტანონ. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში არქიტექტურა ყოველთვის არ ასახავს თანამედროვე ეპოქას. ბევრ ადამიანს აქვს წარმოდგენა, რომ ძველი, დროში გამოცდილი დიზაინის გაკეთება სჯობს და ექსპერიმენტებს უფრთხიან. ჩემი აზრით, არქიტექტურა ყოველთვის მოწინავე უნდა იყოს სიახლეების დანერგვაში, როგორც მასალების, ისე დიზაინის, გეგმარებისა და ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით.
არქიტექტურა ჩვენ ხელთ არსებული უამრავი ინფორმაციის დაბალანსებისა და შერწყმის ხელოვნებაა. მნიშვნელოვანია, როგორც წარსულში ქექვა და საზოგადოების ისტორიულ-არქიტექტურული გამოცდილების გაანალიზება, ისე მისი თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მომავალში გახედვა და ინოვაციების დანერგვა, რაც შენობა-ნაგეგობას დროისადმი მეტად მედეგს გახდის.
და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა არქიტექტორებს საქართველოში?
ღრუბელივით შეისრუტონ ნებისმიერი ინფორმაცია არა მხოლოდ არქიტექტურის, არამედ ზოგადი ცოდნის სახით. არქიტექტურული პროექტის დამუშავება ძალიან ბევრ ინფორმაციასა და ბევრ საკითხში გარკვევას მოითხოვს. ნებისმიერმა ზოგადმა ინფორმაციამ შეიძლება რომელიმე პროექტში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. თუნდაც ისეთმა, ერთი შეხედვით, შორმა პროფესიამ, როგორიც ასტროფიზიკაა. ამჟამად, არქიტექტურის ლაბორატორია #3-ის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი კინოსტუდიაა. კინო ინდუსტრიის მოწვეულ ექსპერტთან საუბრისას მივხვდი, რომ ცხადად და გარკვევით ვიგებდი ყველაფერს ადამიანისგან, რომელიც სპეციფიკური კინოინდუსტრიის ტერმინებით მელაპარაკებოდა, რადგან ფონად მქონდა წლების განმავლობაში ტექნოლოგიებზე და კომპიუტერულ გრაფიკაზე მოძიებული ცოდნა.








