in ,

არქიტექტორი მიმართულებების ჩამომყალიბებლის როლში – ინტერვიუ ირაკლი აბაშიძესთან და დიმიტრი შაფაქიძესთან

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურული ოფისი Laboratory of Architecture #3 თბილისში 2005 წელს დაარსდა სამი არქიტექტორის – დიმიტრი შაფაქიძის, ირაკლი აბაშიძისა და ოთო ნემსაძის მიერ. ეს უკანასკნელი დღეს ამ ოფისის წევრი აღარ არის და თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ერთ-ერთი დამაარსებელია. როგორც ირაკლიმ და დიმიტრიმ გვიამბეს, არქიტექტურა ცნობისმოყვარეობის გამო აირჩიეს, ვინაიდან ყოველთვის აინტერესებდათ როგორ იყო შენობები მოწყობილი. დღეს მათ ოფისს ოცამდე რეალიზებული ობიექტი აქვს და კიდევ უფრო მეტი კერძო თუ საზოგადოებრივი ინტერიერი. მათი პროექტები ხშირად იპყრობს საერთაშორისო არქიტექტურული ჟურნალების ყურადღებას.

– როგორია მუშაობის პროცესი დაკვეთის მიღებიდან პროექტის დასრულებამდე და პროექტირების რომელ ეტაპს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?

საწყის ეტაპზე ვწერთ პროგრამას და ამოცანებს პროექტის წინაშე, რაც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნებს, შენობის მახასიათებლებს და ასევე ჩვენს დასახულ მიზნებს პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის პირველ ეტაპზე განსაზღვრა, რომ შენობის კონფიგურაციასა და ესთეტიკაზე მუშაობის დროს არ მოხდეს ამ გეგმიდან გადახვევა. ჩვენთვის ამჟამად დამახასიათებელი მუშაობის სტილი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ჩამოწერილი ალგორითმით ვეძიოთ შენობა და არ ვუგულებელვყოთ ჩვენ მიერ დასმული ამოცანები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასევე შენობის სინთეტური ბუნება, ბევრი სხვადასხვა აუცილებლობა რომ იყოს ერთ ფორმაში თავმოყრილი. შენობა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს თუ ამ ჩამოწერილ პროგრამას მიყვება და აკმაყოფილებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს პირველი ეტაპი – შენობის მოფიქრება, ყველაზე საპასუხისმგებლო კი მეორე ეტაპი – ამ ყველაფრის ნახაზებად ქცევა და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ისე, რომ დეტალები, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებისთვის აუცილებელია, არ დაიკარგოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელების ეტაპი, აუცილებელია ბოლომდე მიყვე პროექტს, საჭიროა მშენებლობის ზედამხედველობა და მშენებელთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა ის, რაც ჩავიფიქრეთ, სწორად გაკეთდეს. 

სამკურნალო კომბინატი ვაკეში, სამედიცინო დაწესებულება (მშენებარე)

– წლების განმავლობაში როგორ განვითარდა თქვენი ოფისი?

– განვითარებას თუ ზომის და ხალხის რაოდენობის მხრივ შევხედავთ, სტაბილურად ერთნაირად მივდივართ. გუნდის ძალიან გაზრდაზე არც ვფიქრობთ. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ოპტიმალური რაოდენობა ვართ. მივყვებით მუშაობის იმ სპეციფიკას, რაც შევიმუშავეთ კომპანიის შექმნისას. მიზნებიც და იდეალებიც 15 წელია არ შეგვიცვლია. რაც ჩაფიქრებული გვქონდა იმ გეგმას ვახორციელებთ და ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს.

– არის თუ არა რომელიმე პროექტი, რომელსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლით თვქენს შემოქმედებაში?

– ჩვენთვის არც ერთი პროექტი ესე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ არის. თუ შევხედავთ სხვების გადმოსახედიდან, პუბლიკაციების მრივ, გამორჩეულია მედიათეკის პროექტი. ორივე მედიათეკის პროექტი გამოირჩევა, მაგრამ ალბათ უფრო კიკვიძის ბაღში მდებარე შენობა. ამ ობიექტთან დაკავშირებით ხშირად უცხოელი სტუდენტებიც გვიკავშირდებიან, რომ ნახაზები და ინფორმაცია მივცეთ კონსტრუქციის გასაანალიზებლად. პუბლიკაციების რაოდენობითაც ალბათ პირველ ადგილზეა ჩვენს რეალიზებულ პროექტებში ეს ობიექტი. ჩვენ რა თქმა უნდა, ეს არ გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ რაღაცნაირად ასე გამოვიდა. არის ასეთი ხუმრობაც, რომ არქიტექტორი ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მისი შემდეგი შენობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რომელი “შემდეგი” რთული ამოსარჩევია, “შემდეგიც” რამდენიმე შეიძლება იყოს.

მედიათეკა კიკვიძის პარკში

_A2A1674
_A2A1587
_A2A2813
previous arrow
next arrow

 

კრეატიული ინდუსტრიების სასწავლო ჰაბი (2020)

– თბილისის ბევრ განსხვავებულ უბანშია თქვენი პროექტები განხორციელებული, რა გავლენა ჰქონდა კონკრეტულ გარემოს და ადგილს?

– მაგალითად, ვაკის პარკის მედიათეკის პროექტში, გარემომ განაპირობა, რომ შენობა ყოფილიყო გამჭვირვალე და კონტაქტში ბუნებასთან, მაქსიმალურად ყოფილიყო მასთან გაერთიანებული. საპირისპირო ამოცანა გვქონდა ვარკეთილის მედათეკის პროექტში, რადგან ის მდებარეობს ტიპიურ საბჭოთა საცხოვრებელ რაიონში, რომელიც გვინდოდა, რომ მოგვეშორებინა წიგნის სამყაროში გადასული ადამიანისთვის. ღიობები შენობას მხოლოდ სახურავზე აქვს და ცისკენ იყურება. იგივე მოცემულობის პროექტი, ასევე მედიათეკა, კიკვიძის პარკში განძრახ არის მიმზიდველი გეომეტრიით გაკეთებული, რომ იყოს ადამიანებისთვის საინტერესო და ეს ბიბლიოთეკა გახდეს მათთვის მიზიდულობის წერტილი. ოტიუმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო მეტი სიცარიელე და მინიმალური ნაგებობა. ლერმონტოვზე მდებარე სასტუმროს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ისტორიული უბანი და ამ შენობის ისტორიულ გარემოსთან შერწყმა. ყველა პროექტს აქვს თავისი პასუხი გარემოს კონტექსტისადმი.

– ძალიან ხშირად საქართველოში არ ითვალისწინებენ კულტურულ მემკვიდრეობას, თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? 

– ამ ყველაფერს ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთი მიზეზია ალბათ ის, რომ კულტურულ მემკვიდრეობასა და დღევანდელ ადამიანს, რომელიც ამ კულტურული მემმკვიდრეობით სარგებლობს, არ აქვთ ისტორიული კავშირი. მაგალითად, პლეხანოვზე დღეს არ ცხოვრობს ის ხალხი, ვინც ეს სახლები ააშენა. შესაბამისად, მათი პირადი მემკვიდრეობა ეს არ არის, ისევე როგორც სოლოლაკში, ისტორიულ ქუთაისში და ბევრ სხვა ადგილას. მეორე მიზეზი არის კულტურული მემკვიდრეობის “ვერ ცნობა”. მაგალითად, კოსტავას ქუჩაზე ძალიან მნიშვნელოვანი შენობა დგას –  1985 წელს აშენებული ტექნიკური ბიბლიოთეკა. ეს შენობა ცალსახად არის კულტურული მემკვიდროება და მას მოფრთხილება სჭირდება. აქ უნდა იარონ სტუდენტებმა და შეისწავლონ იგი. დღეს კი ამ შენობაზე არის აშენებული ახალი შენობები. ეს არის “ვერ ცნობა” კულტურული მემკვიდრეობისა. ჰგონიათ, რომ ეს კლდეა და ზედ აშენებენ კაზინოებს, სუპერმარკეტებს და ახალ შენობებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვერ ცნობენ კულტურულ მემკვიდრეობას. ასევე ხშირად ხდება შენობის ისტორიული ფუნქციის ცვლილება, რომელიც იწვევს ამ შენობის ახალ ფუნქციაზე ადაპტაციას. ხშირად ეს ახალი ფუნქცია ვერ ერგება არსებულ მოცემულობას და უწევს რაღაცეების გამოსხმა თავისივე ტანში, ძირითადად უაზროდ. კიდევ არის ის მიზეზიც, რომ შეიძლება ძალიან კარგად იცოდე, რომ კულტურულ მემკვიდრეობასთან გაქვს საქმე, მაგრამ ვერ ექცეოდე მას ისე, რგოორც საჭიროა. დიდი დრო არ გასულა იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანებს ოთახებში ედგათ შეშის ღუმელი და ამ ღუმელის მილი გაყოფილი იყო ფანჯარაში. ხშირად წიგნებსაც წვავდნენ იმის მიუხედავად, რომ იცოდნენ მათი მნიშვნელობა და ოდესღაც ამ ყველაფერს უფრთხილდებოდნენ კიდეც, მაგრამ ახლა უწევთ ასე მოქცევა და რთულია ასეთი ადამიანის გამტყუნება, რადგან აღარ შესწევს მას მატერიალური ძალა, რომ მოუაროს კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ უფრო სწორია შემდეგი კითხვა დავსვათ: საერთოდ რას ვითვალისწინებთ? კულტურული მემკვიდრეობაც ერთი ზოგადი კონტექსტის ნაწილია, ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად ადამიანის უფლებებს, გარემოს და სხვა საკითხებს ვითვალისწინებთ და კულტურულ მემკვიდრეობას არა.

სახლი თბილისთან (მშენებარე)

– რაზე მუშაობთ ამჟამად?

– ამჟამად გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, ზოგი მშენებარე და ზოგი პროექტირების ეტაპზე. ძალიან გვინდა, რომ მალე დავასრულოთ და ამიტომ ამჟამად გვაქვს ძალიან დაკავებული პერიოდი ოფისში. მიმდინარე პროექტების მშრალი ჩამონათვალი მკითხელს არაფერს ეტყვის. შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ  მიმდინარე პროექტებს აქვთ ორი რამ საერთო. უმთავრესად, თითოეული პროექტი მთლიანი ფორმაა და  გამოიყურება როგორც  დიდი ზომის ხელსაწყო, ეს პირველ რიგში იმიტომ, რომ ვაკვირდებით რამდენადაა თანამედროვე შენობები ფუნქციონალურობასა და მექანიკურობასთან შერწყმული.  ამავე დროს ვცდილობთ გამოვავლინოთ და არ შევზღუდოთ შენობებში მათი წარმომქმნელი  წინააღმდეგობრივი გარემოებების რეპრეზენტაცია, რათა არქიტექტურამ წინა პლანზე წამოწიოს მისი ჰიბრიდული ბუნება, ანუ ერთ ფორმაში შეათავსოს სხვადასხვა დაპირისპირებული ასპექტები, სურვილები და ამოცანები. გვჯერა, რომ  არქიტექტურა რეაქციაა არსებულ კონტექსტზე რომელშც გვიწევს ცხოვრება. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა დონეზე ვართ გარემოცული კონფლიქტებით და სწორედ კონფლიქტებით სავსე გარემოს აღვიქვამთ,  როგორც კონტექსტსის ძრითად განმაპირობებელ ფაქტორს, ვცდილობთ, რომ ჩვენი შენობები იყოს პლასტიურობის და  სინთეზურობის მაგალითი.

– ბოლო პერიოდის რომელი არქიტექტორის შემოქმედებას გამოარჩევდით მსოფლიოში?

– გვყავს რამდენიმე საყურადღებო არქიტექტორი, ერთს ვერ დავასახელებთ. ჩემი ყველა დროის საყვარელი არქიტექტორი  არის ოსკარ ნიმეიერი (დიმიტრი). ბოლოდროინდელ არქიტექტორებში ალბათ გამოვარჩევდით გენიალურ ჰერცოგ დე მეირონს, ბევრი თვალსაზრისით. ძალიან საყურადღებო კაცია ვალერიო ოლჯატი, ასევე ბრაზილიელი არქიტექტორი მარსიო კოგანი, ცოტა უფრო ნაკლებად ცნობილი არქიტექტორებიდან ძალიან მოგვწონს ლიბანელი ბერნარდ ხური. ჟან ნუველი მგონია თანამედროვეობის ძალიან დიდი არქიტექტორი, ჩვენ ორნი ვერ შევთანხმდით ეს გამოქვაბულის პროექტი მისი შემოქმედების მწვერვალია თუ დეგრადაცია, მაგრამ უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტორია. ასევე საყურადღებოა ბიარკე ინგელსი, რომელსაც ხშირად არასერიოზულადაც აღიქვავენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უყურადღებობის ბრალია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და ჩვენთვის მაგალითად ძალიან ახლო, რადგან აქვს ეს სინთეტური შეთავსების მიდრეკილება თავის პროექტებში. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რემ კულჰაასის დროში და თუ რამე ერქმევა ამ არქიტექტურულ ეპოქას, ალბათ ეს კულჰაასის დრო იქნება და მთავარი ადამიანი არქიტექტურაში დღეს სწორედ ეს პიროვნება გვგონია.

მეღვინეობა კახეთში 2020 (მშენებარე)

– როგორ ფიქრობთ, როგორ იცვლება ტრადიციული არქიტექტურის როლი საზოგადოებაში?

– აი ზუსტად ეხლა იცვლება. ჯერ შეიძლება ძალიან თვალსაჩინო ეს ცვლილება არ არის, მაგრამ თვალსაჩინოა ის ტენდენციები, რომელიც ცოტახანში არქიტექტორს აბსოლუტურად სხვა ადამიანად გადააქცევს. არქიტექტორი იქნება ერთგვარი რედაქტორი, იდეების ავტორი, უფრო ნაკლებად ავტორი ყველა შენობის. იმის თქმა მინდა, რომ არქიტექტურა უფრო მეტად გახდება არაფორმალური, ისევე როგორც მედია გახდა დღეს უფრო არაფორმალური და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უკვე თავისი ხმა ათასობით სხვას მიაწვდინოს. ვფიქრობთ, რომ ადამიანების ხელში ჩავარდება საწარმოო იარაღები მშენებლობის თვალსაზრისითაც, თუკი მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ აშენება შესაძლებელი იქნება რობოტიზებული ტექნიკით, რომელიც უკვე არსებობს და არ იძლევა შეცდომის დაშვების უფლებას. ეს მისცემს ადამიანებს კონსტრუირების საშუალებას და ადამიანები გახდებიან საკუთარი შენობების არქიტექტორები. ეს იქნება სრულუფლებიანი საქმიანობა. დღესაც ხომ ხდება, რომ ადამიანი მშენებლობას არქიტექტორის ჩარევის გარეშე ახორციელებს, მაგრამ ამას გააკეთებს უკვე ლეგალურად. მაგალითად, ალეხანდრო არავენას, ცნობილ არქიტექტორს, აქვს უკვე ასეთი საცხოვრებელი პროექტი, რომელშიც მაცხოვრებლისთვის დატოვა ადგილი, რომ მათ შემდეგ განევრცოთ თავიანთი სივრცეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომავალში არ იქნება ისეთი ქაოტური, როგორთანაც ეხლა გვაქვს საქმე, ეს არ იქნება კუსტარული თვითშემოქმედება, ადამიანებს მიეცემათ სრულფასოვანი ინსტრუმენტები და პროგრამები ამ ყველაფრის განსახორციელებლად. ამ დროს არქიტექტორი რჩება მიმართულებების ჩამომყალიბებლის როლში და ასევე პასუხისმგებელი გარკვეულ სტრუქტურაზე, სადაც უკვე ადამიანებს ეძლევათ თვითშემოქმედების საშუალება. არქიტექტორი იქნება დიდი სისტემების შემქმნელი, იდეების გენერატორი და მიმართულების მიმცემი, იშვიათ შემთხვევაში კონკრეტული შენობების ავტორიც.

დიზაინის სასწავლო ჰაბი, თბილისი

– თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს თბილისის არქიტექტურას?

– თბილისის არქიტექტურას სჭირდება მშენებლობის მეთოდიკის განახლება, რაც საშუალებებს მისცემს მას, რომ ახალი სიცოცხლე დაიწყოს. ახალი სიცოცხლე იმიტომ სჭირდება თბილისს, რომ ის დღეს “დეველოპერული სიმსივნის” გამო ფაქტიურად დაიღუპა და უპერსპექტივო სურათამდე მივიდა. აუცილებლად მოყვება ამ ყველაფერს რაღაც ტიპის განახლება, მაგრამ ამ მეთოდიკის ფარგლებში ეს დღეს შეუძლებელია. ძალიან ცხადია ის კონტურები, რა მიმართულებებითაც შეიძლება მოხდეს ახალი სამშენებლო რევოლუცია სამყაროში და და შესაბამისად, ჩვენთანაც ამ დროს ასევე ტექნიკური საშუალებები მშენებლობაში იქნება უფრო ხელმისაწვდომი და სწრაფი. თბილისმა ბევრჯერ დაიწყო ახალი სიცოცხლე თავიდან, დღესაც ახალი ქაალქი გვაქვს, სამწუხაროდ, ასე ჩამოყალიბებული, მაგრამ აუცილებლად გვჯერა, რომ იქნება კიდევ ერთი “ახალი თბილისი”, მთავარია ჩვენ დავხვდეთ მას იმ მდგომარეობაში, რომ გვეცალოს და თავი გვქონდეს ახალი ქალაქის შენების.

პროფესიული სასწავლებელი, განუხორციელებელი პროექტი (2019)

ქალაქგარე საცხოვრებელი სახლი (მიმდინარე)

ხელნაკეთი შპალერების ესთეტიკა – “de Gournay-ს” ხელწერა

რა ტიპის საღებავები არსებობს და რომელი ლიცენზირებული ბრენდებია წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე