in

NS Product-ის ჭადრაკის მაგიდა ნიუ-იორკის Collectible გამოფენაზეა წარმოდგენილი

NS Product-ის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკის მაგიდა სახელად “Do.Re.Mi. Chess” წელს პირველად გამოიფინა ნიუ-იორკში გამართულ დიზაინის გამოფენაზე Collectible, რომელიც 4-დან 7 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. ეს გამოფენა ევროპული პლატფორმის ამერიკული გამოცემაა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხელოვნებისა და დიზაინის ზღვარზე მოღვაწე ავტორებსა და სტუდიებს. არქიტექტორ ნინი ჭანტურიას მიერ შექმნილი ჭადრაკის მაგიდის არჩევა ამ პრესტიჟულ პლატფორმაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული დიზაინის საერთაშორისო აღიარების გზაზე.

Do.Re.Mi. Chess — ეს არის ფუნქციური ობიექტი, რომელიც ხელითაა შექმნილი და ხის მასალაშია შესრულებული. გარეგნულად იგი თანამედროვე სტილის ყავის მაგიდად ან ტუმბოდ აღიქმება, თუმცა მისი მთავარი საიდუმლო მასში დაფარული ჭადრაკის დაფაა, რომელიც მოულოდნელად იშლება.

თითოეული ფიგურა დამზადებულია დეტალებისადმი უზადო ყურადღებით და გარეგნული იერსახით იზიდავს როგორც მოთამაშეს, ისე უბრალო დამთვალიერებელს. მაგიდის დიზაინი აერთიანებს გაწონასწორებულ ფორმებს, ფერად დეტალებსა და კონცეპტუალურ სიმარტივეს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ის ინტერიერის ნებისმიერ სტილში ინტეგრირდეს ელეგანტურად. საინტერესო ფორმა და მკვეთრი ფერადი ბურთულები ბაზაზე ამ დიზაინს გარკვეულ სითამამესა და ხასიათს სძენს — ეს არა მხოლოდ მაგიდაა, არამედ ერთგვარი დიზაინერული აქცენტი სივრცეში.

Collectible არის დიზაინის გამოფენა, რომელიც თავდაპირველად 2018 წელს ბრიუსელში ჩატარდა და მიზნად ისახავდა სტუდიურ თუ გალერეულ დიზაინს შორის ზღვრის წაშლას. ის აერთიანებს ფუნქციურ დიზაინს და ხელოვნებას და ხელს უწყობს დისციპლინათშორისი დიალოგების წარმოქმნას არქიტექტორებს, დიზაინერებსა და კოლექციონერებს შორის. გამოფენა ყოველ წელს ყურადღებით შერჩეულ სივრცეებში ტარდება, ხოლო 2024 წლიდან უკვე ამერიკულ ვერსიასაც მოიცავს. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, კონცეპტუალური ხედვითა და მაღალი ხარისხით. NS Product-ის ჭადრაკის მაგიდის მოხვედრა აღნიშნულ პლატფორმაზე მოწმობს მის ინტერნაციონალურ პოტენციალს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული დიზაინის საერთაშორისო აღიარებას.

აგურის ესთეტიკა ტბის პირას – თანამედროვე სახლი კანადაში