in

ბაუჰაუსის 10 საკულტო ნივთი

2022 წელს ბაუჰაუსს 103 წელი შეუსრულდა. ამ ხნის განმავლობაში მისი ქოლგის ქვეშ მრავალი სახელგანთქმული ავეჯის ნიმუში შეიქმნა. შესაძლებელია არც კი იცოდით, რომ თქვენს სახლში ბაუჰაუსის სტილში შესრულებული ნივთებია. განსაკუთრებული დიზაინის არაორდინალური სტილი, რომელიც სისადავისა და ფუნქციურობის პრინციპითაა შექმნილი, დღესაც აქტუალურია.

ასეთი ავეჯი, უპირველეს ყოვლისა, ფუნქციურობისა და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით იქმნებოდა. სადა ფორმების ავეჯი მარტივი საწარმოებელია. ფოლადზე, მინაზე, ხის დაფასა და პლასტმასზე არჩევანი ბაუჰაუსმა 100 წლის წინ შეაჩერა, როცა ეს მასალები ზედმეტად არატრადიციული ჩანდა, თუმცა პრაქტიკულმა ავეჯმა მაშინდელ დიზაინერებში დამკვიდრებულ წესებს სძლია.

სკამი „Wassily“, ასევე ცნობილი როგორც B3, გერმანული წარმომავლობის ამერიკელი დიზაინერის, მოდერნისტული არქიტექტურის მიმდევრისა და ავეჯის კონსტრუქტორის, მარსელ ბროიერის (Marcel Breuer) მიერ შეიქმნა. სკამის ფორმით დაგლინული ფოლადის მილები და ბრეზენტის საფუძველი, დასაჯდომი, საზურგე და სახელურები – ეს სისადავე განსაკუთრებულად ბროიერის მეგობარმა, მხატვარმა ვასილი კანდინსკიმ დააფასა და ცოტა ხნის შემდეგ ამ  სკამს კანდინსკის საპატივცემულოდ „Wassily“ დაერქვა.

საბავშვო აკვნის შექმნა გერმანელ არქიტექტორ პიტერ კელერს (Peter Keler) სწორედ კანდინსკის შემოქმედებამ შთააგონა. ის 1923 წელს ვეიმერში ჩატარებული ბაუჰაუსის პირველ გამოფენაზე წარმოადგინეს. კელერის შთაგონების მთავარი წყარო 1911 წელს გამოსული კანდინსკის წიგნი – “ფერების თეორია” გახდა. ამ წიგნში მხატვარმა ფერებისადმი სიყვარული და ადამიანზე მისი ფსიქოლოგიური გავლენა აღწერა. ახლა უკვე გასაგებია, რატომ არის კელერის აკვანი ასეთი ნათელი და აბსტრაქტული.

მხატვარ იოსებ ჰარვიგის (Josef Hartwig) ბაუჰაუსის სტილში შესრულებულ ამ ჭადრაკის 32 ფიგურას გეომეტრიული ფორმები აქვს. ასეთი მოყვანილობით ჰარტვინგმა მხოლოდ ერთი ფუნქციის, მოძრაობის გადმოცემა სცადა. მაგალითად, დიაგონალურ სვლებს ამ დაფაზე „X” ფორმის კუ აკეთებს, თავისუფალ მოძრაობებს კი კუბზე დამაგრებული სფეროს ფორმის დედოფალი. ჭადრაკში გამოყენებული რელიგიური და მონარქიული სიმბოლიკის ამოღებით, გერმანელმა დიზაინერმა მრავალსაუკუნოვანი თამაშის თანამედროვე ეპოქაში ინტეგრირება სცადა.

სკამი „Brno“, რომელიც მოდერნისტი არქიტექტორის – ლუდვიგ მის ვან დერ როეს (Ludwig Mies van der Rohe ) მიერ არის შექმნილი, ბაუჰაუსის ავეჯის კიდევ ერთი ნიმუშია. დიზაინის იდეა მარტივია – არ არის აუცილებელი, რომ მყარი კონსტრუქციის სკამს ოთხი ფეხი და ორი 90 გრადუსიანი სახელური ჰქონდეს.

1924 წელს გერმანელმა მხატვარმა, მარიანა ბრანდტმა (Marianne Brandt) ჩვეულებრივ ჩაიდანს ყველანაირი ორნამენტი მოაშორა და ამ გზით სახასიათო გეომეტრიული ჩაის ინფუზორი შექმნა, რომელსაც ჩაშენებული ბადე ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც კვლავ უკიდურეს სიმარტივესა და ფუნქციურობასთან გვაქვს საქმე.

ჩეხი დიზაინერის, იოსებ პოლის (Josef Pohl) მიერ შექმნილი ავეჯის ეს უბრალო ნივთი ბაუჰაუსის მოყვარულთათვის „მარტოხელების კარადით“ არის ცნობილი. ის მობილური და ტევადი სათავსოს თვალსაჩინო მაგალითია. კარადა ადვილი გადასაადგილებელია, რადგან ბორბლები აქვს. მასში შეღწევა ოთხივე მხრიდან არის შესაძლებელი. ის კომპაქტური და ტევადია, ამასთან, არ არის ძვირი.

„ბარსელონაც“ ლუდვიგ მის ვან დერ როეს შექმნილი სკამია. ავტორმა ის ბარსელონაში, 1929 წელს ჩატარებული დიზაინისა და არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენისთვის შექმნა. კონსტრუქცია ორი რბილი ნაწილისგან, საზურგისგან და საჯდომისგან შედგება. ისინი ფოლადის გადაჯვარედინებულ საყრდენებზეა დამაგრებული. თავიდან საყრდენები ერთმანეთის გადაკვეთაზე ჭანჭიკით იყო დამაგრებული, მაგრამ 1950 წელს სკამის ჩარჩოს მოდერნიზება ჩაუტარეს და ის მთლიანი გახდა.

სანათი „МТ8“ გერმანელმა კონსტრუქტორმა უილიამ ვაგენფელდმა (Wilhelm Wagenfeld) და შვეიცარიელმა დიზაინერმა კარლ იაკობ იუკერმა (Carl Jakob Jucker) მოიფიქრეს. მას საპატიო მისია აკისრია – ბაუჰაუსის დღემდე მოქმედი მთავარი პრინციპის – „ფორმა მისდევს ფუნქციას“ თვალსაჩინო მაგალითად დარჩეს. მრგვალი საფუძველი, ცილინდრისებრი სადგამი და სფეროს ფორმის პლაფონი. ეჭვგარეშეა, რომ სანათის ამაზე მარტივი დიზაინერული ფორმა ჯერ არ გამოგონილა.

კარის სახელურის ეს მოდერნისტული ფორმა ბაუჰაუსის დამაარსებელს, გერმანელ არქიტექტორს, ვალტერ გროპიუსს (Walter Adolph Georg Gropius) ეკუთვნის. 1923 წელს ის მასიურ წარმოებაში ჩაუშვეს და დღემდე ამ მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომერციულ პროდუქტად ითვლება.

ამერიკული ფესვების მქონე გერმანელმა დიზაინერმა იოსებ ალბერსმა (Josef Albers) სააქცენტო მაგიდების ეს კომპლექტი შექმნა. მან ნივთები 1926-1927 წლებში, ბაუჰაუსის ავეჯის სახელოსნოს მხატვრული ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას გამოიგონა. ყველა მაგიდა მუხისგანაა დამზადებული და აკრილის ლაქითაა დაფარული. ავტორის ფერებისადმი სიყვარულმა ამ საშინაო ტრანსფორმერს ნათელი ფერები და სტატუსი შესძინა. დღეს ის ბაუჰაუსის სტილში შესრულებული ავეჯის ერთ-ერთი საკულტო ნივთია.

 

 

რომელი იატაკის საფარია უკეთესი ბინაში, სადაც შინაური ცხოველი ბინადრობს

7 ფაქტი მშენებლობის ძველი ტექნოლოგიების შესახებ