in

სამყაროთა აღმოჩენისა და დაკვირვების პროცესი ურბანისტიკასა და არქიტექტურაში — ინტერვიუ ნუცა ლომსაძესთან

დღევანდელ სტატიაში ნუცა ლომსაძის ძალიან საინტერესო მსჯელობას გაგაცნობთ და ისეთ თემებზე დაგაფიქრებთ, როგორიცაა თანამედროვე არქიტექტურის როლი, პრობლემები, გამოწვევები და ქართული არქიტექტურის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში. ამასთანავე, ინტერვიუში ყურადსაღები აქცენტებია გაჟღერებული ქართულ ურბანულ სივრცეზე, ამ სფეროში არსებულ სირთულეებსა და იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც სერიოზულ მსჯელობასა და განსჯას საჭიროებს. ნუცა თავგადასავლებით აღსავსე ბავშვობის მოგონებებსაც იხსენებს და იმ საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე გვესაუბრება, რომლებიც მის პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ვფიქრობთ, დღევანდელი ურბანული და არქიტექტურული დიალოგის გაცნობა მკითხველისთვის ნამდვილად ღირებული იქნება და შემოქმედებითი ფიქრისა და აქტუალური საკითხების გადააზრებისკენ გვიბიძგებს.

ნუცა, ცოტა ხნით დავბრუნდეთ წარსულში, რა გახსენდებათ ყველაზე მძაფრად ბავშვობიდან? 

ბავშვობა, იმდროინდელი ნაცრისფერი გარემოს მიუხედავად, საკმაოდ ფერადად მახსენდება, საინტერესო ამბები ხდებოდა გარშემო – დიდი დოზით იყო მუსიკა, სიმღერა, ხელოვნება და ამასთან ერთად, ბუნება, კარავი, მთა, რასაც, მშობლების ინტერესების წყალობით, პატარა ასაკიდან გავუსინჯე გემო. რა თქმა უნდა, იყო ეზოში თამაშიც – ხეებსა და ავტოფარეხებზე ძრომიალი, ე.წ. „შტაბების“ შენება, არსებული თუ არარსებული თამაშები და ბევრი თავგადასავალი.

არქიტექტურა პირდაპირი სახით ჩემს ცხოვრებაში მოგვიანებით გაჩნდა, ოჯახშიც არავინ ყოფილა არქიტექტორი, არც კუბიკებით სახლების შენება იყო ჩემი მოწოდება. მომწონდა ისტორია, ხელოვნება, არქეოლოგია. წარსულის მისტიკა, გეომეტრიის რაციონალურობაც მიზიდავდა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის მოთხოვნილებასაც ვგრძნობდი. უფრო ისე მოხდა, რომ ჩემი ინტერესები  ერთმანეთს შეერწყა და არქიტექტურის ქვეშ შეიკრა კვანძად.

როგორ განვითარდა თქვენი საგანმანათლებლო გზა?

საბაკალავრო საფეხურზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რა დროსაც ერთი სემესტრი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ვისწავლე. ეს პერიოდი მრავალმხრივაა ჩემთვის გამორჩეული — ეს იყო პირველი გასვლა ნაჭუჭიდან და იმის აღმოჩენა, თუ რა ხდება შენი სამყაროს მიღმა, რაც ალბათ,  ყველაზე გარდამტეხი და დასამახსოვრებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკმაოდ განსხვავებული სისტემა და დამოკიდებულებები გვხვდება იქ.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მასშტაბი გამეზარდა და ურბანისტიკის მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. ამიტომ საფრანგეთში, ტურის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ სკოლაში ჩავაბარე  „დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების“ პროგრამაზე, სადაც სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების სტუდენტების კოლაბორაცია ჩვენს საინტერესო გამოცდილებად გარდაიქმნა. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში კი საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლებს ვაკვირდებოდი — როგორია მათი განვითარების ხაზი 2008 წლიდან დღემდე და რა ნიშა შეიძლება იპოვონ მომავალში ქვეყნის ურბანული განვითარების გლობალურ სურათში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და პროფესიული თვალსაზრისით, შემეცნებითი აღმოჩნდა.

ვისაუბროთ თქვენს კარიერასა და შემოქმედებით ცხოვრებაზე, რომელ მნიშვნელოვან ეტაპებსა დაა ნამუშევრებს გამოყოფდით?

მაგისტრატურის დამთავრებისთანავე, 2020 წლის ზაფხულში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ღია კონკურსი გამოცხადდა. ამ პერიოდში ალექსანდრე გაჩეჩილაძესთან, სალომე გუგუნავასთან და ნოდარ კვანჭიანთან ერთად ჩამოვაყალიბე საგანმანათლებლო პლატფორმა — „Metaform“ და ვორქშოპის იდეა კონკურსზე გავაგზავნეთ. შემოდგომაზე, ბიენალეს ფარგლებში ჩავატარეთ საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე: „ქართული არქიტექტურის კრიტიკული ანალიზი“,  რომლის მიზანი იყო თბილისის საბჭოთა მოდერნიზმის გამორჩეული შენობების „წაკითხვა“ გეომეტრიულ-ფორმალური ანალიზის მეთოდით, რათა გასული საუკუნის არქიტექტურული ინტელექტის დაფარული შრეები და იდეოლოგიური სიმბოლიზმით დატვირთული არქიტექტურის ლოგიკა ამოგვეხსნა.     ინტენსიური ჯგუფური სამუშაოების გარდა, ვორქშოპი ქართველი და საერთაშორისო პროფესიონალების მსჯელობასაც დაეთმო, სადაც მომხსენებლები საინტერესო თემებს განიხილავდნენ  (სპიკერები: პიტერ აიზენმანი, ლორენცო დელი ესპოსტი, კაილ მილერი, ენდრიუ საუნდერსი, პიერ პაოლო ტამბურელი, ლევან კალანდარიშვილი, დავით ბოსტანაშვილი, ალექსანდრე ჩუბინიძე, ლენა კილაძე, გურამ წიბახაშვილი). ფასდაუდებელი აღმოჩნდა ყოველი მათგანის წვლილი ღონისძიების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პროცესში. აღსანიშნავია, რომ  ვორქშოპის შედეგები გამოფენის სახით საზოგადოებისთვის გაიხსნა ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში. მოგვიანებით, ის პუბლიკაციის სახითაც გამოიცა და ამ მოვლენის აღსანიშნავად, პროექტები კიდევ ერთხელ გამოიფინა.

ქართული არქიტექტურის კრიტიკული ანალიზი: რიტუალების სასახლის დიაგრამა
წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა
პუბლიკაცია

ამასთან ერთად, მუშაობა დავიწყე  სტუდია „BAU Design“-ში, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქვეყნის თანამედროვე ქალაქგეგმარებით პროცესებში. მათთან ერთად რამდენიმე საინტერესო და მასშტაბურ პროექტზე ვიმუშავე. მათ შორისაა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია და ცენტრის განაშენიანების გეგმა, რომელზეც იტალიელ პარტნიორებთან, Ardielli Fornasa Associati-სთან ერთად ვიმუშავეთ. გენგეგმის კონცეფცია მალევე დამტკიცდა და იმედია, სათანადო აღსრულებაც მოჰყვება.

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია, სტრატეგიები
გენერალური გეგმის ფრაგმენტი
სანატორიუმი მედეა, კონცეპტუალური ვიზუალიზაცია

მნიშვნელოვანი იყო ხადის ხეობის განაშენიანების გეგმაც, რომელიც ჩემთვის, რიგი მიზეზთა გამო, საინტერესო გამოცდილება იყო. პირველ რიგში, ეს არის უნიკალური ხეობა ავთენტური კულტურული მემკვიდრეობითა და ლანდშაფტით. ასევე, პროექტი გამორჩეულია ქართული ქალაქგეგმარებითი რეალობისთვის, რადგან ის დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტების მიღმა, ინტერდისციპლინური მიდგომით, ურბანულ და ეკონომიკურ გადაწყვეტებს აერთიანებს.

ხადას ხეობა
ხადას ხეობის განაშენიანების გეგმის კონცეფცია, საპილოტე გენგეგმა

ოფისის პარალელურად, სწავლება დავიწყე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS), სადაც მარიამ ლობჟანიძესთან ერთად პირველი კურსის მედია კლასტერს ვუძღვებოდი. სწავლება კიდევ სულ სხვა განზომილებაა, რომელიც მნიშვნელოვან კავშირს ქმნის თაობებს შორის და დისციპლინაში ინტელექტის გადაცემის უწყვეტობას უწყობს ხელს.

საინტერესოა როგორია თქვენი სამუშაო პროცესი? რისგან იღებთ მთავარ შთაგონებას?   

არქიტექტურული სივრცე შესაძლებლობების დიდი სპექტრია, ბევრ დისციპლინას ემეგობრება და განსხვავებულ სფეროებს აერთიანებს. ვფიქრობ, მთავარი აქ მაინც მუდმივი ფიქრის შესაძლებლობაა. თუ სივრცე უსასრულოა, ხოლო არქიტექტურა სივრცის მაძიებელია, მომწონს არქიტექტურის, როგორც განვითარების უსასრულო წყაროდ დანახვა.

შემოქმედი ადამიანისთვის შთამაგონებელია გარემო, ადამიანი, მოვლენა, რომელიც ფიქრს ბადებს. ჩვენი მსოფლმხედველობა იმ გარემოში ყალიბდება, რომელშიც ვიბადებით და ვყალიბდებით, თუმცა, „გამშობლიურებასთან“ ერთად, უფრო და უფრო გვეკარგება მისი უნიკალურობის აღქმა და შესაძლოა, საკმაოდ ზრდასრულებმა აღმოვაჩინოთ, რამდენად გამორჩეულია გზისპირა რუების არსებობა ჩვენს მშობლიურ ქალაქში. ვფიქრობ, სხვა სამყაროების აღმოჩენისა და დაკვირვების პროცესი ერთგვარი საწვავია შემოქმედებით საქმიანობებში.

როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე არქიტექტურის მთავარი გამოწვევა?  

არქიტექტურა სივრცესთან ერთად, კულტურულ-ანთროპოლოგიური განზომილებაა, რომელიც საზოგადოებაში, პოლიტიკასა და კულტურაში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებს და სივრცეში მატერიალიზდება. განვითარების პარალელურად, თანამედროვე სამყაროში გამოწვევების უფრო და უფრო დიდი სპექტრი ჩნდება. ისრაელი პალესტინას ებრძვის, ნიდერლანდები — წყალს, ცენტრალური აფრიკა — უწყლობას. გლობალური გამოწვევები არქიტექტურული დისკურსის ცენტრშიც ექცევა და კლიმატის ცვლილება, მათ შორის, ამ დისკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მეტი და მეტი ქვეყანა იბრძვის გარემოზე ზემოქმედების შესარბილებლად და ამ ბრძოლაში არქიტექტურაც აქტიურადაა ჩართული თავისი გავლენის არეალითა თუ ინსტრუმენტებით, თუმცა სამყაროს დიდი ნაწილის დღის წესრიგი ჯერ კიდევ საბაზისო საჭიროებებია.

ტექნოლოგიური განვითარება, ხელოვნური ინტელექტის სახით, კიდევ ერთი გამოწვევაა, რომლის მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ საკმაოდ მყიფეა. სხვა სფეროებთან ერთად, ის არქიტექტურაშიც მნიშვნელოვანი დაკვირვების და ცდის საგანია და ალბათ მალე დისციპლინის ცენტრალური დისკურსის ნაწილიც გახდება. შეიძლება თუ არა ეს გლობალური არქიტექტურისეული ბრძოლები დისციპლინაში ახალ პარადიგმად ჩაითვალოს? ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა ამ ქაოსურ რეალობაში მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურამ თავისი ნიშა იპოვოს.

განვიხილოთ ქართული ურბანული და არქიტექტურული სივრცე, რა მნიშვნელოვან პრობლემებს გამოყოფდით? 

საქართველოში არქიტექტურული პროფესიული წრე საკმაოდ ვიწრო და ჩაკეტილია. ის ნაკლებად ურთიერთობს სხვა დისციპლინებთან და საზოგადოებასთან. არქიტექტურის პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერებაც  ხშირად ცდება მის ნამდვილ შინაარსს. სფეროს განვითარების ლოკალური ტენდენციები სხვაგვარ ასოციაციას იწვევს არქიტექტურით დაინტერესებულ ახალგაზრდებშიც. იქიდან გამომდინარე, რომ არქიტექტურული ენა დიდწილად ვიზუალურია, ხშირად არასწორი მოლოდინი იქმნება, რომ თეორიული განათლების გარეშე სრულფასოვან პროფესიონალად შეიძლება ჩამოყალიბდე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეკონომიკის მიერ მართული თანამედროვე ქართული არქიტექტურული სივრცე, ამ მოლოდინს ზედმიწევნით ამართლებს.

განათლების პრობლემა ქალაქგეგმარებასაც ეხება და ალბათ უფრო მწვავედაც. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობს ურბანისტიკის დამოუკიდებელი პროგრამა და ის მხოლოდ არქიტექტურასთან ერთობლიობაში ისწავლება, ეს სფერო ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინის უწყვეტი და თანმიმდევრული კულტურის ჩამოყალიბება, რომ შემდეგ მისი განვითარების გზებზეც შევძლოთ საუბარი.

ამასთანავე, ურბანული განვითარება მეტადაა დამოკიდებული გარემოებებზე, ვიდრე არქიტექტურა. შესაბამისად, საქართველოში ის მეტ გამოწვევას აწყდება. ერთი მხრივ, მასშტაბი და მრავალდისციპლინურობა უფრო აზარტულს ხდის ქალაქგეგმარებას, მეორე მხრივ კი ურბანული განვითარების პირდაპირი კავშირი პოლიტიკურ ნებასთან „მაღლა ფრენის“ საშუალებას ნაკლებად იძლევა. იმის გათვალისწინებითაც, რომ ქალაქგეგმარების ეფექტურობა გრძელვადიანი სურათია, მოთმინების უნარი გადაწყვეტილების მიმღებთა შორის იშვიათად არსებობს.

ჩვენს რეალობაში პრიორიტეტულია ინდივიდუალურ ინტერესებზე მდგარი ქვეყნის ეკონომიკური მისწრაფება, რაც სრულიად წერტილოვანი პროცესია, არ გამომდინარეობს არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ღირებულებებიდან და ვერ იძლევა სისტემური, თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობას. ასეთ კონტექსტში ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებრივი ცნობიერების როლი.

საქართველოში არქიტექტურა და ურბანული განვითარება ჯერ კიდევ განყენებულია საზოგადოების ყოველდღიურობისგან. ვფიქრობ, რომ  სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობაა საზოგადოებაში ნიჰილიზმის მიზეზი, რა დროსაც სოციუმი ვერ იაზრებს პრობლემების გრძელვადიან გავლენას მისი ცხოვრების ხარისხზე, ხოლო ქალაქზე მიკუთვნების და პასუხისმგებლობის განცდა მხოლოდ მისი უკეთ შეცნობითა და შეგრძნებითაა შესაძლებელი.

რომელია თქვენთვის ღირებული პროექტები თანამედროვე ქართული არქიტექტურიდან ?

ქართული არქიტექტურა კარგად გადმოსცემს ქვეყნის მრავალფეროვან კულტურულ რეტროსპექტივას. ჩემთვის, ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა ვერნაკულარული არქიტექტურა, როგორც კულტურის გადამცემი, მატერიალური მემკვიდრეობა. აქვე მინდა აღვნიშნო ბოლოდროინდელი პროექტები, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის (ჯესი ვოგლერი, რამაზ კიკნაძე, გიორგი მარგიშვილი) ინიციატივით შესრულდა: მესხური დარბაზის ტიპოლოგიის კვლევა, ასევე, ონის სკოლა, რომელიც რაჭის ვერნაკულარულ არქიტექტურას იკვლევს. თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში შეინიშნება წერტილოვანი, თუმცა იმედისმომცემი ძვრები, როგორც დიზაინის, ასევე თეორიის მხრივ. ვფიქრობ, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს დაარსებით, არქიტექტურის გარშემო დისკურსის სივრცე გაჩნდა, რომლის მასშტაბი თანდათანობით იზრდება, რაც მისასალმებელია.

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე  

ამჟამად, მიმდინარე პროექტების დამთავრების პარალელურად, ერთგვარი ტრანზიციის პერიოდი მაქვს. არქიტექტურაში რამდენიმე მიმართულებით მოვსინჯე თავი და ახლა მსურს ჩემი გამოცდილებებისა და ინტერესების სინთეზი და თარგმნა რაღაც ახალში, რაც ახალ სათამაშო მოედანს შემიქმნის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

საკუჭნაოს მოწყობა – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

ნამაი ვაკე — ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც GEFF-ის A კლასის ხარისხი მიენიჭა