in

ქართული დიზაინ სტუდიის მიერ შესრულებული ოფისის ინტერიერი ერევანში – Material Editors-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ოფისი, რომელიც სომხეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს ცენტრში მდებარეობს, 400 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. პროექტის დიზაინზე ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებით დაკომპლექტებულმა სტუდია Material Editors-მა იმუშავა.

ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა. თავდაპირველად, როდესაც ამ ტენდერის შესახებ გავიგეთ, ჯერ კომპანია ახალი დაარსებული გვქონდა, ამიტომ ასეთი მასშტაბის პროექტზე მუშაობა საზღვრებს გარეთ, ჩვენთვის საინტერესო იყო. ტენდერი 2019 წლის ბოლოს კომპანია „არქთრეიდსა“ და “Cushman & Wakefield”-თან ერთად  მოვიგეთ და 2020-ის დასაწყისში უკვე დავიწყეთ მუშაობა. რადგან პროექტი ერევანში მდებარეობდა წინასწარ დაგეგმილი გვქონდა რამდენიმე ვიზიტი ობიექტზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მთელი პროექტის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ ადგილზე ჩასვლა. 2020 წლის თებერვალში, მაშინ როდესაც კორონა ვირუსი ჯერ კიდევ უცხო იყო ჩვენს ცხოვრებაში და საქართველოში ჯერ შემთხვევები არ ფიქსირდებოდა, გავემგზავრეთ ადგილის პირველად მოსანახულებლად. მაშინ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ სულ რაღაც ორ კვირაში სახლებში ჩაკეტვა გვემუქრებოდა და პანდემიის პირველი “ლოქდაუნი” გამოცხადდებოდა.

პროექტი სრულიად იზოლირებულად, ცალ-ცალკე სახლებში, ონლაინ მუშაობის რეჟიმით გავაკეთეთ. დღეს უკვე ნორმად ქცეულ, ონლაინ შეხვედრებზე საქართველოს, სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომდგენლები ვიკრიბებოდით. დიზაინის ეტაპმა უმტკივნეულოდ ჩაიარა, მაგრამ შემდგომ დადგა ყველაზე რთული ნაწილის დრო. ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა წარგვემართა რემონტის პროცესი ისე, რომ უცხო ბაზარზე კონკრეტული მასალები ხელშეუხებლად, ფოტოებითა და ონლაინ კატალოგებით აგვერჩია. საბედნიეროდ, კომპანია „არქთრეიდისა“ და “Cushman & Wakefield”-ის ორგანიზებით, ყველაფერმა ისე ჩაიარა, თითქოს მუდმივად ობიექტზე ვიმყოფებოდით და მიუხედავად ამ სირთულეებისა, საბოლოო შედეგი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა,” – გვიამბობენ პროექტის ავტორები

დამკვეთის მთავარ მოთხოვნას გაშლილი და გამჭვირვალე სივრცის შექმნა წარმოადგენდა. ამას გარდა, საპროექტო დავალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სივრცის მაქსიმალურად ათვისება იყო. სწორედ ამიტომ, პროექტში ვხვდებით სხვადასხვა მრავალფუნქციურ კედლებსა და კარადებს.

აღსანიშნავია, რომ ოფისის ყველა სივრცე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საკონფერენციო დარბაზებში არსებული ტიხრებიც კი მოძრავია, რაც საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე ზონის გაერთიანებისა და ახალი დიდი სივრცის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ჭერები და მაგიდები სრულად დაფარულია აკუსტიკური პანელებით, რაც მიუხედავად გეგმის გახსნილობისა, პრივატულობის შეგრძნებას გვიტოვებს.

მოცემულ პროექტში დიდ როლს თამაშობს ფერი. სივრცე დაყოფილია სამ ფუნქციურ ზონად – საჯარო (სტუმრის) სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე და დახურული ოფისები. ეს ზონები ფერების ტონალობებით მკვეთრად არის გამოყოფილი ერთმანეთისგან. მაგალითად, საჯარო სივრცე – თბილ ფერებშია წარმოდგენილი – აქ ჭარბობს მუქი წითელი და ნარინჯისფერი, საერთო სამუშაო სივრცეში დომინანტი ფერი მწვანეა, ხოლო დახურულ ოფისებში ძირითადად ლურჯ და ცისფერ ფერებს ვხვდებით.

ინტერიერში ნაკლებად არის ტრადიციული სომხური ელემენტები, ვინაიდან ოფისი საერთაშორისო კომპანიას ეკუთვნის. ერთადერთი კავშირი ლოკალურ ადგილთან ცალკეულ სივრცეებში წითელი და ბორდოსფერი დეტალებია, რაც სომხეთის ერთ-ერთი სიმბოლოს, ბროწეულის ფერია.

ადგილმდებარეობა: ერევანი, სომხეთი.

ფართი: 400 მ2

დიზაინი: Material Editors

შემსრულებელი: Archtrade

დამკვეთი: Archtrade

პროექტის მენეჯერი: Cushman & Wakefield

ფოტოები: Material Editors

გამოყენებული ბრენდები :  Haworth, Sancal, Enea, Arper, GanRugs, Lamp 83, Maars, Dorma.

მეღვინეობა შილდა – ტრადიციები და თანამედროვე ხედვა ინტერიერში

ნანნა დიცელი – ფორმისა და ფუნქციის დანიელი დიზაინერი