in ,

მეღვინეობა შილდა – ტრადიციები და თანამედროვე ხედვა ინტერიერში

Banner M2
Banner M2

საქართველო უძველესი ღვინის კულტურაა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, სწორედ ჩვენი სამშობლოდან გაიკვლია გზა ვაზმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. აქედან გამომდინარე, მეღვინეობის ტრადიცია ქართველების ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თანამედროვე ქართველი მეღვინეები მხოლოდ პროდუქტის ხარისხზე ზრუნვით არ შემოიფარგლებიან და მათთვის მნიშვნელოვანია ღვინის კულტურის მთელი კონცეფცია, რაც თავის მხრივ, ბევრ კომპონენტს აერთიანებს, მათ შორის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, რომელიც გამსჭვალულია სახასიათო ქართული სულით. ამ მხრივ ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია მეღვინეობა შილდა, რომელიც ხასიათდება გამორჩეულად გემოვნებიანი სტილითა და დახვეწილი დიზაინით. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ “სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ჰოსფითალითი მენეჯმენტის, ღვინისა და საცალო ვაჭრობის ხელმძღვანელს, ნათია ჩხარტიშვილს გავესაუბრეთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ლონდონში სწავლის შემდეგ, ნათიამ მოდისა და ჰოსფითალითი მენეჯმენტში დაიწყო მუშაობა. საცალო ვაჭრობის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება მას ახალი იდეების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარა. რაც შეეხება „სმარტ კაპიტალ ჯგუფს”, ნათია ამ კომპანიას დაარსების დღიდან შემოუერთდა და როგორც ის გვიამბობს, ეს მისთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელოვნება, საინტერესო გამოფენები, განსხვავებული მიგნებები, თანამედროვე არტი, დიზაინი და არქიტექტურა. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი იდეებისა და ინსპირაციის წყაროა. ბევრი ნამუშევრის შექმნის შემდეგ მივმხდარვარ, რომ სწორედ პატარა ელემენტებისგან, ამბებისგან, გამოფენებისგან, თუნდაც შთაბეჭდილებებისგან შედგება ჩემი საქმიანობა და ახალი იდეები. ასევე მიყვარს, როცა ნივთები და დიზაინი თვითონ გვიყვება რაღაც ამბავს და როცა მათი შექმნის პროცესს საინტერესო ისტორია გააჩნია,” – გვიამბობს ნათია

სწორედ ამ იდეებსა და შთამაგონებელ ცხოვრებისეულ მომენტებზე დაყრდნობით შექმნა ნათია ჩხარტიშვილმა “მეღვინეობა შილდას” დიზაინი. ეს არის პროექტი, რომლის რეალიზებაში ნათია სრულად იყო ჩართული და საკუთარი ხედვები სწორედ იმ სახით განახორციელა, როგორც მას თავდაპირველად წარმოედგინა. პროექტის დეტალებზე მისი ავტორი თავად გვიამბობს:

როგორც იცით, საქართველო ცნობილია სტუმარმასპინძლობის კულტურით. მეც ძალიან მიყვარს მასპინძლობაც და სტუმრად ყოფნაც, როცა გარემო შესაბამისია. ამ განწყობითა და ტრადიციების საფუძველზე, შევქმენით „მეღვინეობა შილდა“, სადაც სტუმრის მიღება მყუდრო გარემოში და საუკეთესო ღვინით გამასპინძლება ყოველთვის სიამაყით შეგვიძლია.

დიზაინის შექმნაში აქტიურად ვიყავი ჩართული. უამრავი ნივთი შევაგროვე და შემდგომ ახალი ფუნქცია მივანიჭეთ მათ. ავეჯის ძალიან დიდი ნაწილი მეორადი ხის, მეტალის ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით შევქმენით და ახალი სიცოცხლე შევძინეთ.

ინსპირაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ამ პროექტში ჩემთვის ექსტერიერია – კახეთი წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებით კი შემოდგომასა და გაზაფხულზე, ულამაზესია თავის ალაზნის ველის ხედებით, ვენახებით, დამწიფებული ყურძნის მტევნებითა და მოფუსფუსე ადამიანებით.

შილდაში მთელი ეზო მორთულია ტრადიციული ელემენტებით – ეს არის ქვევრები, ქართული ტრადიციული თონე, უძველესი საწნახელი, დაწნული გარე ავეჯი, ძველი ქვევრები. რაც მთავარია, ყველაფერი მოქმედია და არ წარმოადგენს მხოლოდ დეკორაციას.

რაც შეეხება შიდა ინტერიერს, აქაც მაქსიმალურად დაცულია კახური შატოს სტილი. აქ გვხვდება დიდი ბუხარი, რომელიც ფუნქციურიცაა და დეკორის ნაწილსაც უსვამს ხაზს. მეორადი ხისგან შექმნილი ავეჯი, უზარმაზარი მოწნული სანათი, რომელიც კიდია ბუხრის წინ ინტერიერის ცენტრში, იქვე, მიწაში მიმოფანტული ქვევრები. ხედის მაქსიმალური აღქმისთვის ინტერიერში გამოვიყენეთ შუშა, რომელიც სტუმარს აძლევს საშუალებას, დატკბეს ულამაზესი ხედებით 360 გრადუსით.

და ბოლოს, რაც ყველაზე მეტად მომწონს და რასაც სტუმრებიც მუდმივად აღნიშნავენ არის ის, რომ ჩვენ შევძელით ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ამ მემკვიდრეობის ახალი ინიციატივებითა თუ ხედვებით სავსე პროექტის შექმნა. სწორედ ეს არის მთავარი ღირებულება მეღვინეობა შილდას დიზაინში და მთელ მის კონცეფციაში.

ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებული სახლი ნიუ-იორკში – ანდრე მელონეს ნამუშევარი

ქართული დიზაინ სტუდიის მიერ შესრულებული ოფისის ინტერიერი ერევანში – Material Editors-ის ნამუშევარი