in

რა არის პერგოლა და მისი რომელი სახეობებია წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე

პერგოლამ, როგორც თანამედროვე საჩრდილობელმა სისტემამ, სივრცის დიზაინში განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. მისი დახმარებით შეგიძლიათ, მზის, წვიმის, ქარისა და თოვლისგან დაიცვათ სივრცე და სასიამოვნო კუთხე მოაწყოთ, რომელიც კომფორტული, მყუდრო და მიმზიდველი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ პერგოლა ხშირად გვხვდება ექსტერიერის დიზაინში, ადამიანთა უმეტესობამ ცოტა რამ იცის მისი დანიშნულებისა და სახეების შესახებ, არადა, ამ ინფორმაციის გათვალისწინება მნიშვნელოვნად გვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებისას.

სწორედ ამიტომ მივმართეთ კომპანია „AV LUX – markilux“-ს, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს. მისი წარმომადგენელი, ალექსანდრე ქრისტიანიდი, პერგოლის სახეების შესახებ გვესაუბრება.

„პერგოლა“ იტალიური სიტყვაა. მას საჩრდილობელ სწორკუთხა ნაგებობას უწოდებენ. კონსტრუქციას პარალელური საყრდენი ბოძები აქვს, რომლებიც ერთმანეთს ჰორიზონტალურად განთავსებული განივი ძელებით უკავშირდება. პერგოლა, შესაძლოა, ნაგებობაზე იყოს მიშენებული, ან სრულიად დამოუკიდებლად იდგეს. თავდაპირველად პერგოლას მცენარეების, განსაკუთრებით კი ვაზის ტალავრის მოსაწყობად იყენებდნენ, შემდგომში კი მან დეკორატიული საჩრდილობლის ფუნქცია შეიძინა.

თანამედროვე დიზაინში რამდენიმე სახის პერგოლა გამოიყოფა:

1. ხის პერგოლა – ძირითადად დეკორატიული დანიშნულებით იყენებენ, რადგან, ხის ბოძების/კოჭების/ძელების სისქის მიუხედავად, მეტად ჰაეროვანი კონსტრუქცია აქვს. ასეთი ტიპის ნაგებობა ვერც წვიმისგან იცავს ადგილს და ვერც ჩრდილს ქმნის, ამიტომ ხშირად, უბრალოდ, მცენარეებითაა დამშვენებული. მას წარმატებით იყენებენ ბაღის, ეზოსა და სკვერის დიზაინში.

2. ალუმინის პერგოლა – ალუმინის კონსტრუქცია შედგება ქსოვილის ან პოლიესტერის გადახურვისგან (საჩრდილობლისგან). უმეტესად, გადახურვა მოძრავია და ელექტროძრავისა და ღვედოვანი გადაცემის მეშვეობით იმართება. შესაძლოა, არსებობდეს ცალკე მდგომი კონსტრუქციაც, თუმცა დიზაინში, ძირითადად, შენობაზე მიდგმული ვარიანტი გვხვდება. ასეთ პერგოლას აქტიურად იყენებენ მზისა და წვიმისგან დასაცავად. სასურველ დროს მისი მოძრავი სახურავი იკეცება და სუფთა ჰაერზე მზის სხივებით ტკბობაა შესაძლებელი.

ალუმინის პერგოლა ორ ქვეტიპად იყოფა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან კონსტრუქციის მახასიათებლებით, გადახურვის აკეცვის თავისებურებებით, ზომებითა და წვიმისადმი/ქარისადმი გამძლეობით.

ალუმინის ჰაეროვანი პერგოლა – შედგება კედელთან ძელით დაკავშირებული ორი პარალელური ბოძისგან, რომლებიც აკეცილი პერგოლის შემთხვევაში განცალკევებულია. წყლის ნაკადისგან დასაცავად ძელები ოდნავ დახრილადაა დამაგრებული და მიმმართველების მოვალეობასაც ასრულებს: მათში ღვედური გადაცემის მექანიზმია მოთავსებული, რომელსაც სპეციალური მილისებრი ელექტროძრავა ამოძრავებს. ყველა მამოძრავებელი მოწყობილობა კი ალუმინის პროფილებშია ჩამალული. ჰაეროვანი პერგოლა სატენტე ქსოვილისგან შედგება, რომლის ფერთა არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია (დაახლოებით 400-მდე კომბინაცია). ის სპეციალური ბოჭკოსგან მზადდება, რომელიც წყალგამძლეობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ასეთი ტიპის პერგოლა ქარის მიმართ მდგრადია: ბოფორტის სკალის (ქარის ძალის შეფასების 12-ბალიანი სისტემა) მიხედვით, მას მე-6 ნიშნული შეესაბამება (ქარის სიჩქარე: 38-48 კმ/სთ).

1-სექციიანი ჰაეროვანი პერგოლის მაქსიმალური ზომებია: 600 სმ. x 450 სმ. ან 500 სმ. x 600 სმ. (სიგანე და გაშლის სიგრძე). შესაძლებელია რამდენიმე სექციის გადაბმაც. მაგალითად, 3-სექციიანი პერგოლის მაქსიმალური ზომებია: 1800 სმ. x 450 სმ. ან 1500 სმ. x 600 სმ.. ჰაეროვანი პერგოლას საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე 350€- 650€-ია.

ალუმინის სტანდარტული პერგოლა – კარკასული ტიპის შეკრული კონსტრუქცია, რომელსაც ბევრად დიდი ფართობის დაჩრდილვა შეუძლია, ვიდრე ზემოხსენებულ პროდუქტს.  ასეთი ტიპის პერგოლა თითქმის ყოველთვის შენობაზეა მიდგმული. ჰაეროვანი პერგოლის მსგავსად, სტანდარტულსაც აქვს წინა ორი საყრდენი ბოძი, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ბოძები ერთმანეთთან ალუმინის ჰორიზონტალური პროფილითაა დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, სანიაღვრე ფუნქციასაც ასრულებს. ჰაეროვანი პერგოლისგან განსხვავებით, კონსტრუქციაში გამოყენებულია პოლივინილქლორიდის (პვქ) ქსოვილი, რომელიც საკმაოდ სქელი და მძიმეა, ამიტომ მას ყოველ 50-60 სანტიმეტრში განივი ალუმინის პროფილები იჭერს. განივი პროფილები, პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს, რადგან მათში LED განათებებია ჩამონტაჟებული. სტანდარტულ პერგოლაში გამოყენებული სატენტე ქსოვილის ფერთა არჩევანი შედარებით შეზღუდულია: დაახლოებით 25-30 ფერი, ხოლო ქსოვილის 5-6 სახის სტრუქტურა არსებობს.   პოლივინილქლორიდის ქსოვილი წყალგაუმტარია და 10 სმ-მდე სისქის თოვლის დაჭერა შეუძლია. კონსტრუქცია ისეა მოწყობილი, რომ წვიმის დროს ყველა პროფილი ერთიან სანიაღვრე სისტემას ქმნის, შესაბამისად, წყალი საყრდენ ბოძებში ჩაედინება. მათ ძირში არსებული რამდენიმე დეკორატიული სახეობის წყალგამყვანი ჭრილების მეშვეობით კი, საბოლოოდ, გარეთ გაიდევნება.

1-სექციიანი სტანდარტული პერგოლის მაქსიმალური ზომებია: 450 სმ. x 1000 სმ. (სიგანე და გაშლის სიგრძე); 3-სექციიანი პერგოლის მაქსიმალური ზომებია: 1350 სმ. x 1000 სმ. აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტულ პერგოლებს უკეთესი ქარმედეგობა აქვთ, ვიდრე ჰაეროვნებს. მათ ქარისადმი გამძლეობის მე-10-მე-11 ნიშნული შეესაბამება, რაც 88-117კმ/სთ სიჩქარეს უდრის. სტანდარტული პერგოლას საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე 250$- 400$-ის ფარგლებში მერყეობს, პრემიუმ ბრენდების შემთხვევაში კი 1 კვ.მ-ზე 80€- 1500€-ია.

3. ბიოკლიმატური პერგოლა – არსებობს კიდევ ერთი, ბიოკლიმატური პერგოლა, რომელიც ასევე კარკასული ტიპისაა. სხვა პერგოლებისგან განსხვავებით, მისი მოძრავი სახურავი, პოლივინილქლორიდის ქსოვილის ნაცვლად, ალუმინის პანელებითაა (ლამელებით) მოპირკეთებული. პანელები დათბუნებულია, რისი წყალობითაც, პერგოლის შემინვისას სრულფასოვანი ოთახის მიღებაა შესაძლებელი. ლამელები მოძრავი და რეგულირებადია. გარდა ამისა, ელექტროძრავის მეშვეობით სახურავის სრულად აკეცვაცაა შესაძლებელი. ასეთი პერგოლა ყველაზე მდგრადია წვიმის, სეტყვისა და თოვლისადმი.

ბიოკლიმატური პერგოლის სახურავი ჰორიზონტალურია ან უმნიშვნელოდ დახრილი. ის შეიძლება შენობაზე მიდგმული, ან ცალკე მდგომი შეგხვდეთ. მისი ფასი, პერგოლის სხვა სახეებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია, ამიტომ ექსტერიერში არცთუ ისე ხშირად გამოიყენება. 1-სექციიანი ბიოკლიმატური პერგოლის მაქსიმალური ზომებია: 450 სმ. x 800 სმ. (სიგანე და გაშლის სიგრძე), 2-სექციიანისა – 700 სმ. x 600 სმ. რაც უფრო მეტია გაშლის სიგრძე (300 სმ-დან 1000 სმ-მდე), მით უფრო მსხვილდება კონსტრუქციის ბოძებისა და ძელების გეომეტრია და იზრდება პროფილების კედლების სისქეები. ბიოკლიმატური პერგოლას საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე 800$- 1200$-ია.

თუ პერგოლის შეძენას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, წინასწარ განსაზღვროთ, რისთვის და რა პირობებში აპირებთ მის გამოყენებას. ზემოთ მოცემული ინფორმაცია კი ნამდვილად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

1936 წელს აშენებული სახლის საუცხოო რენოვაცია

არქიტექტურა, როგორც დეტალების ხელოვნება – ინტერვიუ გიორგი სულაბერიძესთან