in

არქიტექტურა, როგორც დეტალების ხელოვნება – ინტერვიუ გიორგი სულაბერიძესთან

ჩვენს დღევანდელ გმირს მიაჩნია, რომ პროფესიის სიყვარულითა და დეტალებზე დაკვირვებით ნამდვილი, ღირებული არქიტექტურა იქმნება, რომელიც ადამიანთა გარემოს აყალიბებს და მათი ცხოვრების ხარისხზე უდიდეს გავლენას ახდენს. მრავალმხრივი გამოცდილებისა და არაერთი პროექტის ავტორი, გიორგი სულაბერიძე, Homeis.ge-ს მკითხველს საკუთარ ხედვაზე, არქიტექტურისადმი დამოკიდებულებასა და შემოქმედებით პროცესზე ესაუბრება, ამასთანავე, ქართულ არქიტექტურულ სივრცესაც ახასიათებს და თავის ახალგაზრდა კოლეგებს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

გიორგი, მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორ გარემოში იზრდებოდით და როდის დაინტერესდით პირველად არქიტექტურით?

არქიტექტურით მე-7-მე-8 კლასიდან დავინტერესდი, რაც იმ გარემოს დამსახურებაა, რომელშიც ვიზრდებოდი. მამაჩემი, ოთარ სულაბერიძე, ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო, რომელიც, ძირითადად, სეისმომედეგი და დიდმალიანი კონსტრუქციების მიმართულებით საქმიანობდა. ამასთან ერთად, კარგად ხატავდა და ძეგლთა გამაგრებასა და რესტავრაციაზეც მუშაობდა. მშენებლები იყვნენ ჩემი ბაბუა, გიორგი სულაბერიძე და დიდი ბაბუა, იაკობ სულაბერიძეც, რომელიც XVIII საუკუნის 90-იან წლებში სამტრედია-ბათუმის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.

ბაკურიანი, 1972 წელი

მოგონება, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული კვალი დატოვა და პროფესიულ არჩევანზეც იმოქმედა, ბავშვობას უკავშირდება. ადრეული ასაკიდან ბაკურიანში თხილამურებზე დავდიოდი. 1974 წლის იანვარში, როდესაც ერთ-ერთ შეკრებაზე ავად გავხდი, ცნობილ არქიტექტორთან, რამაზ კიკნაძესთან ერთად ერთ ოთახში დამაწვინეს. მასაც მაღალი სიცხე ჰქონდა და შეუძლოდ გრძნობდა თავს. კარგად მახსოვს, როგორ მიხსნიდა და მასწავლიდა ცხენის თავის ხატვას სამი წრეწირის დახმარებით. რამდენიმე დღეში რამაზი გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა, 37 წლის იყო. ამ ტრაგედიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ამ პროფესიაზეც მეტად დამაფიქრა…

გვიამბეთ თქვენი განათლების შესახებ.

სკოლის დასრულების შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე, სადაც მრავალი კარგი პედაგოგი და ხელმძღვანელი გავიცანი.  განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი მოგონება. მესამე კურსის დასრულების შემდეგ, 1988 წლის გაზაფხულზე, ჩემს მეგობარსა და კურსელთან, ირაკლი აბაშიძესთან ერთად ორი თვით საფრანგეთში, ქალაქ სერჟი-პონტუაზის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გავემგზავრე. ამ მოგზაურობაში დიდი წვლილი არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ნიკა შავიშვილმა შეიტანა. იმ პერიოდში საფრანგეთში მოხვედრა წარმოუდგენელი იყო. ჩვენზე, როგორც  „საბჭოთა“ სტუდენტებზე, პარიზის არქიტექტურამ, ცხოვრების სტილმა, იქაურმა უნივერსიტეტმა და თავისუფლების სულმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

საფრანგეთი, ქ. სერჟი-პონტუაზი, 1988 წელი

როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა?

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი უფროსი მეგობრის, კარგი არქიტექტორისა და ადამიანის, ბატონი გივი მეტრეველის ხელმძღვანელობით, მუშაობა დავიწყე „საქქალაქმშენპროექტის“ მეორე სახელოსნოში, სადაც სამი წელი ვიმუშავე. შემდეგ ორი წელი – გერმანიაში, დრეზდენსა და მიუნხენში, ათი წელი კი მოსკოვში ვსაქმიანობდი, სადაც კერძო სახლის პროექტებს, ბინების, მაღაზიების, რესტორნებისა და კლუბების ინტერიერზე ვმუშაობდი. 2000 წელს თბილისში დავბრუნდი და საპროექტო კომპანია „არტსტუდიო პროექტი“ დავაარსე, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ ჩემს უფროს შვილთან, ოთარ სულაბერიძესთან ერთად.

რესტორნის ინტერიერი, მოსკოვი; 1996 წელი
არტსტუდიო პროექტის ოფისი

თქვენი აზრით, რას ნიშნავს არქიტექტორობა XXI საუკუნეში?

არქიტექტურა კომპლექსური, მრავლისმომცველი პროფესიაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ისეთი გლობალური გამოწვევების წინაშე ვართ, როგორებიცაა: ეკოლოგია, მდგრადობა, მემკვიდრეობა, გარემოს დაცვა. არქიტექტორებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება მომავალი თაობების წინაშე, რადგან არქიტექტურა, განსაკუთრებით კი ქალაქგეგმარება, უმთავრეს როლს ასრულებს ადამიანებისთვის კომფორტული, უსაფრთხო გარემოსა და ჯანმრთელი, ბედნიერი ცხოვრების შექმნაში.

სასტუმრო ნოვოტელი აეროპორტთან
მრავალფუნქციური კომპლექსი Citizen თამარაშვილის ქუჩაზე

როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტორულ სივრცეს?

ვფიქრობ, დღევანდელი ქართული არქიტექტურა, ქვეყნის 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის გათვალისწინებით, განვითარების ლოგიკურ ეტაპზეა. ამ პერიოდში, გარკვეულწილად, გადავაფასეთ საბჭოთა მემკვიდრეობა და ფასეულობები, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკამ კი ის სირთულეები გამოავლინა, რომლებიც კარგა ხნის წინ დაძლიეს განვითარებულმა ქვეყნებმა. ვგულისხმობ პროფესიული ეთიკის, კანონმდებლობისა და ესთეტიკური ხასიათის საკითხებს.

გლობალიზაციის პირობებში ქართული არქიტექტორული სივრცეც, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა: უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რესურსების დაზოგვა, ადამიანის მიერ შექმნილი და ბუნებრივი გარემოების ჰარმონიზაცია. თუმცა, კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემად განათლების სიმწირე მიმაჩნია, როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მხრივ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ დასახვეწია სამშენებლო კულტურა და ტექნოლოგია, არქიტექტორისა და დამკვეთის ურთიერთობის წესები და ეთიკა, აგრეთვე, საზოგადოების დამოკიდებულება ამა თუ იმ არქიტექტურული ნიმუშისადმი. ალბათ, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

ლუდის ქარხნის რეკონსტრუქცია მარცხენა სანაპიროზე

თავად როგორი არქიტექტურა მოგწონთ და რომელ ობიექტებს გამოარჩევდით?  

არაერთი ეპოქისა და ქვეყნის არქიტექტურა მომწონს. თანამედროვეობიდან გამოვარჩევდი დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტურას. საქართველოში ჩემთვის ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული მცხეთის ჯვრის კომპლექსია სრული სახით, მთასთან ერთად. იგი ნებისმიერ სეზონზე მომხიბვლელია.

Museo Jumex, მეხიკო
Neues Museum, ბერლინი
მცხეთის ჯვრის კომპლექსი

გვესაუბრეთ თქვენს სამუშაო პროცესსა და შემოქმედებაზე. ვინ არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელი?

მუშაობისას მთავარია პროფესიის სიყვარული და მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რომელიც, ალბათ, ყველა არქიტექტორს ახასიათებს. ჩემთვის მთავარი ავტორიტეტი მამაჩემი ოთარია, ჩემი ნამუშევრებისა და გადაწყვეტილებების მთავარი შემფასებელი კი – ჩემი შვილი ოთარი, რომელთან ერთადაც ვმართავ კომპანიას.

რაც შეეხება ნამუშევრებს, ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მუშაობის პროცესის თვალსაზრისით, გამოვყოფდი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რეკონსტრუქციის პროექტს. კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით, მის გუნდთან ერთად, თითქმის სამი წელი ვმუშაობდით ლადო მესხიშვილის მიერ დაპროექტებული კომპლექსის რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციაზე. მუშაობის დროს თანამშრომლებთან ერთად (ლევან ყავლაშვილი, ლუდა ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე) განვიხილავდით თითოეული აუდიტორიის, ლაბორატორიის, კაბინეტის, საზოგადო სივრცის გეგმარებასა და დიზაინს. ჩვენს ნააზრევს ბატონი კახა სიღრმისეულად ეცნობოდა ხოლმე, ამიტომ ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეულია.

აგრარული უნივერსიტეტი რეკონსტრუქციის პროცესში; 2011წელი

რას გეგმავთ სამომავლოდ?

დღესდღეობით ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა მასშტაბის 30-მდე მიმდინარე პროექტია, რომელთაგან გამოვყოფ „Citizen“-ის მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელსაც ოთარ სულაბერიძე და გიორგი ტვილდიანი ხელმძღვანელობენ დანარჩენ გუნდის წევრებთან ერთად. ასევე დავასახელებ კომპლექსს მუკუზანში, ლუდის ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტს თბილისში, კომპლექსს ბაკურიანში, სასტუმროს ბახმაროში, „ნოვოტელის“ ბრენდის სასტუმროს აეროპორტში. ძალიან საინტერესოა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობაც გია აბულაძესა და გიორგი გოცირიძესთან ერთად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვეთ და ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ოთხი ისტორიული შენობის რეაბილიტაციას ვიწყებთ. ამასთან ერთად, კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტს ველოდებით.

რა არის თქვენს პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და რას ურჩევდით თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს?

ჩემ გარშემო უამრავი ახალგაზრდა არქიტექტორია. უმეტესობამ ჩვენს კომპანიაშიც გაატარა პროფესიული საქმიანობის გარკვეული პერიოდი, რაც ძალიან მახარებს და მეამაყება კიდეც. მგონია, რომ ჩვენს პროფესიაში ყველაზე მთავარი დეტალებია, რომელთა დახვეწაც ხშირად გვიჭირს ხოლმე. როგორც ერთი დიდი არქიტექტორი იტყოდა, „ღმერთი დეტალებშია“, რასაც სრულიად ვეთანხმები. სწორედ ამას შევახსენებდი ახალგაზრდა არქიტექტორებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა არის პერგოლა და მისი რომელი სახეობებია წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე

პრემიუმ-კლასის სახლის ტექნიკა – რა იგულისხმება ამ ტერმინის მიღმა?