in

როგორ გადავაკეთოთ ტერასა ოთახად პერგოლის საშუალებით – პროფესიონალის რჩევები

ალბათ, ხშირად გინახავთ ოთახად გადაკეთებული ტერასა, რომელსაც საკმაოდ უცხო, ორიგინალური და საინტერესო იერსახე აქვს. პერგოლის საშუალებით შეგიძლიათ, ტერასისა თუ ეზოს ნაწილი საყვარელი ადამიანების თავშეყრისა და განტვირთვისათვის საუკეთესო ადგილად აქციოთ.

პერგოლა დამცავი, საჩრდილობელი კონსტრუქციაა, რომელიც სახლის ექსტერიერის ნაწილს საკმაოდ კომფორტულ, მყუდრო და მოსახერხებელ ადგილად აქცევს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ გადახუროთ, დაიცვათ და ბევრად მომხიბვლელი გახადოთ სივრცე. ვრცლად პერგოლის ტიპების შესახებ ჩვენს გასულ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

დღეს Homeis.ge გიამბობთ, როგორ აქციოთ ტერასა ინტერიერის ნაწილად და რა უნდა გაითვალისწინოთ პერგოლის მონტაჟის დროს.

რომელი ტიპის პერგოლა გამოვიყენოთ ოთახის მოსაწყობად?

ტერასაზე სრულფასოვანი ოთახის მოწყობა მხოლოდ ბიოკლიმატური პერგოლის გამოყენებით შეგიძლიათ, რადგან მხოლოდ მას აქვს დათბილული, ჰერმეტულად დახურული სახურავი. კომპანია „AV LUX – markilux“-ის წარმომადგენელი, ალექსანდრე ქრისტიანიდი, გვიხსნის, რომ  ტერასის საცხოვრებელ ოთახად გადასაქცევად საჭიროა გამოვიყენოთ ბიოკლიმატური პერგოლა, რომლის ერთი გვერდი მიბჯენილი იქნება ფასადის კედელზე, დანარჩენ გვერდებზე კი ენერგოეფექტური, მინაპაკეტიანი ვიტრაჟები განთავსდება. მათგან, შესაძლოა, ზოგი უძრავი (ყრუ) დავტოვოთ, დანარჩენებში კი მოძრავი კარი ან ფანჯარა დავამონტაჟოთ.

მოძრავი ვიტრაჟებიდან შეიძლება შეირჩეს: ა) სტანდარტული, გამოსაღები კარი/ფანჯარა; ბ) გვერდზე გასაგორებელი, ე. წ. სლაიდი კარი/ფანჯარა; გ) ე. წ. გილიოტინა ვიტრაჟი, ანუ ვერტიკალურად მოძრავი განიერი ფანჯრის სექცია. თითოეული სისტემა ჰერმეტულია და სითბოს შემანარჩუნებელი მინაპაკეტებითაა დაკომპლექტებული. ტერასის ოთახად გარდასაქმნელად სტანდარტული ტიპის პერგოლა არ გამოდგება, რადგან მისი პოლივინილქლორიდის (პვქ) ქსოვილი სითბოს ვერ ინარჩუნებს და არც მოძრავი სახურავია ჰერმეტული.

მონტაჟის სპეციფიკა და ფასები

ალექსანდრე აღნიშნავს, რომ პერგოლის მეშვეობით ოთახის მოწყობა ნებისმიერი ტიპის ტერასაზეა  შესაძლებელი, მთავარია, სივრცე ოთხკუთხა ფორმის და შესაბამისი ზომისა იყოს, რადგან ძალიან პატარა ფართის შემთხვევაში, პერგოლა ვერ გაიმართება.

„სასურველია, ტერასის ფართობი ძალიან პატარა არ იყოს, რათა პერგოლა თავისუფლად მოთავსდეს. ფართის რეკომენდებული მინიმალური ზომაა 2,5 მ x 2,5 მ. მონტაჟის დანარჩენ ნიუანსებს სპეციალისტი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, დაპროექტებისას გაითვალისწინებს. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ თუ მომხმარებელი ტერასაზე სტაციონარული საჩრდილობლის მოწყობას გადაწყვეტს, უმჯობესია, ეს მშენებლობის დაწყებამდე, დაპროექტების ეტაპზევე გაითვალისწინოს. თუ პერგოლა მზა ნაგებობაზე მონტაჟდება, პროექტი აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული შესაბამის სამსახურთან“.

მას შემდეგ, რაც შესაბამისი ზომები შეირჩევა და პერგოლა დაპროექტდება, კონსტრუქცია ტერასაზე შემდეგნაირად მონტაჟდება:

„პირველ ეტაპზე მონტაჟდება საყრდენი ბოძები, რომლებიც მიმმართველი პროფილებით საყრდენ კედელს უკავშირდება. მომდევნო ეტაპზე ბოძები ერთმანეთს სანიაღვრე პროფილით უერთდება. ამავდროულად, კედელზე თავსდება ე. წ. კასეტა, შიგნით ჩადგმული ელექტროძრავით. საბოლოოდ, მიმმართველებზე განივი პროფილები თანმიმდევრობით, ქსოვილთან ერთად, ქვემოდან მაგრდება. ამის შემდეგ ექცევა ყურადღება ყველა დანარჩენ დეტალს: კონსტრუქციის დამაგრებას, გამართვასა და ელექტროგაყვანილობის შეერთებას“, – გვეუბნებიან „AV LUX – markilux“-ში.

რაც შეეხება პერგოლის მასალისა და მონტაჟის ფასს, მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: პერგოლის ზომა, პროფილების სისქე და გეომეტრია, განათების მონტაჟი. ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ თუ ერთსა და იმავე ზომის ორ პერგოლას ავიღებთ, რომელთაგან ერთს პირველ სართულზე, ნაკლებ ქარიან გარემოში დავამონტაჟებთ, მეორეს კი, მაგალითად, 25-ე სართულზე, სადაც ქარის დაწოლა გაცილებით მეტია, ისინი სხვადასხვა სისქისა და გეომეტრიის პროფილებით დაკომპლექტდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 1-ელ სართულზე, 25-ე სართულთან შედარებით, სამონტაჟო სამუშაოების წარმოება ბევრად უფრო მარტივია, ამიტომ, ამ ორი, თითქოსდა ერთნაირი, პერგოლის ფასი განსხვავებული იქნება.

ფასის განსაზღვრისას მომხმარებელმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ რაც უფრო პატარაა პერგოლა, მით მეტია მონტაჟის ღირებულება 1 კვ. მ-ზე, ხოლო რაც უფრო დიდია ზომა, მისი ღირებულებაც იკლებს.

ალექსანდრე გვიხსნის: „ბიოკლიმატური პერგოლა, რომლის დახმარებითაც ტერასის ოთახად გარდაქმნაა შესაძლებელი, დიდ ხარჯებს უკავშირდება. პერგოლის საბოლოო ფასის განსაზღვრა არაერთი ნიუანსის გათვალისწინებით ხდება, ამიტომ ის ინდივიდუალურად დაიანგარიშება. თუმცა, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიოკლიმატური პერგოლის მიახლოებითი ფასი 1 კვ. მ-ზე 800-1200$-ია. ფასში მხოლოდ გადახურვა შედის, გვერდითა ვიტრაჟების მონტაჟი და მისი ოთახად გადაკეთების საშუალო ღირებულება კი 1 კვ. მ-ზე 150$-დან 500$-მდე მერყეობს. რაც შეეხება სტანდარტულ პერგოლას (პვქ ქსოვილით), რომელიც ოთახის მოსაწყობად არ გამოდგება, თუმცა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მოდელია, მისი საშუალო ფასი, მონტაჟის გათვალისწინებით, მაღალი კლასის, თურქული პერგოლის შემთხვევაში, 1 კვ. მ-ზე 250$-400$-ია, პრემიუმ-კლასის პროდუქტის გამოყენებისას კი –  800€-1500€“.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ტერასის ოთახად გადაკეთება მხოლოდ ბიოკლიმატური პერგოლის გამოყენებითაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, ტერასა – ოთხკუთხა ფორმის, ფართობი კი არც თუ ისე პატარა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია პერგოლით გადახურული პროექტის შეთანხმება შესაბამის სამსახურთან. გარდა ამისა, თუ მსგავსი კონსტრუქციის შეძენას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

თანამედროვე სკანდინავიური ბინა სხვენში

Blum-ის ფურნიტურა — როგორ შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული სივრცე?