in

თანამედროვე სკანდინავიური ბინა სხვენში

Banner M2
Banner M2

ეს მომხიბვლელი თანამედროვე ბინა ხის კოჭებითა და დახვეწილი ფერადი აქცენტებით სკანდინავიაში, გასული საუკუნის ბოლოს აშენებული საბინაო კომპლექსის ბოლო სართულზე მდებარეობს.

113მ2 სიდიდის ბინა მთლიანად გარემონტდა, თუმცა განახლებისას შენარჩუნდა თავდაპირველი ელემენტები, მაგალითად, ხის კოჭები, რომლებსაც თანამედროვე ავეჯი და ჭერის ფანჯარა დაემატა.

ბინა აერთიანებს ბუნებრივი სინათლით სავსე ოთახებს, სამ საძინებელსა და დასავლეთისკენ მიმართულ ტერასას. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ზედა სართულზეა განთავსებული და მისი ჭერი დახრილია, უამრავი ფანჯრისა და ინტერიერში გამოყენებული ღია ფერების წყალობით, სივრცე ნათელია.

მისაღები ოთახი, 3 მ. სიმაღლის ჭერით, ხის კოჭებითა და ჭერის ფანჯრით, სახლის ცენტრალური ნაწილია.

რამდენიმე კედლის მოხსნით შეიქმნა დიდი, ღია სივრცე, რომელიც მოსასვენებელ ზონას, სასადილო სივრცესა და სამზარეულოს აერთიანებს.

ბინას აქვს თანამედროვე სამზარეულო ელეგანტურ ნაცრისფერ ფერში შეღებილი კარადებით, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის კვარცის ზედაპირს.

ინტერიერში შეხვდებით დახვეწილ ფერად აქცენტებს. მოსასვენებელ ზონას ღია ცისფერი დივანი და პუფი ამშვენებს, ფანჯრის რაფას — მწვანე მაგიდის სანათი, სასადილო მაგიდის ზემოთ კი ორი ყვითელი სანათია. ამ ყველაფერს სახლის ნეიტრალურ ფერთა პალიტრაში მხიარული ტონები შემოაქვს.

მთავარი საძინებელი ნაცრისფერშია გაფორმებული, რომელიც ჰარმონიულად ეხამება კრემისფერ ტექსტილსა და ჩაშენებულ გარდერობს თეთრი ვინირით. ოთახიდან, რომელსაც აივანიც აქვს, ხედი იშლება შიდა ეზოზე.

ნაცრისფერ-ლურჯ ელფერში შეღებილ საბავშვო საძინებელში იატაკიდან ჭერამდე ამართული კარადებია განთავსებული.

მესამე საძინებელი ადრე ძველი კიბის უჯრედის ნაწილი იყო, ახლა კი სრულყოფილ საძინებლად გადაკეთდა. ჭერში ჩაშენებული პატარა ფანჯარა ოთახს ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ ამოვავსოთ აბაზანასა და კედელს შორის არსებული სიცარიელე?

როგორ გადავაკეთოთ ტერასა ოთახად პერგოლის საშუალებით – პროფესიონალის რჩევები