in

ელეგანტური აგარაკი მშვიდ ტონებში ბერლინის ჩრდილო-აღმოსავლეთით

Banner M2
Banner M2

ჩვენ ძალიან დატვირთული ცხოვრება გვაქვს“, — ამბობენ ლორა მათესიუსი და ნორა ეიზერმანი, წყვილი, რომელიც პოპულარული რეცეპტებისა და დიზაინის ბლოგის — „Our Food Stories“-ის უკან დგას. „გვსურს, რომ ჩვენი სახლი მშვიდი ადგილი იყოს.” ძნელი წარმოსადგენია უფრო მშვიდი გარემო, ვიდრე მათი აგარაკი ბერლინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელში, სადაც მათ საოცრად ელეგანტური ინტერიერი შექმნეს.

სახლი, რომელიც ადრე სკოლასთან გაერთიანებულ მასწავლებლის საცხოვრებელს წარმოადგენდა, ლორას მამამ გადასცა წყვილს, როგორც საქორწინო საჩუქარი. „დეკორაცია 1960-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიის სტილში იყო — იაფფასიანი კარები, ხის იატაკი და ხალიჩები. შენობის სტრუქტურა კარგ ფორმაში იყო, თუმცა შიგნიდან ყველაფერი გამოცვლას საჭიროებდა“. ყოფილი საკლასო ოთახის სივრცე ახლა სამზარეულოსა და სასადილო ოთახს აერთიანებს. რენოვაციის დროს ბევრი რამ შეიცვალა — იატაკი, კარები, ფანჯრები, ტიხრები და ზედა სართულის ზოგიერთ ოთახში ჭერიც კი.

ახლა წყვილის განკარგულებაშია ფართო, ჰაეროვანი ოთახები. სახლის მთავარ წერტილს წარმოადგენს სამზარეულო, სივრცე, რომლის ერთ ბოლოში სასადილო ზონაა განთავსებული. ლორამ და ნორამ სამზარეულოს ავეჯის უმეტესი ნაწილი ძველი საცხოვრებლიდან გადმოიტანეს, ასევე დაამატეს რამდენიმე ახალი კარადა, მარმარილოს პანელები და უზარმაზარი კუნძული სპილენძის ზედაპირით. „ეს არის ჩვენი საყვარელი ოთახი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ“ — აღნიშნავს წყვილი.

ზედა სართულზე მათ შექმნეს მდიდრულად დიდი საძინებელი და აბაზანა, პირველ მათგანში ჭერი მოხსნილია და მის ნაცვლად გამოყენებულია ორიგინალური ხის სვეტები, რის შედეგადაც სივრცე კიდევ უფრო გაფართოვდა. ლორას და ნორას არ მოსწონთ, როდესაც გარდერობი საძინებელში დიდ ადგილს იკავებს, ამიტომ მათ ის დერეფანში გამოიტანეს.

ინტერიერის ესთეტიკაზე დიდი გავლენა იქონია სკანდინავიურმა დიზაინმა — წყვილმა ბევრი იმოგზაურა სკანდინავიაში, სადაც დასასვენებელი სახლიც კი შეიძინა. მათ სტილს ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბუნება. სახლის დიზაინში ნაკლებად შეხვდებით სინთეტიკურ ან პლასტიკურ მასალებს. ხე, ქვა და ლითონი ქმნის მყარ ზედაპირებს, ხოლო რბილ ავეჯში ტილო და შალი გამოიყენება. სახლი ასევე სარგებლობს ბუნებასთან პირდაპირი წვდომით — შენობას აქვს ტერასა, რომელიც განტვირთვისთვის შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, წყვილმა დაიწყო ბაღის მოწყობა, რომელიც მომავალში სახლს კიდევ უფრო დაამშვენებს.

ბიუჯეტური მასალებით შესრულებული ინტერიერი ვარაზის ქუჩაზე – ნია მგელაძის ნამუშევარი

ჭერის დაქსელვა დეკორატიული სადენით – სპეციფიკა და მონტაჟის ფასები