in

ჭერის დაქსელვა დეკორატიული სადენით – სპეციფიკა და მონტაჟის ფასები

ინტერიერში განათება დიდ როლს ასრულებს – იგი სრულყოფს დიზაინს და მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს. გარდა ამისა, განათებას, უპირველესად, პრაქტიკული დანიშნულება აქვს და სივრცეს ფუნქციურს ხდის.

თანამედროვე დიზაინში სულ უფრო და უფრო მოდური ხდება ჭერის დაქსელვა დეკორატიული სადენით, რომელიც ხშირად სტანდარტულ განათებას ანაცვლებს და ბევრად უფრო ორიგინალურია.

იმისათვის, რათა მეტი გაგვეგო დეკორატიული სადენით ჭერის დაქსელვის ტექნოლოგიაზე, მის ფასსა და მონტაჟზე, ამ სფეროში დასაქმებულ ერთ-ერთ მეწარმეს, „ელექტრო მომსახურებას“ მივმართეთ.

რას ნიშნავს ჭერის დაქსელვა დეკორატიული სადენით?

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ დეკორატიული სადენით დაქსელვა გულისხმობს გარე გაყვანილობის გაკეთებას, რომელიც კოსმეტიკით დაფარვას – ჭერის შეღებვასა და მოპირკეთებას არ მოითხოვს. დეკორატიული სადენით დაქსელვა მხოლოდ ჭერში გამოიყენება, მისი მთავარი უპირატესობა კი ვიზუალური მომხიბვლელობაა.

ის ასევე დასძენს, რომ ჭერის დაქსელვას პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, უმეტესად დეკორატიული მნიშვნელობით იყენებენ და მის სახეობებზე გვესაუბრება.

„არსებობს ორი სახის ჭერის დაქსელვა: ნაჭრის სადენით, რომელიც კოჭზე მაგრდება და შავი, მრგვალი სადენით, რომელიც პლასტმასის უნაგირიან ლურსმანზე თავსდება (სახამუთე დუბელი). ქსელის გაყვანილობაც ორი ტიპისაა თანმიმდევრული დაერთება, როდესაც მიყოლებით ერთი სადენი მეორეზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სადენის ხაზი კედლიდან შესაბამის სანათს უერთდება და შემდეგ უკავშირდება მომდევნოს; და მეორე – ინდივიდუალური გაყვანილობა, როდესაც ყველა სანათიდან თითო სადენი გამოდის. ამ დროს სადენებს შორის დაშორება 5 სმ-ია და ისინი მწკრივადაა განლაგებული. ორივე ტიპი ეფექტური და სრულიად უსაფრთხოა, მათ შორის განსხვავება მხოლოდ დიზაინი და მასალის ფასია“, – გვიხსნის დარგის სპეციალისტი.

მონტაჟისა და მასალის ფასი

დეკორატიული სადენების გამოსაყენებლად აუცილებელია, ჭერის ზედაპირი უკვე გახეხილი და გაპრიალებული იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადენები და სანათები ვერ დამონტაჟდება.

ექსპერტი გვიხსნის, რომ მასალის ფასი ცვალებადია. დაწნული, ნაჭრით შეფუთული სადენის ფასი 4-დან 6-ლარამდე მერყეობს. ამას ემატება კოჭას ფასი, რომელზეც სადენი მაგრდება. მისი ღირებულება საშუალოდ 1 ლარია. მეორე მოდელი – მრგვალი, შავი სადენი – შედარებით დაბალფასიანია. მისი საშუალო ფასი 2 ლარია.

რაც შეეხება მონტაჟის ფასს, ეს დამოკიდებულია სანათების რაოდენობაზე, ჭერის მოცულობასა და სირთულეზე. სირთულეში იგულისხმება ისეთი რამ, ჭერზე არსებული რაიმე გამყოფი, რაც ხელს უშლის სადენისა და კოჭის მონტაჟს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მინიმუმ 20 სანათის გამოყენების შემთხვევაში, ხელობის ფასში მონტაჟის სირთულის თანხა აღარ იანგარიშება. ისე კი, საშუალოდ, 1 სანათის სადენის დაქსელვა 30 ლარი ჯდება.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დეკორატიული სადენით ჭერის დაქსელვა ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა. მისი უმთავრესი უპირატესობა ვიზუალური მიმზიდველობაა. არსებობს ორი ტიპის დეკორატიული დაქსელვა – ნაჭრის და შავი, მრგვალი სადენით. ისინი ერთმანეთისგან მასალის დიზაინითა და ფასით განსხვავდება. რაც შეეხება ხელობის ფასს, ის ინდივიდუალურად გამოითვლება და სადენების რაოდენობასა და ჭერის სირთულეზეა დამოკიდებული.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ელეგანტური აგარაკი მშვიდ ტონებში ბერლინის ჩრდილო-აღმოსავლეთით

6 ნივთი ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად – Homeis.ge-ს რჩეული ავეჯი „კომფორტერიდან“