in

მწვანე ფერი ინტერიერში — რჩევები საინტერესო დეკორის შესაქმნელად

რთულია იპოვოთ უფრო სიცოცხლისუნარიანი და, ამავდროულად, მყუდრო ფერი, ვიდრე — მწვანე. იგი თბილი ყვითლისა და ცივი ლურჯის შერწყმით მიიღება. მწვანე ფერი ჩვენს ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს, გვმუხტავს ოპტიმიზმით და ხსნის გაღიზიანებას. ამ ღირებული თვისებების ინტერიერში გამოყენება კი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

სამზარეულო და სასადილო ოთახი

სამზარეულოსა და სასადილო ოთახისთვის ღია მწვანე იდეალური არჩევანია. ახალ მწვანილებთან ასოცირების გამო, ეს ელფერი მადასა და განწყობას აუმჯობესებს. ეს წესი თანაბრად მოქმედებს როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე.

იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს ინტერიერში მწვანის ჩართვის მომხრე არ ხართ, შეგიძლიათ სივრცეში ეს ფერი ჭურჭლის საშუალებით შემოიტანოთ.

მისაღები ოთახი

მწვანე ფერი შესანიშნავად მოერგება მისაღები ოთახის ინტერიერს. მისაღების (ასევე კაბინეტის) ოთახის კედლებისთვის შესაფერისია მშვიდი ღია მწვანე ან ზეთისხილისფერი. ეს ელფერი, რომელიც ნდობასა და სტაბილურობას განასახიერებს, იდეალურია კლასიკური სტილის ინტერიერისთვის. მის ფონზე, ბუნებრივი ხისგან დამზადებული ავეჯი მშვენივრად გამოიყურება.

კიდევ ერთი ვარიანტია გაუფერულებული პიტნისფერი. მაგრამ ეს უკვე პროვანსის სტილია და ის აგარაკის სახლის მისაღები ოთახისთვის არის შესანიშნავი ვარიანტი.

აბაზანა

აბაზანის ინტერიერისთვის შესაფერისი იქნება მწვანის ცივი ელფერები — ზღვის ტალღის ფერი და ზურმუხტისფერი. ისინი არა მხოლოდ ინდივიდუალობას შემატებენ ამ ოთახს, არამედ გააღვიძებენ ზღვის მოგონებებს, რაც ამ სივრცისთვის შესანიშნავი გადაწყვეტა იქნება. ზურმუხტისფერი ეფექტურად ერწყმის შავსა და ოქროსფერს.

საძინებელი ოთახი

შპალერი ფოთლებით, კომოდი მწვანე დეკორით, ღია მწვანე თეთრეული. სახლის ყველაზე წყნარი ადგილისთვის მწვანისა და თეთრის კომბინაცია შესანიშნავია არჩევანია. შეგიძლიათ საძინებლის კედლები ზეთისხილისფრადაც შეღებოთ.

საბავშვო ოთახი

საბავშვო ოთახის ინტერიერში ჭაობის დამთრგუნველი ტონები და შემაწუხებელი „მჟავე“ მწვანე არ გამოიყენოთ. ამის ნაცვლად, უმჯობესია, ნათელ მწვანე აქცენტებზე ფოკუსირდეთ. მწვანე ხალიჩა, ღია მწვანე სათამაშოები, თეთრეული მწვანე დინოზავრების გამოსახულებებით — ეს დეტალები ხელს შეუწყობს ბავშვის შემეცნებით აქტივობასა და მის განვითარებას.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ტრენდული ჩამრთველები როგორც ინტერიერის მთავარი განმასხვავებელი ელემენტი

Casa Treliça — პროექტი, რომლის გარემოსდაცვითმა მიდგომებმა ჯილდო დაიმსახურა