in

ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია, როგორც სიცოცხლით სავსე ცენტრი თბილისში – MUA-ს ნამუშევარი

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია, ურბანული კულტურის სიცოცხლით სავსე ცენტრად იქცა, რამაც მდიდარი ისტორიის მქონე მიძინებული უბანი გამოაცოცხლა და მისი ხიბლი ერთბაშად წინ წამოწია. ფუნქციადაკარგულ, ყოფილ საწარმოო ნაგებობას, MUA – Architecture & Placemaking -მა ახალი სული შთაბერა და მულტიფუნქციური, დინამიკური როლი მიანიჭა, სადაც შემოქმედებითი ენერგიით დამუხტული სივრცეები, შეუჩერებლად იზიდავს სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ინტერესების მქონე ადამიანებს – ადგილობრივებს, სტუმრებსა თუ მოგზაურებს. ფაბრიკა, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, რეგიონში ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ჰოსტელსაც ითავსებს.

 

შენობის სამი ერთეული ქმნის ყველასათვის გახსნილ, მართკუთხა შიდა ეზოს – თავშეყრის ადგილს, რომელიც სხვადასხვა საინტერესო სივრცეებითაა გარშემორტყმული. ერთი მხრივ, კაფე-ბარებს, სახელოსნო-მაღაზიებს, მეორე მხრივ, ჰოსტელს, სახელოვნებო და საერთო სამუშაო სივრცეებს შორის მოქცეული ეზო, აერთიანებს ფაბრიკის მიმზიდველ ფუნქციებს და მას ისეთ უნიკალურ ადგილად აქცევს, სადაც ადამიანები სოციალიზაციის, ახალი ურთიერთობებისა და კოლაბორაციების, ინსპირაციისა და შთაგონებისთვის იკრიბებიან.

ფაბრიკამ გამოაღვიძა მარცხენა სანაპირო და მისი სამეზობლოები, მალევე ეს ადგილები ყველასათვის მიმზიდველი და საინტერესო გახდა. “ახლის და ძველის” გადაკვეთა, ფაბრიკის ექსპერიმენტის რაობაა, მისი ფასადი სრულიად მოცულია ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებით. კედლის მხატვრობის პატარა, თუ დიდი, მრავალფეროვანი და ჟღერადი ნიმუშებით, ფაბრიკამ მსოფლიო რუკაზე, საქართველო სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვან მონაწილედ წარმოაჩინა და აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მოახვედრა.

პროექტზე მუშაობისას, ერთ-ერთი მთავარი იმპულსი ისეთი ადგილის შექმნა იყო, რომელიც პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს უბიძგებდა. შენობის კონტექსტი, მისი ინდუსტრიული სახე, წაშლილი ისტორია, მიტოვებული ესთეტიკა, ძველი ქალაქის საცხოვრებელი უბანი და სამეზობლო – ყოველივე ეს იქცა მოცემულობად, რამაც თავისთავად საკმარისზე დიდი ველი გააჩინა ახალი საწყისებისთვის.

 
დიზაინში ფრთხილი ჩარევით, არსებულის აღიარებითა და ავთენტური ელემენტების ხაზგასმით, შევინარჩუნეთ ადგილის მთავარი მახასიათებლები და ნაგებობის სახე, მისი გამოფიტული სტრუქტურა მიზიდულობის ცენტრად, ცოცხალ პლატფორმად ვაქციეთ, სადაც ადამიანები ხვდებიან, აზიარებენ, ცვლიან  და ქმნიან შემოქმედებით ენერგეტიკას,” – აცხადებენ პროექტის ავტორები. 

ჰოსტელის დიზაინი ხასიათით წარსულის დანატოვარზე რეფლექსიაა, გამოხატული ისეთ ელემენტებში, როგორიცაა სადენები და ჩამრთველები, სკამები და მაგიდები, კერამიკული ფილები. ინტერიერი გამორჩეულია მისი ეკლექტური სტილით, ინდუსტრიული ხასიათი გამოკვეთილია მოშიშვლებული მილებითა და სანათებით, ბეტონის სტრუქტურები დატოვებულია ღიად, დამატებითი მოპირკეთების გარეშე. ტრადიციული ქართული ხალიჩები და ძველი განახლებული ავეჯი, ვესტიბიულს სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს. დიზაინის წამყვანი ელემენტია კიბე, ლითონის სტრუქტურით, კაშკაშა წითელი ფერითა და ბუნებრივი ხის ფანერით, რომელიც მნახველს სივრცის სხვადასხვა კუთხიდან აღქმის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.

ჰოსტელი მოიცავს:

44 ინდივიდუალურ, იზოლირებულ ოთახს;

5 აპარტამენტის ტიპის ოთახს;

6 ცალკე გამოყოფილ ოთახს, საერთო აბაზანით;

შერეულ საერთო ოთახებს;

საოფისე სივრცეებს;

პროექტმა უკვე მოიპოვა აღიარება საერთაშორისო არქიტექტურულ წრეებსა და ფართო საზოგადოებაში.

პროექტის ავტორი: MUA

გუნდი: ნიკოლოზ გურაბანიძე I ნიკა მაისურაძე I ეკა კანკავა I სალომე ღუდუშაური  I ბოკა კილასონია I ქეთევან ვაჩნაძე I ირაკლი ფეტელავა I მარეხ გორგილაძე I ნინო  მარგველაშვილი I დევი ქიტუაშვილი I გოგიკო საყვარელიძე

დამკვეთი: ფაბრიკა თბილისი

პროგრამა: ჰოსტელი I მრავალფუნქციური I 8 000 მ²

კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: შპს პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: Benet & Benet

ფოტოგრაფი: Nakanimamasakhlisi

ტექსტი: MUA

 

7 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც თქვენს სახლს სიმყუდროვეს შემატებს

რიჩარდ ნოიტრა — ინოვაციური პროექტების ავტორი