in

MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი Braun Publishing-ის წიგნში „კონტეინერის არქიტექტურა“ მოხვდა

სტუდია MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი – MUA Getaway Place საერთაშორისო გამომცემლობის, Braun Publishing-ის წიგნში „კონტეინერის არქიტექტურა“ დაიბეჭდა.

Braun Publishing არის საერთაშორისო გამომცემლობა, რომელიც ცნობილია საინტერესო წიგნებით არქიტექტურის, დიზაინის და ურბანული საკითხების შესახებ. 2023 წელს გამომცემლობამ შეარჩია 45 არქიტექტურული პროექტი, რომელიც ეხება გადამზიდი კონტეინერების ხელახალ გამოყენებას და ამ სიაში მოხვდა ქართველი არქიტექტორების მიერ შექმნილი პროექტიც.

MUA Getaway Place მდებარეობს თბილისის ზღვაზე და წარმოადგენს MUA-ს გუნდისა და მისი მეგობრებისთვის განტვირთვის და დასვენების, განმარტოების და თავშეყრის, ენერგიების აღდგენის და გადახალისების ადგილს.

MUA Getaway Place 40 ფუტიანი კონტეინერისგან არის დამზადებული.  არქიტექტურის ეს მიმართულება ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება –  ეკოლოგიურად მდგრადია, მეორადი გამოყენებისაა, ეკონომიურია და მინიმალურ სამშენებლო დროს საჭიროებს.

პროექტის შერჩევა Braun Publishing-ის წიგნისთვის ხაზს უსვამს დიზაინ გადაწყვეტების მნიშვნელობას თანამედროვე არქიტექტურაში. ეს აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ MUA-ს გუნდისთვის, არამედ საქართველოსთვის, რადგან ხელს უწყობს მის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე და გვიჩვენებს მის პოტენციალს დიზაინის მიმართულებით.

MUA Architecture & Placemaking 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე არქიტექტურული ოფისია. მისი სამუშაო პრაქტიკა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებს, როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. გუნდის სამუშო პროცესი გარემოსთან მუდმივი დიალოგის, მრავალმხრივი ძიების, შემოქმედებითი დამოკიდებულებისა და ღრმა ტექნიკური ცოდნის სინთეზია. მათ პორტფოლიოშია ისეთი პროექტები, როგორიცაა Fabrika Tbilisi, მწვანე კონცხი ბოტანიკო, თბილისის პროკურატურა, Booking.com-ის რეგიონული ოფისი თბილისში და სხვ.

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

არქიტექტურა და ურბანისტიკა, როგორც ქალაქის განვითარების მთავარი საშუალება — ინტერვიუ ირაკლი მურღულიასთან

გაფილტრული წყალი, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი — „ნამი 8“-ს ინოვაციური წყლის ბარები