in

ქართული ხალიჩის ისტორია

Banner M2
Banner M2

ხალიჩის ისტორია, მკვლევართა აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ იწყება,ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანებს ფართოდ არ ჰქონდათ დაწყებული მკვიდრი ცხოვრება. საეჭვოა, რომ ამ დროს გამოქვაბულებში მცხოვრებ ადამიანებისთვის ხალიჩებს ესთეტიური დანიშნულება ჰქონოდათ. ამ პერიოდში ხალიჩები დაუმუშავებელი ცხოველის ტყავებისგან კეთდებოდა და საცხოვრებლის გამათბობლის ფუნქციას ასრულებდა. საქართველო ხალიჩის ქსოვის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს-2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში აღმოაჩინეს გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები, რომელიც პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ცხადია, რომ ქართული ტერიტორია მუდამ ხელსაქმის კერა იყო, რომლის მნიშვნელოვან წარმომადგენელს ხალიჩები წარმოადგენდნენ.

ძველად საქართველოში იშვიათად თუ ნახავდით სახლს, რომლის ინტერიერშიც ფარდაგი ან ხალიჩა არ ფიგურირებდა. შუა საუკუნეების ქართული წყაროების მიხედვით, მეფედ კურთხევისა და დარბაზობის დროს ხალიჩებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და ისინი ხშირად დიდგვაროვანთა გარკვეულ იერარქიასაც უსვამდა ხაზს, ვინაიდან ლამაზი და ორიგინალური ხალიჩა ფუფუნების საგნად ითვლებოდა. ხალიჩები ხშირად მოიხსენიება განძთსაცავებში დაცულ ნივთთა სიებშიც: მათ სასახლეში სპეციალური მომვლელი – „ნოხთა ფარეშიც“ ჰყავდა.

საქართველოში ხელსაქმეს, მათ შორის, ხალიჩებისა და ფარდაგების კეთების კულტურას, უძველესი ისტორია აქვს. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქსოვამქარგველობა საქართველოში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართულ ოჯახებს ტრადიციულ წესჩვეულებად გადაეცემოდათ ხელსაქმე – ჩეჩვის, ქსოვისა და ქარგვის ცოდნა ოჯახში ყველა ქალის აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა. შესაბამისად, საქართველოში ნაქსოვ-ნაქარგი ტანსაცმლის გარდა, ინტერიერის დიზაინის შემადგენელი დეკორაციების დამზადებაც ადრეული პერიოდიდანვე იყო პოპულარული, მათ შორის კი – ხალიჩების. არსებობს შეხედულება, რომ ქართულ ხალიჩებს სახასიათო, უნიკალური დიზაინი არ გააჩნიათ და ისინი სპარსული ფარდაგების მძიმე გავლენის ქვეშ არიან, თუმცა რეალურად სულაც არაა ასე.

ფშავური საქსოვი დაზგა

 

პირიქით – საქართველოს მთიანეთში მუდამ პოპულარული იყო ფარდაგების, ხალიჩების, ნოხების ქსოვა. ისინი თავიანთი სქელი ტექსტურის წყალობით სახლებს ათბობდნენ და მთის ცივი ჰავისთვის იდეალურ ინტერიერის დიზაინის ელემენტს წარმოადგენდნენ. ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის უნიკალური კულტურა აქვს ფშავს – ფარდაგი იქსოვება საქსოვ ყდაზე ერთპირა ხვეულად და არა ნაჭვრეტად.ფშაველები ხალიჩებს საქსლე ბაწრისგან ამზადებენ, რომელსაც ფერებში ღებავენ და ამ ფერადი ბაწრით იქსოვება საბოლოო პროდუქტი. მთაში დამზადებულ ხალიჩებში ძირითადად რამდენიმე ფერი ჭარბობს – ღვიძლისფერი (ყავისფერი), სოსანისფერი (იისფერი), შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოს ფერი (მწვანე)  და თეთრი. ჭრელ ხალიჩებს ფშავლები „თათრულა“ ხალიჩას უწოდებენ, ზოლიან, გეომეტრიული ფიგურების მქონეებს კი – ფშავურს.

ხალიჩების ქსოვის დიდი ისტორია აქვს ასევე თუშეთს. აქ ხალიჩები ძირითადად გაზაფხულის მატყლისგან მზადდებოდა, რომელსაც რისვი ეწოდება. ეს მატყლი წლის სხვა დროის მატყლისგან განსხვავებით, ნაკლებად ხარისხიანია და უხეში. თუშეთში, საქართველოს სხვა მხარეების მსგავსად, ხალიჩების ქსოვა მუდამ ქალების საქმე იყო . თუშებში მათი დამზადების უცოდინრობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ გოგონებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ამ საქმეს. ხალიჩებისთვის ბაწარს წინასწარ ღებავდნენ სხვადასხვაფრად . ფერის შერჩევა დამოკიდებული იყო მქსოველის გემოვნებაზე. ხალიჩებზე გამოჰყავდათ სხვადასხვა გამოსახულებები -ჩიტები, ირმები, გარეული ცხოველები. იყო ისეთი ხალიჩებიც, რომლებზეც გამოსახული იყო მხოლოდ ყვავილები ან უბრალოდ სხვადასხვა ფერის ნართით ქსოვდნენ. ასეთი ხალიჩები უფრო უხარისხოდ მოქსოვილ ფარდაგებს ჰგავდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ოჯახში. მათ აგებდნენ იატაკზე, უფრო ხარისხიანსა და სხვადასხვა გამოსახულებიან ხალიჩებს კი კედელზე ჰკიდებდნენ.

 

თუშებს ორი სახის ხალიჩა ჰქონდათ – პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა დიდი ხალიჩები, რომლებიც განკუთვნილი იყო სამზითვოდ ან გასაყიდად . ეს ხალიჩები სხვადასხვა გამოსახულებით იქსოვებოდა, გამოირჩეოდა ფერთა გემოვნებიანი შეხამებით. ყველაზე ხარისხიანად მოქსოვილებსა და ლამაზებს უფრო გასაყიდად ამზადებდნენ . მეორე სახის, უფრო მომცრო ხალიჩებს იყენებდნენ ოჯახში – მათ თუშები ,,კურტულს” ეძახდნენ და ან ხის ტახტს აფარებდნენ, ან საწოლის წინ აფენდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, თუშური ხალიჩები გამოირჩეოდა ფერთა შეხამების ოსტატობით. ქსოვის ოსტატები არ ერიდებოდნენ რთულ კომპოზიციებთან შეჭიდებასა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რამაც უდიდესი და უმდიდრესი ხალიჩების ვარიაციები დაგვიტოვა მემკვიდრეობად. ხალიჩებზე ხშირად გამოსახული იყო ჯვრის ფორმის ფიგურები, რაც თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება . მოგვიანებით თუშურ ხალიჩებზე ჩნდება კომპოზიციები მცენარეების, გარეული და შინაური ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულების სახით. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ხალიჩები ფაბრიკებში იქსოვებოდა, თუშმა მქსოველებმა მათი ორნამენტების მექანიკურად გადმოტანა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება – მთიანეთში ახლაც იქსოვება ხალიჩები.

დიზაინის ტრენდების ცვლასა და განვითარებასთან ერთად ხალიჩებმა ნელ-ნელა დაკარგეს აქტუალობა და პოპულარობა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას ძველი დროიდან იღებენ და საკუთარ ინტერიერის დიზაინში ძველი ტრენდების შემოტანით უფრო უსვამენ ხაზს თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. დღითიდღე უფრო მეტი დიზაინერი ინტერესდება ქართული ხალიჩებით, მათი დამახასიათებელი ორნამენტებითა და ქსოვის ტიპებით, რაც შვებით გვარწმუნებს, რომ ამ უძველეს კულტურას გადაშენება არ უწერია-პირიქით, ის უფრო ერგება თანამედროვეობას.

ფოტო ბილი

ფოტო: ბილი ბილიხოძე

ფოტოები: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, დიზაინ სტუდია: Tinatin

 

სტატიის ავტორი:ნინი ლეკიშვილი

ლუკ ედვარდ ჰოლის ვიზუალური ექსპერიმენტი პარიზში

ყუთისებრი ვიზუალის მქონე სახლი ინდონეზიაში