in

ინტერვიუ არქიტექტორ ქეთუნა ყრუაშვილთან

წელს 15 წელი გავიდა, რაც ქეთუნა ყრუაშვილმა თავის პარტნიორთან და მამასთან ერთად არქიტექტურული კომპანია – NOA Studio დაარსა. კლასიკური მუსიკის, ბრამსისა და შოპენის მოყვარული არქიტექტორი ბევრს მოგზაურობს და უყვარს თანამედროვე ხელოვნებაც. მისთვის არქიტექტურა ერთგვარი ოჯახის ტრადიციაა, მაგრამ მისი სტუდიის პროექტებში ძალიან დამახასიათებელი, განსხვავებული სტილი იგრძნობა. 

მოგვიყევით თქვენს პირველი ნაბიჯებზე არქიტექტურაში, რა იყო მთავარი მოტივაცია?

გავიზარდე არქიტექტორების ოჯახში, დედაჩემი, მამაჩემი ბაბუაჩემი და ბებიაჩემიც არქიტექტორები იყვნენ. ძალიან ახლო იყო ჩემთვის ეს სფერო და ალბათ ამიტომაც გადავწყვიტე. მახსოვს ცოტახანი იურისტობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ბუნებრივად არქიტექტურისკენ წავედი. ბავშვობაში ბებიაჩემს, რომელიც აკადემიაში ასწავლიდა ხშირად დავყავდი თავისი სტუდენტების ექსკურსიებზე, გვაჩვენებდა სხვადასხვა არქიტექტურულ ძეგლებს და კარგად გავიცანი ქართული ხუროთმოძღვრება.

ვისაუბროთ გავლენასა და თქვენი დიზაინის პრინციპებზე, როგორ ფიქრობთ, რას და ვის აქვს, ან ჰქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს შემოქმედებაზე?

პატარაობაში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ანტონიო გაუდიმ, რომლის ნამუშევრების მხოლოდ ფოტოები მქონდა ნანახი, შემდეგ მოვხვდი ბარსელონაში და ვნახე ახლოდან გაუდის შექმნილი შენობები, რომელთა ნახვაც ბავშვობის ოცნებად მქონდა და ეს აღმოჩნდა დიდი იმედგაცრუება, რადგან საერთოდ არ მომეწონა. შემდგომ უკვე სხვა მიმართულებით განვითარდა ჩემი ხედვა ამ სფეროში და თუ ერთი ვინმე უნდა დავასახელო, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ჩემს ხედვაზე, ერთი ალბათ გამიჭირდება, ორი შემიძლია დავასახელო, ესენი არიან ლე კორბუზიე და მის ვან დერ როი, მოდერნისტი არქიტექტორები. დღეს ეს უფრო არის ჩემთვის ახლო ენა ვიდრე გაუდი.

შენს პროექტებშიც ჭარბობს მინიმალიზმი, რას დაარქმევდი და როგორ დაახასიათებდი შენს არქიტექტურულ სტილს?

მინიმალიზმზე ხშირად არის ხოლმე მცდარი აზრი, თითქოს ეს არის ცივი მშრალი, ცარიელი სივრცე. რეალურად მინიმალიზმი არის თეორია და არა მხოლოდ სტილი. მინიმალიზმის ხელსაწყო არის შუქი და სივრცე და არა დიზაინის ელემენტები ან დეკორი. სწორედ მოდერნიზმმა დაიწყო შენობების ყველანაირი დეკორისგან გასუფთავება და მათი რეალური მასალის წარმოჩენა. თუ ვთქვათ მეტალის არის შენობა, მეტალი რომ ჩანდეს, თუ ქვის, ქვა ჩანდეს და არა შეიფუთოს რაიმე სხვა მასალით. ამის გარდა, გჭირდება სწორი დაგეგმარება, განათება და სივრცე.

სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში

როგორ შეადარებდით თბილისსა და პორტოში ცხოვრებას და მუშაობას?

ჩემი პარტნიორი პორტუგალიელია და ეხლაც გვაქვს რამდენიმე პროექტი პორტუგალიაში. პირველ რიგში, განათლების დონე არის უფრო მაღალი ამ სფეროში და ადვილია კომუნიკაცია. თავიდან, როდესაც საქართველოში ჩამოვედით, ძალიან გაგვიჭირდა მუშაობა მშენებლებთან, რადგან დასაწყისში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ რაღაც არ გამოვა. ბეტონის ჩამოსხმის პრობლემაც კი გვქონდა, რაც იქ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მაინც ვცდილობდით ევროპული სტანდარტებით გვეკეთებინა პროექტები,  მაქსიმალურად მოგვემზადებინა დეტალური ნახაზები, რომ რაც შეიძლება ზუსტად შეესრულებინათ მშენებლებს,  იქ მსგავს სამუშაოებს გაცილებით მარტივად აკეთებ, ასევე მასალის ბევრად მეტი არჩევანია და პროფესიონალიზმითაც უფრო გამოირჩევიან. აქაც ნელ-ნელა დაიწყო უკვე მსგავსი სტანდარტებით მშენებლობა. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ჩვენი მოთხოვნა ინტერიერის შემსრულებელთან მუდმივად არის ხოლმე ის, რომ რაც შეიძლება სუფთა იყოს ნამუშევარი, რადგან პლინტუსით არაფერს არ ვმალავთ ინტერიერში, ამის პრობლემა პორტუგალიაში არ გვქონია, აქ კი ძალიან დიდი სირთულე იყო მსგავსი ტიპის რაღაცეების მოწყობა.

რას გვეტყვით თქვენს სტუდიაზე და გუნდზე?

ჩვენი სტუდია სულ მუდმივად იცვლება, რადგან თანამშრომლები მიდი-მოდიან. ამჟამად რა გუნდიც მყავს ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩართულობის მხრივ, არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ბევრს ვმოგზაურობ და ამ პერიოდში ონლაინ ვარ ხოლმე ჩართული. სეზარიც ამჟამად პორტუგალიაში ცხოვრობს, მაგრამ ჩამოდის ხოლმე ხშირად და ყოველთვის ოფისშია. მეც მაქსიმალურად ვცდილობ სულ ვიყო ოფისში.

სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში
სახლი წყნეთში

რას გვეტყვით თქვენს დამკვეთებზე?

დამკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, სულ ვეუბნები ხოლმე დამკვეთებს, რომ წარმატებული პროექტი არის ჩვენი კოლაბორაცია. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩვენდამი ნდობა. ალბათ არიან ისეთი დამკვეთებიც, რომლებსაც ისეთი რამ უნდათ, რასაც ჩვენ არ ვთავაზობთ და ისინი შესაბამისად არ მოდიან ჩვენთან. ყველა ტიპის შეკვეთა ჩვენთვის გამოწვევაა და ვფიქრობთ, რომ ყველა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყვანოთ რაღაც საინტერესო. ხშირად ვმუშაობთ ინტერიერზეც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გვაქვს ხოლმე რაღაც მოთხოვნები, რომ პროექტი საბოლოოდ ჩვენთვის საინტერესო გამოვიდეს. ყველა დამკვეთს სხვადასხვა რამ უნდა და ჩვენც ერთნაირ პროდუქტს არ ვთავაზობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთმა ჩვენს დაპროექტებულ სახლში თავი იგრძნოს კომფორტულად. არქიტექტურა ხომ არ არის მხოლოდ ვიზუალი, მას აქვს ფსიქოლოგიური გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში. კმაყოფილი კლიენტები ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ სახლიდან, რომელიც ჩვენ დავუპროექტეთ გასვლა აღარ უნდათ, რაც ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩვენთვის. 

რა  არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინოს არქიტექტორმა პროექტზე მუშაობისას?

პროექტზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია ადგილი, რასაც ვეხებით. ჩვენ ყოველთვის ვიკვლევთ როგორი რელიეფია, მზე საიდან ამოდის, ქარი საიდან უბერავს, დიდ დროს ვატარებთ ამ ადგილას, რომ რაღაც შეგრძნებები მოვიდეს, რადგან საწყის პროცესს სჭირდება ეს ჯადოსნური ფხვნილი, ინსპირაცია შემდგომი მუშაობისთვის. განათება და მზე ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტურაში, ბნელ სივრცეში ადამიანი ირთგუნება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი უვითარდება.  გვქონია ტერიტორია, რომელიც რელიეფია და მთლიანად ჩრდილოეთისკენ არის მიმართული, მაგ დროს რაღაცნაირ ხერხს მივმართეთ, რომ დაგვეშორებინა შენობა და შიდა ეზოები გაგვეჩინა, ამგვარად მზე და ბუნებრივი განიავებაც შეაღწევდა სახლში, ასე ვთქვათ, მდგრადი არქიტექტურისკენაც ვიხრებით. მე დიდად არ ვემხრობი გლობალიზაციას და მგონია, რომ ერთსა და იმავე შენობას პეკინშიც და თბილისშიც ვერ დადგავ, ყოველთვის კონკრეტულ ადგილას, რაღაც ტრადიციაზე და ადგილობრივ მასალაზე უნდა იყოს პროექტი ასე თუ ისე მორგებული და რა თქმა უნდა თანამედროვე სტილით გაკეთებული.

როგორც ცნობილია, მოგწონთ და კარგად იცნობთ პორტუგალიელ არქიტექტოებსაც, მათ შორის ალვარო სიზა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ განათებას და ფორმებს ძალიან ვირტუოზულად იყენებს.

სიზა ძალიან დიდი ინსპირაცია იყო ჩემი პორტუგალიელი პარტნიორის, რომელმაც მეც მაზიარა სიზას შემოქმედებას. ერთია მისი ნამუშევრები წიგნებში დაათვარიელო და მეორეა მის შენობებში იმოგზაურო, სულ სხვა განცდა და ემოციაა, სიზას შუქის გამოყენება ხომ ერთია, მაგრამ მისი მთავარი ხრიკი არის ის, რომ მართლა რაღაც მეოთხე განზომილებას გიქმნის და შენს ემოციებზე აგებს სივრცეს. მაგალითისთვის სერავესის ხელოვნების მუზეუმი პორტოში, ფანტასტიკური სივრცეა, როგორც არქიტექტურულად ისე ფუნქციურად. როგორი მომენტები აქვს იცი, შედიხარ ვიწრო სივრცეში და უცბად იხსნება, ჭერი დაბლდება იმ სივრცეებში რომელიც მალე უნდა გაიარო, უცებ იხსნება სივრცეები და ხედები, რასაც ძალიან საინტერესო ეფექტი აქვს. 

ჩვენც ხშირად ვცდილობთ მსგავსი ხერხების გამოყენებას ჩვენს პროექტებში, კიდევ მახსენდება მისი ჩაის სახლი, რომელიც კლდეზე ზის, საოცრად ერწყმის გარემოს და ტრადიციული პორტუგალიური არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული თანამედროვე ენით. სიზას აქვს ეს სიურპრიზული მომენტები, მანქანას რომ აყენებ ამ შენობასთან, არც შენობა ჩანს და არც ის ფანტასტიკური ხედი, ადიხარ კიბით, რომელშიც გვერდიდან უნდა შეხვიდე და დაახლოებით მეოთხე საფეხური უსწორდება ჰორიზონტს, როდესაც ამოდიხარ უცებ იშლება ხედი და შენობასაც კარგად ხედავ, რასაც ძალიან დიდი ეფექტი აქვს, ფოტოებით ამის დანახვა ცოტა რთულია.

სასტუმრო რედისონის ღია საცურაო აუზი
სასტუმრო რედისონის ღია საცურაო აუზი
სასტუმრო რედისონის ღია საცურაო აუზი
სასტუმრო რედისონის ღია საცურაო აუზი
სასტუმრო რედისონის ღია საცურაო აუზი

ხელოვნების რომელ სხვა დარგს დაუკავშირებდით არქიტექტურას?

თანამედროვე ხელოვნებას.

ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ორ სფეროს ერთამენთზე. ძალიან მიყვარს ეს დარგი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებსაც ხშირად ვსტუმრობ. მყავს ასევე საყვარელი არტისტებიც. ისე მოხდა, რომ 8 წელია მამაჩემს ყავს ხელოვანი მეუღლე – თეა ჯორჯაძე, რომელმაც კიდევ უფრო მაზიარა ამ დარგს. სულ დავდივართ გამოფენებზე და ბევრი სხვა უცხოელი არტისტიც გავიცანი მისგან.

დიდ გავლენას ახდენს არქიტექტურაზე კინო, მუსიკა და სხვა დარგებიც. საერთოდ ყველაფერი შეიძლება იყოს არქიტექტურის ინსპირაცია.

რა ტიპის შენობას დააპროექტებდით სიამოვნებით, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ?

მუზეუმს, ბავშვობაში მახსოვს აეროპორტია დაპროექტება მინდოდა. მუზეუმი იმიტომ, რომ არქიტექტორს განსაკუთრებულად შეუძლია თავისი კრეატიულობის გამოვლენა. 

რამდენად რთულია საქართველოში მსოფლიო მასშტაბით კონკურენტული პროექტების კეთება?

ამ შემთხვევაში უკვე რესურსია ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბიუჯეტურია პროექტი, ეს აისახება მის იერსახეზეც. მაგალითისთვის, ნიუ იორკში შენდება შენობები, რომლებთანაც მივდივარ ხოლმე და ხელს ვკიდებ, იმიტომ რომ მთლიანად ჩამოსხმულია ან მეტალით ან სხვა რაიმე მასალით, ასეთ დამუშავებას საქართველოში დღეს ვერ გააკეთებენ. აი ისევ რომ ვთქვათ პორტუგალიურ არქიტექტურაზე, პორტუგალია არ არის ამერიკის შეერთებული შტატები და არ აქვთ მაგხელა ბიუჯეტი, მაგრამ არქიტექტორები ძალიან კარგი პროექტების შექმნას ახერხებენ განსხვავებული ხრიკებით და აქცენტებით, შესაბამისად ქმნიან კონკურენტულ არქიტექტურას. საქართველოში მოთხოვნა სულ არის ეფექტურ და თვალშისაცემ შენობებზე, რისი განხორციელების რესურსიც ხშირად არ არის და საბოლოოდ შედარებით უხარისხო პროდუქტი გამოდის. კარგი იქნება, რომ შეიცვალოს ეს ხედვა და დავუბრუნდეთ იმ სადა არქიტექტურას, რაც ისტორიულად სულ გვქონდა საქართველოში, თუნდაც ტაძრებში. 

მე და ჩემი მეგობარი ვაკეთებთ თბილისის დიზაინის დღეებს (Tbilisi Design Days), სამ დღიანი კონფერენციები ჩატარდება მაისში, ჩამოგვყავს ძალიან სერიზოული არქიტექტორები და დიზაინერები და იმედი გვაქვს, რომ კონფერენციაზე, რომელიც სხვა აქტივობებსაც მოიცავს, მოხდება უცხოელი არქიტექტორების მიერ გამოცდილებისა და განათლების გაზიარება, გვინდა ვისაუბროთ რესტავრაციაზეც, რომლის უდიდესი პრობლემაც დგას დღეს საქართველოში. ძალიან კარგია, რომ მცხეთა და სიღნაღი გაკეთდა, მაგრამ იერსახის შენარჩუნება არ მოხდა და დავკარგეთ ის რაც გვქონდა. ძალიან კარგია, რომ ნება არსებობს, მაგრამ სამწუხაროა რომ არ კეთდება ხშირად კარგად.

ბოლო პერიოდის ინტერიერის და არქიტეტურის რომელ პროექტებს გამოყოფდით თბილისში?

ძალიან მომეწონა მესტიის მუზეუმის რეკონსტრუქცია, რომლის ავტორებიც არიან გაგა კიკნაძე და ლევან მუშკუდიანი, ძველი შენობის ავტორი კი რამაზ კიკნაძე. ასევე მომწონს ნაციონალების ოფისი რომ არის ის შენობა კახეთის გზატკეცილზე, რომლის ავტორიც ირაკლი შარაშიძეა.

რას ფიქრობთ კოლაბორაციებზე და თუ გქონიათ?

დევიდ ჩიფერფილდთან მექნებოდა სიამოვნებით კოლაბორაცია (David chiperfield), რომლის არქიტექტურაც და ინტერიერის პროექტებიც საკმაოდ მომწონს. კოლაბორაცია გვქონია უცხოელებთანაც, ეხლაც არის ერთი პროექტის პერსპექტივა, რომ გვქონდეს კოლაბორაცია, პანდემიამ თუ არ შეაჩერა. 

ამჟამად რაზე მუშაობთ?

ბევრი სხვა და სხვანაირი პროექტი გვაქვს რაც მოიცავს სასტუმროებს, კერძო სახლებს, ბინებს და რესტორანს. ასევე საზოგადოებრივი სივრცის პროექტიც გვაქვს. ყველა თავისებურად საინტერესოა. საყვარელ პროექტს ვერ გამოვარჩევდი, ალბათ უფრო საწყის პროექტებს, როდესაც არ გვქონდა საკმარისი გამოცდილება და უფრო მეტი მუშაობა მოგვიწია თუნდაც მშენებლებთან და პირველად გავაკეთეთ სირთულეები.

რას ფიქრობთ საითკენ მიდის არქიტექტურის მომავალი?

ალბათ საითკენაც წავა მსოფლიო. არქიტექტურა დამოკიდებულია მოთხოვნაზე, მოთხოვნას კი იწვევს ბუნებრივი მოვლენები. ამ პანდემიის დროს, მგონია რომ არქიტექტურაც და ზოგადად ცხოვრებაც “less global more local” (ნაკლებად გლობალური, უფრო ლოკალური) გახდება. არქიტექტურა ძალიან გრძელვადიანი პროცესია, პროექტის შედეგს 3, 4 ხშირად 5 წელი ვერ ხედავ, ამიტომ მოკლე ვადიანი გარემოებები მასზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. ასევე არქიტექტურა ის ხელოვნებაა, რომელიც ძალიან დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკაზე.

სახლი ჩაქვში
სახლი ჩაქვში
სახლი ჩაქვში
სახლი ჩაქვში

იატაკის მასალის ვარიანტები თქვენი სახლისთვის

სამზარეულოს იატაკის მოპირკეთების ტენდეციები