in

როგორ შევადგინოთ რემონტის ხარჯთაღრიცხვა სწორად – Homeis.ge გირჩევთ

ხარჯთაღრიცხვა მხოლოდ მშენებლობისა და რემონტის ფულადი გამოსახულება არაა, ის შესასრულებელი სამუშაოების ნამდვილი გეგმაა. დღეს მისი ფორმირების პრინციპებზე ვისაუბრებთ.

საიდან იწყება ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობა

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ, რა დონის რემონტი გსურთ თქვენს ბინაში. ამის შემდგომ თქვენი სურვილები მომავალ შემსრულებლამდე უნდა მიიტანოთ. გაუგებრობის ასარიდებლად (ხშირად შემსრულებელი და დამკვეთი სხვადასხვა „ენაზე“ საუბრობს) ტექნიკური დავალება დგება.

დავალების შედგენის დროს უმჯობესია საცხოვრებელი სივრცე კონკრეტულ ოთახებად დაიყოს (შემოსასვლელი, სასტუმრო, საძინებელი და ა.შ), შემდგომ თქვენი მოლოდინები დეტალურად ჩამოიწეროს და სარემონტო დავალების სახე მიეცეს, ანუ დაწვრილებით უნდა განისაზღვროს ყველა სარემონტო სამუშაო და მასალა.

თქვენგან მიცემული ტექნიკური დავალების გაცნობის შემდგომ შემსრულებელი ხარჯთაღრიცხვას ადგენს, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული:

  • სამუშაოების ჩამონათვალი და შინაარსი;
  • სამუშაოების მოცულობა;
  • სამუშაოების შესრულების ტექნოლოგია;
  • ხარისხის კატეგორია;
  • სამუშაოების ეტაპები და ვადები;
  • მასალების სახეობები და რაოდენობა;
  • შესასრულებელი სამუშაოების ფასი და გადახდის გრაფიკი.

გაცემული ტექ. დავალების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ სამუშაოების დეტალურად აღწერის უნარი, ტექნოლოგიებისა და საბაზრო ფასების ცოდნა იმის გარანტიაა, რომ თქვენ საქმე ნამდვილ პროფესიონალებთან გაქვთ, რომელსაც თამამად შეგიძლიათ ობიექტი ჩააბაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ. თქვენი იდეების გაცნობის შემდეგ, გამოცდილი და კეთილსინდისიერი შემსრულებელი აუცილებლად შეავსებს თქვენს სურვილებს, გამორჩენილ მასალებსა და სამუშაოებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ხარჯთაღრიცხვა რემონტის შესრულების გეგმაა. რაც უფრო სწორად არის ის შედგენილი, მით უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის რემონტის პროცესი.

ამოცანის გამარტივებისთვის, მაგალითის სახით, იმ პუნქტებს გაგაცნობთ, რომლებიც ხარჯთაღრიცხვაში აუცილებლად უნდა იყოს შეყვანილი:

  • სამუშაოების ეტაპები;
  • სამუშაოების სახეობები (შემადგენლობა) და შესრულების ხერხი;
  • ხარისხის კრიტერიუმები;
  • სამუშაოების მოცულობა;
  • სამუშაოების ღირებულება;
  • მხარეთა პასუხისმგებლობა.

რემონტში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ხარისხის კრიტერიუმების განსაზღვრაა. დამკვეთი „მაღალხარისხიანი მოპირკეთების“ განსაზღვრებაში შეიძლება ერთს ფიქრობდეს და შემსრულებელი სულ სხვა რამეს გულისხმობდეს. რეკომენდებულია დოკუმენტებში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება (მაგ. „სნიპი“). ისინი საკმაოდ ბევრია და ნებისმიერ სამუშაოს შეგიძლიათ მოარგოთ. ასეთი აღიარებული სტანდარტების ცოდნა შემსრულებლის კვალიფიციურობასაც მიანიშნებს. ამას გარდა, კონფლიქტური სიტუაციების გაჩენის შემთხვევაში და საქმის სასამართლოში განხილვისას ასეთი სტანდარტების ხელშეკრულებაში არსებობა ორივე მხარის ინტერესებს დაიცავს.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ საქმე დავამდე და სასამართლომდე მიდის, დაზარალებული ყოველთვის დამკვეთია. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თქვენი ობიექტის შემსრულებელზე ჩაბარებამდე, მისი უნარ-ჩვევები კარგად შეისწავლოთ: ზრდილობა, მოწესრიგებულობა, მოსმენის უნარი, თქვენი მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება და შესწორების შეტანისას კორექტულობა, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების მიღების მზაობა, სტანდარტების ცოდნა და რეკომენდაცია. ეს კრიტერიუმებია, რომელიც სანდო და მაღალკვალიფიციურ შემსრულებელს ახასიათებს. შესაბამისად, თუ თქვენ რომელიმე კრიტერიუმს დათმობთ, არასასიამოვნო „სიურპრიზებისთვისაც“ მზად იყავით.

მიკრო ბინა ლონდონში – ბუნებრივი მასალებით შექმნილი ინტერიერი

ქეით მოსის მიერ გაფორმებული ქალაქგარე სახლის ინტერიერი