in ,

სამშვილიანი დედის მიერ შექმნილი საბავშვო ოთახის ინტერიერი თბილისურ ბინაში

Banner M2
Banner M2

თათა კვარაცხელია სამი შვილის დედაა. როგორც ის გვიამბობს, იგი კატეგორიულად ემხრობა ამერიკელი პედიატრების ასოციაციის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, პატარას ერთ წლამდე აუცილებლად მშობლების ოთახში უნდა ეძინოს. თუმცა, ცალკე საბავშვო ოთახის მოწყობა თათამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც შეიტყო, რომ პირველ შვილს ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის დანარჩენი ნაწილი პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით არის შექმნილი, ამ კონკრეტული ოთახის ინტერიერში თათამ თითოეული დეტალი თავად შეარჩია.

“იმისთვის, რომ ოთახი ნებისმიერ სქესს მორგებოდა, მინდოდა, ის ნეიტრალურ ფერებში ყოფილიყო. ამ სივრცის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მშვიდი გარემო, სადაც დღის განმავლობაში ითამაშებენ და წაიკითხავენ წიგნებს. ეს არის ადგილი, სადაც მათი ნივთებია მოთავსებული და სადაც ყოველთვის სიმყუდროვე ელოდებათ“, – გვიამბობს თათა

ინტერიერზე მუშაობის პროცესში თათასთვის უმნიშვნელოვანესი იყო ზღაპრული, ელეგანტური და ამავე დროს, მარტივი დიზაინის შექმნა. სწორედ ამიტომ, მისი შვილების ოთახი არ არის გადატვირთული მკვეთრი ფერებით ან მძიმე დეტალებით. მომავალი დედისთვის თავიდანვე უმნიშვნელოვანესი იყო ინტერიერში ისეთი ნივთების გამოყენება, რომლებიც იქნებოდა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული და უსაფრთხო საღებავებით შეღებილი.

“მქონდა ზუსტი წარმოდგენა, თუ როგორი ოთახი ექნებოდათ ჩემს შვილებს. ზუსტად ვიცოდი რომელი საწოლი მინდოდა. ასევე შერჩეული მქონდა სარწევი სკამი, სადაც ბავშვის ბუნებრივ კვებასა და დაძინებას ვგეგმავდი. ვიცოდი ის, რომ აუცილებლად უნდა ჰქონოდათ კომფორტული სააბაზანო, სადაც ყველაზე სახალისო დროს გაატარებდნენ.”

ინტერიერში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს განათება. პირველ რიგში, ეს არის ულამაზესი იტალიური ჭაღი და ამავე სტილის კუთხის სანათი, რომლებიც აბრეშუმის ჭიის ჭუპრებისგანაა დამზადებული და შესრულებულია ხელით. მათი გამორჩეული ფორმა, რომელიც ღრუბელს მოგვაგონებს, ოთახს განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას სძენს.

საწოლი-ტახტის გვერდით განთავსებული ზოლიანი ტორშერები გამოირჩევა იმით, რომ მათ სადგამს იხვის ფეხების ფორმა აქვს. აღნიშნული განათების ელემენტებიც ხელნაკეთია და სრულიად ბუნებრივი მასალებისგანაა დამზადებული.

აქვეა ოთახის ერთ-ერთი ცენტრალური დეტალი – ზღაპრული საწოლი ნაზი კრემისფერი ფარდით და ხის სათამაშო ყუთი, რომელიც სავსეა ბავშვების საყვარელი რბილი სათამაშოებით.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის სწორად გამოყენება. მშობლებს, რომლებიც ახლა გეგმავენ საბავშვო ოთახის მოწყობას, ვურჩევდი, რომ გაითვალისწინონ სათავსოების აუცილებლობა. პატარებს ისინი დიდი რაოდენობით სჭირდებათ. მაგალითად, ჩვენი ტახტის ქვეშ დიდი უჯრაა, რომელშიც ბავშვების უამრავი სათამაშო თავსდება.  ასევე ჩემი რჩევა იქნება, რომ ოთახი გადატვირთული არ იყოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა თავად შეძლონ სივრცისთვის ხასიათის მიცემა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ რბილი იატაკის მოვლა მარტივი არ არის, მიმაჩნია, რომ ის ჩვენი საბავშვო ოთახის ძალიან მოხერხებული ნაწილია. გარდა იმისა, რომ მისი მეშვეობით ოთახში სიმყუდროვე იქმნება, ჩემმა პატარებმა კომფორტულად დაიწყეს ხოხვა და როდესაც მათ ფეხი აიდგეს, არ მეშინოდა მათი წაქცევის. ახლაც კი ყველანი ერთად ვწევართ იატაკზე და ვკითხულობთ ჩვენს საყვარელ წიგნს.

ფოტოები: ოთო გორდელაძე და Evgeny Efanov

როგორ შევქმნათ ეკლექტური სტილის ინტერიერი – თამარ უმანკოშვილის გიდი

Wild House – სახლი კოსტა რიკის მთებში