in

საღებავი თუ შპალერი – რომელი უფრო ეკონომიურია?

კედლის ფერი და სტრუქტურა ძალიან დიდ როლს ასრულებს  ინტერიერის სრულყოფაში. შესაბამისად, დღესდღეობით ბაზარზე საღებავებისა და შპალერის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს ხშირად უჭირთ არჩევანის გაკეთება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფინანსურად სწორი გადაწყვეტილების მიღება. მაინც რომელი ვარიანტი უფრო ბიუჯეტურია – შპალერი თუ ღებვა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ დარგის სპეციალისტს, ნოდო სიხარულიძეს გავესაუბრეთ:

– რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ შპალერს და საღებავს? 

არსებობს კედლის დამუშავების ბევრი ვარიანტი, თუმცა დღესდღეობით იყენებენ ორ, ყველაზე აქტუალურ და  ცნობად ხერხს. ეს არის ლესვა ღებვით ან შპალერი. მოდით, შევადაროთ ორივე ტექნიკის დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები.

ღებვა

ღებვის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი ლესვაა. კონკრეტულად, როცა ლესვა იდეალურად არაა შესრულებული და ასეთი კედელია შეღებილი, იგი მზის მოხვედრისას იკეთებს ჩრდილებს, რაც თვალისთვის არაესთეტიკურია. შესაბამისად, აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ ღებვამდე ლესვა უნდა იყოს შესრულებული იდეალურად.

რაც შეეხება დადებით მხარეებს, პირველ რიგში, ეს არის არჩევანის სიმრავლე. საღებავით ნებისმიერი ფერის, სიპრიალისა თუ სიგლუვის დასმაა შესაძლებელი. ასევე ამ შემთხვევაში სხვადასხვა კედელზე გადასვლისას არ გვხვდება ე.წ. გადაბმები.

შპალერი

საღებავისგან განსხვავებით, შპალერის შემთხვევაში მეტი უარყოფითი მხარის დასახელება შეგვიძლია. პირველ რიგში, საუბარია არჩევანის სიმწირეზე. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით შპალერის მრავალფეროვანი დიზაინები არსებობს, საბოლოო ჯამში, არჩევანის შეჩერება მაინც იმ ვარიანტზე გვიწევს, რომელიც მაღაზიაში გვხვდება. გამოდის, რომ დიზაინი უნდა მოერგოს შპალერის ვიზუალს და არა პირიქით. ამას გარდა, ყველაზე იდეალურად გაკრულ შპალერსაც კი ეტყობა გადაბმის ზონები. შპალერის ბოლოები აუცილებლად უნდა მთავრდებოდეს ოთახის კუთხეებში, ვინაიდან, საღებავისგან განსხვავებით, მათ შუა გზაში ვერ გავწყვეტთ. ხშირ შემთხვევებში, შპალერი მოხმარების პერიოდში იხევა და ის უფრო რთულად მოსავლელია. თუმცა, მათთვის, ვისაც ორნამენტებიანი, გაფორმებული ან ტექსტურიანი კედლები მოსწონს, შპალერი საუკეთესო გამოსავალია.

შევადაროთ კედლების შპალერითა და საღებავით მოპირკეთების ხარჯები

საღებავის საფასური 14 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს (თუმცა. ერის შეზავების შემთხვევაში ფასი იცვლება), ხოლო ხელობის ფასი 1 კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 10-13 ლარია.

რაც შეეხება შპალერს, ერთი რულონის ფასი 8-140 ლარამდე დიაპაზონს გულისხმობს, ხელობის საფასური კი 1 კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 15 ლარია.

რომ შევაჯამოთ, თანამედროვე ბაზარზე წარმოდგენილი სარემონტო მასალები იმდენად მრავალფეროვანია როგორც დიზაინის, ასევე ხარისხის კუთხით, რომ კარდინალური ფასთა სხვაობა შპალერისა და ღებვის შემთხვევაში არ გვხვდება. ამ მხრივ ყველაფერი მომხმარებლის გემოვნებასა და მის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.

ფერების ფსიქოლოგია: როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე

ავეჯის დიზაინერების მიერ შექმნილი ოცნების რანჩო მექსიკაში