in

მინიმალისტური სტილის სახლი ოკეანის პირას

Banner M2
Banner M2

მდიდრული, ჰაეროვანი და მყუდრო მყუდრო – ეს სახლი “ლონგ აილენდზე” მდებარეობს და ყველა იმ შეხედულებას აერთიანებს, რაც ადამიანებს მდიდარი ნიუ-იორკელების მიმართ აქვთ. სახლი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე აშენდა, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ცდილობდნენ, მასში კომფორტული და მსუბუქი საკურორტო ატმოსფერო შეექმნათ. სასიამოვნო რძისფერი ჩრდილები ბუნებრივ ხესთან და თანამედროვე ავეჯთან არა მხოლოდ ძალიან მიმზიდველად, არამედ წარმოუდგენლად ელეგანტურადაც გამოიყურება.

მისაღები საკმაოდ დიდი და გაშლილია და მას ბაღში გასასვლელი კარი ამშვენებს. სწორედ ამ კარის წყალობით, სახლი მდიდარია ბუნებრივი სინათლით, რაც ოთახში სივრცის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ავეჯი ძირითადად თეთრი ფერისაა, ხოლო კონტრასტებისა და საინტერესო აქცენტების შესაქმნელად მწვანე მცენარეები, ლარნაკები და სხვა სახის დეკორაციაა გამოყენებული. სახლში ვხვდებით ბუნებრივი ხის მასალის სიმდიდრეს, რაც ოკეანესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ კუთხით გამოირჩევა ავეჯი, რომელიც მაღალი ხარისხის ხის მასალისგანაა დამზადებული.

სამზარეულოში განსაკუთრებულ განწყობას დახვეწილი მარმარილო ქმნის, რომელიც აქცენტების სახით მთელს სახლშია განაწილებული და ერთიან ატმოსფეროს უზრუნველყოფს. სივრცე მაქსიმალურად არის ათვისებული ფუნქციური ავეჯისა და ნივთების გამოყენებით. მასალის სახით, ძირითადად, აქაც ხეს ვხვდებით, რომელიც იდეალურადაა შეხამებული ოქროსფერ დეტალებთან და მწვანე მცენარეებთან. აქვეა მცირე ზომის საკუჭნაოც, რომელიც გამოიყენება ჭურჭლის, საკვების, ზამთრის მარაგებისა და სხვა საჭირო ნივთების შესანახად.

რაც შეეხება საძინებელს, სახლის ეს ნაწილიც მკაფიოდ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. მისაღების მსგავსად, ამ ოთახსაც აქვს დიდი ზომის კარი, რომელიც ეზოში გადის. ოთახში დამატებით განწყობას ქმნის ჭერის დიზაინი და ელეგანტური ჭაღიც, რის ხარჯზეც ხისფერისა და თეთრი ტონების საინტერესო კონტრასტი იქმნება. ცალკე აღნიშვნის ღირსია პატარა ბუხარიც, რომელიც ისედაც თბილ ინტერიერს კიდევ უფრო მეტად ათბობს.

პროექტში ორი სააბაზანოა გათვალისწინებული, რომელთაგან ერთი შედარებით ღია, თეთრ და ხისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი და თანამედროვე ავეჯითა და სანტექნიკითაა აღჭურვილი. ზედაპირების სახით, სამზარეულოს მსგავსად, აქაც მარმარილოა გამოყენებული.

მეორე სააბაზანო შედარებით მუქ ფერებშია მოწყობილი და თეთრი და შავი ტონების კონტრასტს ქმნის. საშხაპე ნაწილი აგურის მსგავსი ფილებით არის მოპირკეთებული, განწყობის შესაქმნელად კი, როგორც სხვა ოთახებში, მწვანე მცენარეებსა და მცირე ზომის დეკორაციებს ვხვდებით.

საბოლოო ჯამში, ინტერიერი ძალიან მყუდრო და თბილია და მასში იდეალურადაა ასახული ოკეანის ცვალებადი კლიმატი. მინიმალისტური სტილის ხარჯზე, ისედაც დიდი სივრცე კიდევ უფრო ფართო და ნათელი ჩანს, რაც აქ ცხოვრებასა და დასვენებას ორმაგად სასიამოვნოს ხდის.

ქართველი ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთები სახლისთვის – 5 პროდუქტი „VELI.store“-დან

ალუმინის მოძრავი კარი — როგორია მისი მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე?