in

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი მონაწილეობა ზალცბურგის საერთაშორისო დიზაინის კვირეულში

ავსტრიაში, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ( FH Salzburg University), 4-11 დეკემბერს საერთაშორისო დიზაინის კვირეული გაიმართა, სადაც წელს პირველად მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაც იღებდა.

დიზაინის საერთაშორისო კვირეული უკვე 10 წელია, ყოველწლიურად, ავსტრიაში ტარდება და წელს საიუბილეო თარიღი აღინიშნა. ამ ხნის განმავლობაში, დეკემბრის თვეში, ევროპის წამყვანი დიზაინის უნივერსიტეტებიდან თავს იყრიან ამ სფეროს პროფესორები, სტუდენტები და საუკუნის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ერთად მუშაობენ. კვირეულის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ერთად შეკრიბოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული სტუდენტები პროდუქტის დიზაინის სფეროდან, რომლებიც ერთობლივად შექმნიან ეკო-მეგობრულ, უსაფრთხო პროდუქტის დიზაინებსა და მასალებს.

წელს დიზაინის ვორქშოფის მონაწილე უნივერსიტეტების სია ასე გამოიყურებოდა: FH Salzburg -ავსტრია;  Hochschule für Technik Stuttgart – გერმანია; Technical University Brno – ჩეხეთი; Bahecesir University Istanbul – თურქეთი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – საქართველო.

სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი უკვე 3 წელია ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობს ერასმუს გაცვლითი პროგრამით. თუმცა, წელს პირველად მოხდა შემოთავაზება უცხოური მხარისგან საერთაშორისო ვორქშოპში მონაწილეობის შესახებ. პროექტში მიწვეულნი იყვნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ქოიავა ყიფიანი, დიზაინის ფაკულტეტის კოორდინატორი ნატა ნიკოლეიშვილი, პროფესორები – თინათინ კლდიაშვილი, ჯუმბერ ბეჭვაია, სვეტლანა მხრჩიანი და 12 სტუდენტი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლები დაფინანსდნენ გრანტით.

სტუდენტების შესარჩევად, საწყის ეტაპზე, გამოცხადდა კონკურსი, სადაც აპლიკანტს უნდა წარედგინა: CV, ინგლისური/გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი და პორტფოლიო. უპირატესობა კი მიენიჭებოდათ მრავალფეროვანი და განსხვავებული ტექნიკებით შესრულებულ ნამუშევრებს. არჩეულმა 12-ვე სტუდენტმა შესაბამისი პორტფოლიო წარადგინა და დამაკმაყოფილებელი პასუხიც მიიღო.

დიზაინის საერთაშორისო კვირეული, 5 დღის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტები 12 ჯგუფში გადანაწილდნენ და მიიღეს დავალება, შეექმნათ არსებული ნივთების განახლებული, ეკო უსაფრთხო პროდუქტის დიზაინი, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნებოდა შესაძლებელი.

თითოეულ ჯგუფს ჰყავდა მენტორი პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებიც სამუშაო პროცესში სტუდენტებს დიზაინის შექმნაში ეხმარებოდნენ.

სტუდენტებმა არჩევანი მაქსიმალურად ნატურალურ პროდუქტსა და მათ კომბინაციაზე შეაჩერეს, როგორებიცაა: სელი, ბამბუკი, ლუციფერინი (ოკეანის წყალმცენარე), ხისა და ლიმონისგან შექმნილი მინის ალტერნატივა, ნაძვის წიწვები, ღვინის ნარჩენები, ჩაის ფოთლები, ყავის მარცვლები, სელის ლენტი, მიცელიუმი, გვირილის ყვავილი და კაკაოს ნარჩენები.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით სტუდენტებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს. მათ წარმოაჩინეს თავიანთი უნარები, კრეატიული აზროვნება და სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მუშაობის პრინციპს გაეცნენ. ზალცბურგის უნივერსიტეტმა სურვილი გამოთქვა, რომ მომავალ სემესტრში, სამხატვრო აკადემიის რამდენიმე სტუდენტმა ავსტრიაში გააგრძელოს სწავლა. წარმატებული მონაწილეობის შედეგად, დაიგეგმა ქართული მხარის ყოველწლიური ჩართულობა ამ კვირეულში.

პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტისთვის, რადგან მასში მონაწილეობის მიღება ნიშნავს მუდმივ კონტაქტზე ყოფნას ამ სფეროს წარმომადგენლებთან ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ეს არის შესაძლებლობა, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებისა და საინტერესო, თანამედროვე, ეკო-მეგობრული პროდუქტების შექმნისა.

Baan Nakhonnayok — მდინარისპირა სახლი ტაილანდში

7 ნივთი დომინოს ჰიპერმარკეტიდან, რომლებიც თქვენს სახლში საახალწლო განწყობას შემოიტანს