in

ფრანგი არქიტექტორის საოცნებო სახლი პარიზში

Banner M2
Banner M2

ალბათ გარდაუვალი იყო, რომ ჯოზეფ დირანდი არქიტექტურის მიმართულებას გაჰყვებოდა, ხოლო მისი ძმა — ადრიენი ფოტოგრაფიის გზას დაადგებოდა. ისინი დეკორის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფის — ჟაკ დირანდის ვაჟები არიან.

ჯოზეფ დირანდი, მისი მეუღლე — ანსო ბილეტ დირანდი, ღონისძიებების დამგეგმავი, და მათი ორი ქალიშვილი (თითოეული მათი წინა ქორწინებებიდან) ექვსი წელი მარცხენა სანაპიროზე ცხოვრობდნენ. თუმცა, რადგან ისინი ბავშვს ელოდებოდნენ, გაფართოების აუცილებლობა გაჩნდა. „შესანიშნავი შენობის პოვნა პარიზშიც კი ძნელია”, — ამბობს ჯოზეფი. შემდეგ მათი უძრავი ქონების მესაკუთრემ ახსენა პასის ბორცვზე არსებული ბინა შენობაში, რომელიც 1900 წელს აშენდა, როგორც სასტუმრო.

როგორც კი ჯოზეფმა ნახა 242მ2-ის მქონე ბინა, რომლიდანაც პარიზის საუცხოო ხედები იშლება, მაშინვე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც ეძებდა. „მთელი ჩემი კარიერა სივრცეების სხვებისთვის მოწყობაში გავატარე, მაგრამ საკუთარი თავისთვის ამის გაკეთებას იშვიათად ვახერხებ”, — ამბობს ის. „ასე რომ, მე ზუსტად ვიცოდი, თუ რა მინდოდა. ჩემთვის დიზაინი ყოველთვის თავის ფუნქციას უნდა ემსახურებოდეს — ეს უნდა იყოს კარგად შესწავლილი სივრცე, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ხარისხს უზრუნველყოფს”.

ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ ჯოზეფი უპირატესობას ქვის მასალას ანიჭებს. კედლებისთვის, ბრტყელი ზედაპირებისთვის, აბაზანებისთვის გამოყენებულია რბილი ტონის ქვა ან მარმარილო, რომელიც მან წლების წინ შეიძინა და ინახავდა მანამ, სანამ შესაფერისი მომენტი დადგებოდა. ჯოზეფმა ამჯერადაც ისევე, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, მოიწვია თავისი საყვარელი ხელოსნები, რომლებთან თანამშრომლობაც მას კარგად აქვს გამოცდილი.

მშვენიერი თაღები, რომლებიც ამ სახლში გვხვდება, ჯოზეფის აზრით, უფრო სახლს შეესაბამება, ვიდრე ბინას, თუმცა ისინი აქ მინი პალაცოს ეფექტის შექმნას ემსახურება, ასევე აუმჯობესებს ჰაერის მოძრაობას და სივრცეებს სინათლით ავსებს.

სამზარეულოში, წლების წინ შეძენილი მარმარილოს ნაჭრისგან შექმნილ, გამორჩეული იერსახის მქონე კუნძულს ხშირად არქიტექტორის თინეიჯერი ქალიშვილი — ნინონი საშინაო დავალების შესასრულებლადაც იყენებს. ჯოზეფი ძირითადი ავეჯისთვის მინერალურ მასალებსაც კი იყენებს, როგორიცაა თეთრი ტრავერტინის სასადილო მაგიდა და ესტრემოზის ყავის მაგიდა.

ამ თვალწარმტაც სახლში შეხვდებით სხვადასხვა სკულპტურებსა და ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც მეპატრონეების შინაგან სამყაროს წარმოაჩენს, სივრცეს მეტ ინდივიდუალურობასა და ხიბლს სძენს.

7 კრიტერიუმი, რასაც ახალაშენებული კორპუსის ბინა უნდა აკმაყოფილებდეს

რა დამიჯდება რემონტი? რაზეა დამოკიდებული მისი ფასი და როგორ გამოვთვალოთ საშუალო ხარჯი?