ტაბახმელაში მდებარე კერძო სახლის დიზაინ პროექტზე ნინო ნოზაძემ იმუშავა. ეს არის სივრცე, რომელშიც მკაფიოდ იკითხება ავტორის დამოკიდებულება სკულპტურული მინიმალიზმისადმი. პროექტი წარმოადგენს თანამედროვე ცხოვრების სტილის ინტერპრეტაციას, სადაც გვხვდება დაბალანსებული, გამოხატული ფორმები და მთავარი აქცენტი მასალასა და ფორმას შორის დიალოგზე კეთდება.
უმთავრეს არქიტექტურულ ელემენტად ინტერიერში ბუნებრივი განათება გვევლინება — ის იფილტრება მსუბუქი ფარდებიდან, ირეკლება გაპრიალებულ ზედაპირებზე და სივრცეს ცოცხალ დინამიკას ანიჭებს.
საცხოვრებლის პირველი სართული ფართო ორდონიანი ზონით იხსნება, რომელიც გამჭოლი დინებით აერთებს სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღებს. ცენტრში მდგომი სკულპტურული ფორმის კიბე და ყავისფერი კერამიკული ფილებით მოპირკეთებული ბუხარი ახდენს სივრცის სტრუქტურულ და ვიზუალურ გამიჯვნას. სახლის მასალების პალიტრა მკაფიოდ გააზრებულია: ბეტონის იატაკი, ნატურალური მუხით მოპირკეთება, უჟანგავი ფოლადი და რბილი ტექსტილი მყუდრო ტონებში.
ინტერიერში შერჩეული ავეჯი 20-ე საუკუნის დიზაინის გამორჩეული ნიმუშებითაა შთაგონებული და სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს მატებს. გეომეტრიული კონსტრუქციის მქონე ფოლადის სკამები, ძროხის ტყავის LC4 შეზლონგი, ტყავის რბილი ავეჯი და იასამნისფერი ხალიჩა ქმნის თანამედროვე და თბილ ატმოსფეროს. მსგავსი განწყობა გრძელდება სამზარეულოშიც, სადაც ფოლადის ავეჯსა და ბარის სკამებს ინდუსტრიული სტილის ელენემტი შემოაქვს ინტერიერში.
საძინებელი ოთახი ამ სივრცის საერთო კონცეფციას მშვიდი ელფერებით, სადა ფორმებითა და ტექსტურებით აგრძელებს. სკულპტურული ფორმის დივანი და ჯორჯ ნელსონის სანათი რეტრო განწყობას ქმნის, ფარდები კი ბუნებრივ შუქს რბილ და რითმულ ნაკადად აქცევს.
სველი წერტილებში ფერებისა და მასალების საკმაოდ საინტერესო კომბინაცია გვხვდება. ყურადღებას იქცევს ერთი დეტალი — პრიალა ზედაპირის მქონე სივრცეში მოულოდნელად წითელი ტონი გვხვდება, რომელიც გამჭვირვალე შუშის აბაზანის მიღმა დრამატულ მომენტს ქმნის.
ექსტერიერში ეს მინიმალისტური მიდგომა გრძელდება მზის სხივებით სავსე აუზის ტერასაზე, სადაც სკულპტურული ალუმინის ავეჯი და სადა გარე სასადილო სივრცე ქმნის ორგანულ კავშირს ბუნებასთან, ინარჩუნებს არქიტექტურულ სიზუსტეს და ხაზს უსვამს სახლის ზოგად ესთეტიკას.
ნინო ნოზაძის პროექტი ტაბახმელაში თანამედროვე საცხოვრებლის ერთგვარ მანიფესტად იქცა — სივრცე, სადაც მინიმალიზმი თავის მკაცრ ფორმებს სცილდება და იქცევა ემოციით, სინათლითა და დეტალებით სავსე გარემოდ. სახლი ნათლად ცხადყოფს, რომ არქიტექტურისა და ინტერიერის ჭეშმარიტი ძალა არა მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებაში, არამედ იმ ატმოსფეროშია, რომელიც მასში გვხვდება. სწორედ აქ ვლინდება ამ პროექტის მთავარი ღირებულება — ინტერიერი, როგორც მდუმარე დიალოგი სივრცესა და მის მაცხოვრებელს შორის.
პროექტის ავტორი: ნინო ნოზაძე