in

Sheridan&Co-ს რითეილ დიზაინის ფილოსოფია – ინტერვიუ მაიკლ შერიდანთან

ჭკვიანური დაგეგმარებით შექმნილი დიზაინი ნებისმიერ პროდუქტს მიმზიდველსა და სასურველს ხდის. ეს ყველაზე კარგად მაიკლ შერიდანმა, კომპანია Sheridan&Co-ს დამფუძნებელმა იცის. Sheridan&Co ინტერიერისა და პროდუქტის რითეილ დიზაინის განხრით მუშაობს, რაც პროდუქტის შექმნისას კრეატიულთან ერთად კომერციული ხედვით ხელმძღვანელობს. სწორედ Sheridan&Co-ს ხელწერითაა შექმნილი თიბისი კონცეპტის პირველი სივრცე, რომლის სტუმართმოყვარე და მულტიფუნქციურმა ინტერიერის დიზაინმა ბანკის სივრცეების იმიჯი სრულიად გარდაქმნა და მარჯანიშვილის #7-ში მდებარე სივრცე თბილისის მაცხოვრებლების ერთ-ერთ საყვარელ ლოკაციად აქცია. homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს მაიკლ შერიდანთან.

ბატონო შერიდან, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?

ჩემი ბავშვობა ერთდროულად მშვიდი და ექსტრემალური იყო. ჩემთვის, როგორც ტროპიკებში დაბადებული ადამიანისთვის, ნორმალური ის იყო, სადაც ცივილიზაცია და ჯუნგლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, სადაც იქმნებოდა მრავალენოვანი და მრავალკულტურული გარემო, სადაც მანქანით, გემით, თვითმფრინავითა თუ მატარებლით მოგზაურობა დიდ დროს მოითხოვდა და ყოველთვის თავგადასავალი იყო. ჩვენ ლონდონში წელიწადში ორჯერ მივემგზავრებოდით, სადაც სრულად ვეფლობოდით არქიტექტურაში, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსა და ისეთი საოცარი მაღაზიების გარემოცვაში, როგორებიცაა  Fortnum & Mason, Hamleys, Harrods და Selfridges.

Sheridan&Co-ს პროექტი – მაღაზია Douglas-ის ინტერიერი

ჩემი ოჯახი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად  მაშინ გადავიდა, როცა 8 წლის ვიყავი. 12 წლიდან დასვენებების პერიოდში მუშაობა დავიწყე. 16 წლისამ საკუთარი ჯინსის მაღაზია გავხსენი, რომელსაც Faded Glory ეწოდებოდა. მაშინ ვიმედოვნებდი, რომ რითეილი ჩემი მომავლის ნაწილი იქნებოდა. ფუნდამენტურად მიდრეკილი ვარ გამომგონებლობისკენ, თუმცა ამავე დროს პრაქტიკული ადამიანი ვარ. 16 წლის ასაკში კერძო სკოლა მივატოვე, რათა ინჟინერიის დარგის შესწავლა დამეწყო. ამის წყალობით ჰოუკერ სიფლის დაფინანსება მოვიპოვე უმაღლესი განათლების მისაღებად და პლასტიკის სპეციალობის ასათვისებლად. მაშინ, როგორც ახლა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადი პროგრესი და განვითარება, ამიტომ როცა დინამიური დიზაინის სააგენტოსთვის მუშაობის შესაძლებლობა გამომიჩნდა, მაშინვე დავთანხმდი. ამ დროს პოპულარული ხდებოდა საცალო ვაჭრობაში ისეთი ბრენდული ინიციატივები, როგორებიც იყო მეგა პროდუქტების გამოშვება და მსურდა, ისეთი დივიზია დაგვეარსებინა, რომელიც ამ განხრით იმუშავებდა. ჩემი დამსაქმებლები ამ სფეროში იმავე შესაძლებლობას ვერ ხედავდნენ, როგორც მე, ამიტომ სამსახურიდან წამოვედი და ჩემი კომპანია დავაარსე, რომელიც რითეილის დიზაინის სააგენტოდ ჩამოყალიბდა.

Sheridan&Co-ს პროექტი – Pat McGrath-ის მაღაზია

თქვენმა კომპანიამ პირველი ნაბიჯები 1983 წელს გადადგა, როცა ის თქვენს ცოლთან ერთად შექმენით. დღეს Sheridan & Co-ს 90-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. გვიამბეთ კომპანიის გავლილ გზაზე, როგორ მიხვედით აქამდე? რა იყო მთავარი გამოწვევა საერთაშორისო აღიარების მქონე კომპანიის ისტორიაში?

Sheridan & Co-სთვის, როგორც დამოუკიდებელი კომპანიისთვის, ჯერ დასრულებული სახე არ გვქონდა მიცემული, მაშინ, როცა ჩემი ორი ყოფილი კლიენტი დამიკავშირდა და შემომთავაზეს, რომ მათ პროექტებზე მუშაობა დამეწყო. ამ დროს პაწაწინა სახლი მქონდა, რომლის საძინებელი კომპანიის ოფისად გადაკეთდა. Sheridan & Co-ს დაარსებიდან პირველი 18 თვის განმავლობაში ჯულიენი, ჩემი ცოლი, რომელიც მაშინ ჩემი შეყვარებული იყო, დღისით თავის ძირითად სამსახურში დადიოდა, საღამოობით და უქმეებზე კი მეხმარებოდა და ჩემთან ერთად მუშაობდა. 1986 წელს Sheridan&Co ჩემი სახლიდან საკუთარ ოფისში გადავიდა. ამ დროს ფეხი შევდგით მანუფაქტურის ბიზნესში, რომლის ფარგლებშიც დაკვეთით, საცალოდ შექმნილ ავეჯსა და მერჩენდაიზის ჩვენებებს ვამზადებდით. 1995 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი დიდი ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა სამუშაოდ, შვილობილი კომპანიის სამართავად. მას გამოვემშვიდობე, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ რეგულარულად დავიწყე ფრენა ლონდონიდან ნიუ-იორკში. ჩემი დავალება იყო ამ დამკვეთის ბრენდების კრეატივისა და ხედვის ამერიკელი მომხმარებლისთვის გაცნობა და წარდგენა.  ამერიკაში მუშაობის შედეგად Sheridan&Co-მ ბევრი საჭირო კონტაქტი შეიძინა. საბოლოო, დასრულებული სახით კომპანია 1999 წელს დაარსდა.

Sheridan&Co-ს პროექტი – Morphe-ს სათაო ოფისი ამსტერდამში

თქვენი კომპანიის ფილოსოფიის მიხედვით, „არ არსებობს გამოსავალი, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება“. შესაბამისად, ყველა დამკვეთს ინდივიდუალურად უდგებით. როგორი ტაქტიკის საშუალებით აკმაყოფილებთ ყოველი კლიენტის სურვილებს?

ყოველთვის მჯეროდა, რომ ბრენდების წარმატებაში მთავარ როლს მომხმარებელი ასრულებს. Sheridan&Co ბრენდსა და მომხმარებელს შორის ინტერპრეტატორის, განმმარტებლის ფუნქციას ითავსებს. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ კარგი სტრატეგები ვართ, რადგან შეგვიძლია ყურადღებით მოსმენა.

ემპათია და სიკეთე დღესდღეობით მოდურ სიტყვებადაა ქცეული, მაგრამ ჩვენთვის ეს ცნებები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია იმ ინდივიდების გაგება, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ და რომლებიც თავად არიან სხვადასხვა ბრენდების მომხმარებლები. ჩვენს გუნდში, კომპანიის შიდა კულტურაში, ისევე, როგორც დამკვეთებთან ურთიერთობაში ემპათიის დამკვიდრებას ბიზნესის დაწყების პირველი დღიდან ვცდილობთ.

Sheridan&Co-ს პროექტი – Morphe-ს მანჩესტერის ფილიალი

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება გაქვთ, საინტერესოა თქვენი შეხედულება რითეილის დიზაინის მომავლის შესახებ. რომელ თანამედროვე ტრენდებს გამოარჩევდით ამ მხრივ?

რითეილის დიზაინის დანიშნულება შეიცვალა და ახლა ის მიიჩნევა მარკეტინგის ნაწილად, რომელიც მომხმარებელთან დაკავშირებაში გვეხმარება. მაღაზია არაა მხოლოდ პროდუქტის გასაყიდად საჭირო ადგილი – აქ მყიდველები ხვდებიან ბრენდების წარმომადგენლებსა და ამბასადორებს, ესაუბრებიან მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანებს, ატარებენ თავიანთი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს. აქედან გამომდინარე, მაღაზიების აღზევებას კონტენტის შექმნისა და „რითეილის მედიის“ ახალ ასპარეზად აღვიქვამთ. მომხმარებელს ვეკონტაქტებით ინსტაგრამ ლაივების, კონსულტაციების, ვორქშოფების საშუალებით. ის რითეილერები და ბრენდები, რომლებიც საკუთარ კლიენტებთან ახლოს არიან და მათი გემოვნების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ბაზარზე ყველაზე წარმატებულები იქნებიან.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ პანდემიის შედეგად ფიზიკური სივრცეები განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებიან. ჩემი აზრით, რითეილერები და ბრენდები, რომელთაც კოორდინირებული მიდგომა ახასიათებთ ციფრულ და ფიზიკურ სივრცეებთან, ნებისმიერ სიტუაციასა და გამოწვევას მარტივად მოერგებიან. ბევრი ისეთი ციფრული ბრენდი არსებობს, რომლებმაც პანდემიის შედეგად შექმნილი რეალობა ხელსაყრელ შემთხვევად აღიქვეს და თავიანთი არეალი, წარმოება თუ ფიზიკური სტრუქტურები განავითარეს. საერთო ჯამში, მწამს, რომ დღესდღეობით შექმნილ სიტუაციაში რეალური გამარჯვებული მომხმარებელია, ვინაიდან სწორედ ის სარგებლობს სხვადასხვა გამოწვევის შედეგად გაუმჯობესებული მომსახურებით. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 60% აღნიშნავს, რომ ლოქდაუნმა და საყოველთაო ჩაკეტილობამ ისინი ბევრად სენტიმენტალურები გახადა ადგილობრივების მიმართ. ხალხმა ახლიდან აღმოაჩინა და შეიყვარა მათთან ახლოს მცხოვრები ხალხთა ჯგუფები, საზოგადოებები, დაიწყო მათი მხარდაჭერა. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ პოპულარული გახდა ლოკალური ბიზნესების მხარდაჭერა და ადგილობრივი ვაჭრობა, ამიტომ საინტერესო იქნება იმისი ხილვა, თუ რა გავლენა ექნება ამ ტრენდს რითეილის საერთო ლანდშაფტზე. ჩემი აზრით, უკვე ცხად შეტყობინებას ვიღებთ იმის შესახებ, თუ სად და როგორ სურს მომხმარებელს ვაჭრობა.

Sheridan&Co-ს პროექტი – A Day Well Spent with Naked Retail-ს მაღაზია

გვიამბეთ თქვენს მიერ შექმნილ TBC ბანკის სათაო ოფისზე. რა მიზნები გქონდათ დასახული პროექტზე მუშაობისას? როგორ მოახერხეთ ამ მიზნების განხორციელება?

თიბისის ახალი სათაო ოფისის ძირითადი მიზანი იმ ფუნქციების განხორციელება იყო, რომლებსაც TBC Concept ისახავს. ჩვენი საპროექტო დავალება იყო მათი ტრადიციული ბანკის ინტერიერის გარდაქმნა და განახლება ისეთი სივრცის მისაღებად, რომელიც გაცდებოდა უბრალო ბანკის ფუნქციებსა და მოვალეობებს, სადაც ადამიანები არ მივიდოდნენ მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად, არამედ იმუშავებდნენ და ამავე დროს განიტვირთებოდნენ, გაიცნობდნენ ახალ ხალხს. გვსურდა, შეგვექმნა ისეთი დიზაინი, რომელიც ტრადიციული, ცოცხალი სოციალიზაციისთვის და სხვადასხვა კულტურული ჰობის გასაღვივებლად ზედგამოჭრილი იქნებოდა.

Sheridan&Co-ს პროექტი – TBC ბანკის სათაო ოფისი

Sheridan&Co-სა და TBC-ს თანამშრომლობით შექმნილი დიზაინით ბანკის ინტერიერში უნდა შექმნილიყო ისეთი სივრცე, რომელთანაც მომხმარებელი შესვლისთანავე დაამყარებდა პირად კავშირს. ამ მიზნის მისაღწევად ატრიუმში შევქმენით ლაუნჯის არე, რომელიც კომფორტული, მასშტაბური ავეჯით გავაწყეთ. აქვე გვხვდება ციფრული ეკრანი, რომელზეც ბანკის მიერ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება. მომხმარებელს შეუძლია ბიბლიოთეკით სარგებლობაც, სადაც ეწყობა ლიტერატურული შეხვედრები, იღებენ პოდკასტებს, ვიდეო გაკვეთილებს…

Sheridan&Co-ს პროექტი – TBC ბანკის სათაო ოფისი

TBC ბანკი გამოირჩევა სოციალური აქტიურობით, ხშირი, საინტერესო ღონისძიებებით – ბანკი რეგულარულად აწყობს ლექციებს, ორგანიზებას უკეთებს გამოფენებს, იოგის გაკვეთილებს, მუსიკალურ საღამოებს და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ჩვენმა სტრატეგიის გუნდმა შეიმუშავა კონცეფცია სახელად “ტილო“ (“Canvas”), რომელიც სათაო ოფისში ცარიელი სივრცეების ერთობლიობის მოწყობას გულისხმობს. ამ ცარიელი სივრცეების გამოყენება TBC-ს მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიებისთვისაა შესაძლებელი. თითოეული ოთახი იმდენად დიდია, რომ მასში სრულფასოვანი ღონისძიების გამართვა მოსახერხებელია, თუმცა ამავე დროს დაცულია ინტიმურობისა და იზოლაციის ბალანსი, რათა თითოეულმა სტუმარმა შეძლოს სპიკერის მოსმენა, მასთან პირად დონეზე დაკავშირება.

Sheridan&Co-ს პროექტი – TBC ბანკის სათაო ოფისი

გარდა ამისა, Sheridan&Co-მ TBC-ს ახალ სათაო ოფისში შექმნა რითეილის სივრცე – ‘The Newsagents’, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა ბიზნესთან დაკაშირებული ნივთების, წიგნებისა და სხვა ნივთების შეძენა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სივრცის გარდაქმნა ბანკის შენობაში არსებულ მაღაზიად, თუ TBC საკუთარი სტუმრებისთვის რომელიმე ქართული ბრენდის პროდუქციის გაცნობას მოინდომებს.

Sheridan&Co-ს პროექტი – TBC ბანკის სათაო ოფისი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი ინტერიერის დიზაინის კურსს აცხადებს

საბურთალოს City Mall-ში “Ashley Homestore”-ის ფილიალი გაიხსნა