in

ოცნებებით დაწყებული არქიტექტურა და ნაგებობებში გაცოცხლებული ხელოვნება – ინტერვიუ შორენა წილოსანთან

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორ-დიზაინერი, შორენა წილოსანია. როგორც თავად გვიამბობს, მისი სიყვარული პროფესიისადმი ოცნებით დაიწყო, საკუთარ წარმოდგენებსა და ფიქრებში ჩაძირულმა, ბავშვობაშივე გააცნობიერა, რომ განსაკუთრებული წარმოსახვის ნიჭით იყო დაჯილდოებული, რაც საკუთარი თავისა და სურვილების გამოხატვაში ეხმარებოდა. მშობლების ხელშეწყობით კი სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთა და დღემდე ამ სფეროს ერთგულად ემსახურება. დღეს შორენა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ბავშვობის წლებზე, კარიერასა და ფილოსოფიურ ხედვაზე გვესაუბრება…

შორენა, გვიამბეთ თქვენს ბავშვობასა და იმ გარემოზე, რომელშიც იზრდებოდით

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ოცნება. მახსოვს, როდესაც ამა თუ იმ შენობას ვაკვირდებოდი, ძალიან დიდხანს ვიდექი, ვფიქრობდი, სივრცულად წარმოვიდგენდი, როგორ გარდავქმნიდი ჩემებურად ამა თუ იმ ნაგებობას… მაშინ ეს ყველაფერი ოცნება მეგონა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს წარმოსახვა იყო.

ბავშვობაში სახლი გვქონდა ბაკურიანში, სადაც ზაფხულობით ხშირად ვისვენებდით. იქვე პატარა ქოხი გვედგა. 10-11 წლის ასაკში მე მას საათობით ვაკვირდებოდი ხოლმე, ჩემთვის ვოცნებობდი, როგორ მოვაწყობდი და დავაპროექტებდი იქაურობას. ამ პერიოდში ჩვენს სახლთან ახლოს სასტუმრო შენდებოდა. კარგად მახსოვს, დილით ადრე ვდგებოდი და მშენებლობაზე მივდიოდი. მაინტერესებდა სამშენებლო პროცესი. მაშინ მთავარმა მშენებელმა შემამჩნია, ყურადღება მომაქცია და სწორედ მან ამიხსნა და მაზიარა სამშენებლო მასალებს პირველად.

მოგვიანებით, მე-10 კლასში, ხატვა დავიწყე, რის შემდეგაც მივხვდი, რომ ნახატებით შემეძლო ჩემი ხედვა, საკუთარი თავი, ინტერიერი და არქიტექტურა გამომეხატა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში არავინ ყოფილა არქიტექტორი, დედაჩემი ესთეტიკა-ფილოსოფიის სპეციალისტი და მხატვარი იყო, ამიტომ ის ბავშვობიდანვე მაზიარებდა სილამაზის აღქმას. ჩვენი ყოველი სუფრასთან შეკრება ნამდვილი ზეიმი იყო. ყოველდღე 3-4 საათიანი ფილოსოფიური საუბრები გვქონდა დედასთან, რაც ჩემთვის უაღრესად საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. ამ ყოველივემ ჩემი შემდგომი მსოფლმხედველობა და ინტერესები განსაზღვრა.

როდესაც ჩემმა მშობლებმა ჩემი ხატვითა და არქიტექტურით დაინტერესების შესახებ შეიტყვეს, სწორი მიმართულების შერჩევაში დამეხმარნენ. მახსოვს, მამამ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმიყვანა და ყველა ფაკულტეტი შემომატარა, რომელზეც ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა მომწონებოდა. როგორც კი არქიტექტურის ფაკულტეტზე შევედი, მაშინვე გამიბრწყინდა თვალები, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემს სახლში მოვხვდი. მაშინ სიამოვნებისა და ერთგულების გრძნობა გამიჩნდა, რომელიც დღემდე მომყვება. ამაში კი ჩემს ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის.

გვიამბეთ თქვენი განათლებისა და იმ კარიერული გზის შესახებ, რამაც აქამდე მოგიყვანათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე, სადაც ხუთი წელი და ნახევარი ვსწავლობდი. ეს იყო ბოლო გამოშვება, რომელიც არქიტექტორ – დიზაინერის დიპლომს იძლეოდა, მასში არქიტექტურის სამი ძირითადი მიმართულება – მოცულობითი არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და ქალაქგეგმარებითი განათლება ერთიანდებოდა. ამ წლების განმავლობაში არაჩვეულებრივ პედაგოგებთან მიწევდა ურთიერთობა, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი შოთა ბოსტანაშვილი, რომლის ჯგუფშიც მოვხვდი და ბოლომდე მასთან დავრჩი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც არქიტექტურის ფილოსოფია და პროექტირება მასწავლა. ის გვესაუბრებოდა კინოზე, ლიტერატურაზე, პოეზიაზე, მსოფლმხედველობაზე და ამ ყოველივეს დახმარებით არქიტექტურის პოეტიკას შეგვასწავლიდა. მახსოვს, ერთ-ერთი დავალება იყო “სახლი კოსმოსში”, რომელიც უნდა გამოგვეხატა. მე ამ პროექტისთვის ჩემი ნახატი წარვადგინე. ბატონმა შოთამ ის ისე დამანახა, რომ მომინდა, შემდეგ მისვლაზე უკეთესად დამეხატა, მუდმივი განვითარების სურვილი კი მისი დამსახურებით, არასდროს შემიწყვეტია. იგი კათედრის წევრებს ეხვეწებოდა, ამ გოგოს ხაზვა არ ასწავლოთ, მე დავხაზავ მის მაგივრად, მე მას ფრენას ვასწავლი, ამაში ხელი არ შემიშალოთო. ძალიან შეგნებული და პროფესიონალი კათედრის გუნდი გვყავდა გოგი სალუქვაძის მეთაურობით, ისინი ამ ყველაფერს გაგებთ მოეკიდნენ და გამოფენაზე ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელმაც პროექტების ნახაზების მაგივრად, საკუთარი ნახატები წარადგინა. ეს უფლება სწორედ ჩემი ლექტორის წყალობით მომენიჭა, ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი.

უნივერსიტეტში სწავლის დროს, 1998 წელს, მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც პარიზში საერთაშორისო კონკურსზე მოვხვდი, სადაც დაახლოებით 650 არქიტექტორი იყრიდა თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შემოქმედები 6-7 კაციან ჯგუფებად იყოფოდნენ და საინტერესო ქალაქგეგმარებით პროექტებს წარადგენდნენ, მე მაშინ ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი, თუმცა ბატონო შოთას წყალობით, პროექტირების მეთოდებს ისე კარგად ვიცნობდი, რომ არ გამჭირვებია უფროს ადამიანებთან ადაპტირება. მაშინ, ჩვენმა ჯგუფმა  მეორე, საპრიზო ადგილი დაიკავა, რაც ჩემთვის დიდი წარმატება იყო.

საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ მოსკოვში, „მარხის“ არქიტექტორულ ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, სადაც დოქტორანტურაში ჩავაბარე. მოგვიანებით ერთ-ერთ კომპანიაში, „მოს პროექტ ოთხში“ დავიწყე მუშაობა. თითოეულ პროექტს ისე ვუდგებოდი, როგორც ბატონმა შოთამ მასწავლა – ვცდილობდი, ოცნება, ხელოვნება შემომეტანა არქიტექტურაში და ადამიანთა ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩემი საქართველოში დაბრუნების დრო დადგა, გამოშვება არ უნდოდათ, მე კი  ჩამოსვლა და საკუთარი შემოქმედებისა და ცოდნის განვითარება სამშობლოში მსურდა.

დაგროვილი გამოცდილების შედეგად, დღეს მე შემიძლია ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების სრულად უზრუნველყოფა. ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც ქალბატონმა ნინო ლაღიძემ, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორობა შემომთავაზა. მე ამ დროს ჩემს სადოქტორო დისერტაციას ვიცავდი, რომელიც ეხებოდა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას და მის ინტეგრირებას არქიტექტურასა და თანამედროვეობაში. ეს მოიცავს არქიტექტურის უხილავ ნაწილს, ტრადიციებს, წესებს, რიტუალებს, ლოცვას, ანბანსა თუ რეცეპტებს – იმ ინფორმაციას, რომელიც შემდეგ ქმნის მოცულობას და არქიტექტურულ ქმნილებად ყალიბდება. ამ შემოთავაზებას დავთანხმდი, რადგან ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, უფლებას მაძლევდა, სტუდენტებისთვის ლექცია წამეკითხა. თავის მხრივ, მეც მეტად ჩავუღრმავდი სამეცნიერო სფეროს და ამ კუთხით მეტად განვვითარდი. დღეს ჩემს სტუდენტებთან ძალიან მეგობრული, ახლო კომუნიკაცია მაქვს. ჩვენ ვსაუბრობთ არაერთ საინტერესო თემაზე – არქიტექტურაზე, მის მიღმა არსებულ ცოდნაზე, უხილავ საგნებზე (რომელიც ხილულს შობს) და ამ ყველაფერში ადამიანის როლზე – ეს კი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი კონფერენციები მქონდა პრაღაში (კონფერენციის სახელი: „წარსული და აწმყო – აშენებული და სოციალური”), ლონდონში (კონფერენციის სახელი:  „მსოფლიო კონფერენცია კულტურის კვლევებზე “) და ამერიკაში (საერთაშორისო კონფერენცია ლანდშაფტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების კვლევებზე), სადაც ჩემი სტატიები: „მესხური ტერასები: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფუნქციონალურ-სივრცითი ასპექტები საქართველოს მაგალითზე“ და „შენარჩუნება და ინოვაცია: მდგრადი პრაქტიკისა და ისტორიული საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირება არქიტექტურაში“ წარვადგინე.

 

ბაკურიანის შატო

რას ნიშნავს თქვენთვის, იყო არქიტექტორი 21-ე საუკუნეში?

დღევანდელი არქიტექტურის მთავარი თემა ადამიანია. მე-20 საუკუნე ისე დამთავრდა, რომ არქიტექტურის ამოცანა ლამაზი შენობების, დახვეწილი ფორმების შექმნა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი არქიტექტურული ქმნილება ადამიანის გარეშე დარჩა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურა ადამიანთათვის იქმნებოდეს. ამასთანავე, აუცილებელია გარემოს გათვალისწინებაც და მისი წარმოჩენა. ის კი არ უნდა გადავაკეთოთ, პირიქით, ხელი შევუწყოთ, რომ მისი დადებითი მხარეები უკეთესად გამოჩნდეს.

თუ საქართველოს რუკას გადავხედავთ, ადგილი არ დარჩება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ღირებული, რომ არ იყოს. მაგალითად, გურიაში არსებობს შემდეგი ტრადიცია: სახლის აშენების დროს ერთად იკრიბებიან ნათესავები და ერთმანეთს ეხმარებიან მშენებლობაში. ეს ტრადიცია, რომელიც ემპათიით, თანაგრძნობითა  და სიყვარულით არის სავსე, ქმნის არქიტექტურას. იმისათვის, რომ თუშური ყველი შეიქმნას, მეცხვარე მნიშვნელოვან გზას გადის, ამ გზაზე კი მას დაბრკოლება არ უნდა შეხვდეს. კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული, რომ როდესაც მეცხვარე მისთვის ნაცნობ ტერიტორიაზე შევა, ის გასხვისებული არ დახვდეს, არქიტექტორებმა კი ხელი უნდა შევუწყოთ ამ ყველაფერს – დავაგოთ გზები, ავაშენოთ მოსასვენებელი ადგილები, რომ ეს ტრადიცია შენარჩუნდეს.

ამასთანავე, თბილისში, რუსთაველის მიმდებარე ქუჩები ისეა მოწყობილი, რომ ბუნებრივი რეკრეაციული განიავება თავისთავად ხდება. ჩვენ ლანდშაფტს უნდა მოვუსმინოთ და შენობა ისე დავდგათ, რომ გარემოს ბუნებრივი მდგომარეობა არ დაირღვეს, ქუჩებს კი მზის სხივი არ დავაკარგვინოთ. ქალაქის ღირებულებები არქიტექტურამ არ შეიძლება დაანგრიოს, პირიქით, აუცილებელია, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს, რომ მეტად წარმოჩინდეს ისინი. სწორედ ბუნებასთან მყარ კავშირს ეხმიანება მდგრადი არქიტექტურა ენერგოეფექტური მასალებით, ტექნოლოგიებით, ნატურალური მასალებითა და გამწვანებული ბანიანი ტერასებით შექმნილი შენობებით. თუ საქმე ისტორიულ ან კულტურული მნიშვნელობის ადგილებს ეხება, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ხელოვნებათმცოდნე ჩავრთო, რათა შესაბამისი რეკომენდაციები მომცეს და ადგილისა თუ ნაგებობის ავთენტური მდგომარეობა შევინარჩუნო.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ოქროყანაში

საიდან იღებთ შთაგონებას და როგორია თქვენი მუშაობის ფილოსოფია?

არქიტექტორი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად პოზიტივში გარდაქმნის სივრცეს, საკუთარ წარმოსახვას მოცულობით სახეს აძლევს და მასში სიცოცხლეს წარმოშობს, ამიტომ გარემო, რომელშიც არქიტექტორი მუშაობს, უმნიშვნელოვანესია. იმისათვის, რომ მე რაღაც შევქმნა, შინაგანი სიმშვიდე, სიჩუმე მჭირდება, რათა ბოლომდე შევიგრძნო გარემო და საკუთარ თავში საყრდენი წერტილი ვიპოვო, რომელიც მეხმარება, ჩემი ფანტაზია გარკვეულ კონდიციამდე მივიყვანო და მივანიჭო მას ახალი სიცოცხლე. გამოხაზვა და რენდერები მხოლოდ უნარებია, რომელიც ამაში მეხმარება.

ჩემი მუშაობის პროცესი ერთგვარი ასკეტიზმით იწყება. ვცდილობ, საკუთარ თავსა და ფიქრებს ჩავუღრმავდე. მგონია, რომ თუ თავშეკავება არ იქნება, სიმშვიდესა და მადლს ვერ მოვიპოვებ. ეს ყველაფერი მეხმარება, რომ ყოველდღიური საფიქრალი და დარდი არ მაწუხებდეს, ბოლომდე მივყვები ამ დინებას, წარმოდგენებს ვუღრმავდები და ერთგვარ ინფორმაციულ ველს ვქმნი, ვიძიებ მასალას, ვათვალიერებ მას… ამ ყველაფერს საკმაო დრო სჭირდება, თუმცა ამ სიჩუმესა და სიმშვიდეში ნელ-ნელა ახალი პროექტი იბადება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბუნებასთან ახლოს ვიყო და მასთან კავშირი შევიგრძნო, ეს მუშაობის პროცესში მიწყობს ხელს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წყნეთში

პროექტის განხორციელებისას აუცილებელია, რომ დამკვეთს მოუსმინო და მისი გესმოდეს. ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს. თუ დამკვეთი ფერებსა და ნატურალურ მასალას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ შენ უნდა მიხვდე, რომ მისთვის დომინანტური ვიზუალი და ესთეტიკური სილამაზეა. ადამიანები, რომლებიც შეხებით, კანით შეიგრძნობენ სამყაროს,  ესთეტიკაზე მეტად კომფორტს მიიჩნევენ უმთავრესად, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ხშირად ვაპროექტებთ აუზებს, საუნასა და კომფორტისათვის აუცილებელ სხვა ელემენტებს. ყველა დამკვეთს კი არქიტექტორი ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს და მასზე მორგებული სივრცე შესთავაზოს.

კერძო საკოლექციო ავტო სალონი
საცხოვრებელი სახლი წყნეთის მიმდებარედ

თქვენს რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

მუშაობის პროცესში არქიტექტორებს მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ არქიტექტურა ემსახურება არა მხოლოდ უშუალოდ დამკვეთს, არამედ მათ, ვისთვისაც ესა თუ ის ნაგებობა ან ინტერიერი იქმნება. ამ მხრივ მინდა ერთ-ერთი ინტერიერი გამოვყო, რომელიც ერთი მრავალშვილიანი ოჯახისათვის შევქმენი. მაშინ წყვილი მესამე შვილს ელოდებოდა და მთხოვეს ტერასის საბავშვო ოთახად გადაკეთება, რათა ახალდაბადებულ პატარას საკუთარი სივრცე ჰქონოდა. რადგან არსებულ ფართში რამდენჯერმე განხორციელდა რეკონსტრუქცია, შენობის კონსტრუქციული ნაწილი საკმაოდ ძვირი დაჯდა. ზოგადად, როცა რაღაცას აპროექტებ, მან დროს უნდა გაუძლოს და მინიმუმ 10-15 წელი შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. ვიფიქრე, რომ დანარჩენ ბავშვებსაც, რომელთაგან ერთი სკოლაში მიდიოდა, მეორე კი ბაღის ასაკის იყო, დასჭირდებოდათ ადგილი, სადაც ითამაშებდნენ და იმეცადინებდნენ. მინდოდა ისეთი ოთახი შემექმნა, რომელიც სამ სხვადასხვა ასაკის ბავშვს ზუსტად მოერგებოდა და მათ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამიტომ ფსიქოლოგთან მივედი და სამი სხვადასხვა ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური პორტერის შექმნა ვთხოვე. მისგან გავიგე, რომ 4 წლიდან სხვადასხვა სქესის ბავშვები ერთად არ უნდა იწვნენ, საწოლები კი 10 წლამდე სახლური ტიპის უნდა იყოს, რათა ბავშვებს უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნება ჰქონდეთ. 6-7 წლიდან ბავშვი როლების მორგებას იწყებს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელს თავად ირჩევდეს და კარადაში მათ ნათლად ხედავდეს. ეს ყოველივე ინტერიერის შექმნისას გავითვალისწინე. ამასთანავე, თაროებზე მოვათავსე გამჭვირვალე ყუთები, სადაც განცალკევებული იქნებოდა სათამაშოები და ბავშვები ცხოველებს, ხილს, ბოსტნეულს, ადამიანებსა და სხვადასხვა  სათამაშოებს განცალკევებულად მოათავსებდნენ, რაც მათ კონსტრუქციულ აზროვნებასა და ფართო მასშტაბიან ფიქრს შეუწყობდა ხელს. იმ პერიოდში მეც დედა გავხდი და ამ ინტერიერის შექმნაში გარკვეული როლი ჩემმა ახალმა სტატუსმაც ითამაშა. საბოლოოდ, მშობლებს ძალიან მოეწონათ ჩემ მიერ შემუშავებული პროექტი და დიდი სიხარულით დათანხმდნენ მის განხორციელებას.

საბავშვო ოთახი

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ინდივიდუალურ სახლებსა და ეზოებს ვაპროექტებდი, ბოლო პერიოდში აგრო ტურიზმზე მორგებულ არქიტექტურის შექმნაზე ვმუშაობ კახეთსა და ზღვისპირა რეგიონში. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან სრულიად რადიკალურ მიდგომებს საჭიროებს. ჩვენ ვცდილობთ, ამ პროექტებით ქართულ კულტურაში არსებული ელემენტები ბოლომდე წარმოვაჩინოთ. კახეთში ვაპროექტებთ დიდ კომპლექს, ღვინის ქარხანასა და სასტუმროს, ურეკში კი აპარტოტელებზე ვმუშაობთ, სადაც მაქსიმალურად ვცდილობთ სანაპირო ზოლისა და გარემოს მაქსიმალურ ჩართვას პროექტში, რათა ოჯახებმა, რომლებიც დასასვენებლად ხანგრძლივი დროით ჩამოდიან, თავი სასიამოვნოდ იგრძნონ.

პროექტი ურეკში

საქართველოში არსებულ რომელ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნიმუშებს გამოყოფდით?

ძალიან მომწონს მთაწმინდა და მისი კეთილმოწყობა, ასევე საქართველოს ბანკის შენობა. მინდა აღვნიშნო ეკო პროექტებიც, რომლებიც ახლა ხორციელდება და მისასალმებელია, რომ თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში გარემოს ყურადღებას აქცევენ. ეს სფერო საკმაოდ აქტიურია, რაც რადიკალურად განსხვავდება ჩემი ბავშვობის წლებისგან. მაშინ არაფერი ხდებოდა, ამიტომ ამ სფეროში მიმდინარე ამჟამინდელი დინამიკა მომწონს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წყნეთში

რას ეტყოდით არქიტექტურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

როდესაც დამწყდები არქიტექტორი ხარ, სანამ ნიჭი შენში მძლავრობას დაიწყებს, მანამდე ფრთხილობ, გეშინია, აკვირდები, რამდენად შეგიძლია ხაზვა თუ ხატვა, თუმცა მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ესმოდეთ, რომ შეიძლება ისეთი წარმოსახვა გქონდეთ, რომ ყველაფერი ამ წარმოსახვამ გაგაკეთებინოთ, დანარჩენი კი უნარია, რომლის სწავლა და გამომუშავება შეიძლება. არქიტექტურა არის ოცნება, ესთეტიკა, სილამაზე. შენ ხდები შემოქმედის მსგავსი და ეს იმდენად ძვირფასია, თუ ეს გაითავისე, ხატვასაც და ხაზვასაც მარტივად შეძლებ. მთავარია ისწავლო ოცნება და ამის გამოხატვა. რა თქმა უნდა, ამ პროფესიას დიდი შრომა სჭირდება. ბოლომდე უნდა ემსახურო შენს საქმეს. თუ არჩეული პროფესია და ჰობი ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ არც მასალის მოძიება და არც მშენებლობაზე წასვლა დაგეზარება, პირიქით, უდიდეს სიამოვნებას მიიღებ ამ პროცესით. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყველა პროფესია ემსახურება ადამიანს, მათ შორის ყველაზე მეტად – არქიტექტურა.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წყნეთში

კერძო ვილა ბაკურიანში

ავტორი: მეკო მეტრეველი

თანამედროვე საცხოვრებელი ესპანეთში – OBO Estudi-ს პროექტი

საფეხბურთო კლუბ “მილანის ინტერის” სათავო ოფისის დიზაინი, რომელიც კლუბის ისტორიას აცოცხლებს