in ,

სკანდინავიური სტილის ქართული სკამების ისტორია – ინტერვიუ “სკამის” თანადამფუძნებელ გიორგი სურგულაძესთან

“სკამი” ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ნატურალური ხის მასალით დამზადებულ სხვადასხვა ტიპის მაგიდასა და სკამის სკანდინავიურ მოდელებს სთავაზობს. ბრენდის შექმნის იდეა მის დამფუძნებელს საკუთარი გამოცდილების ფონზე მოუვიდა და დღეს უკვე ბაზარზე გვაქვს კომპანია, რომელიც ერგონომიკულად გამართულ, მომხმარებლის სურვილებზე მორგებულ სკამებს ამზადებს.

“სკამის” დამფუძნებლები: ბექა მარგველანი და გიორგი სურგულაძე

“სკამის” შესახებ დეტალურად მის თანადამფუძნებელს, გიორგი სურგულაძეს გავესაუბრეთ:

-დავიწყოთ თავიდან – როდის, როგორ და ვის მიერ დაარსდა სკამი? რა წინაპირობები უძღოდა მის დაარსებას და საიდან გაჩნდა საერთოდ მისი შექმნის იდეა?

-სკამის შექმნის იდეა პირადი გამოცდილებიდან გამიჩნდა, როდესაც რემონტის დასრულების შემდეგ, ფერების ბალანსის ხარჯზე, ავეჯის ინტერიერთან სინთეზში მოყვანა მსურდა და ბაზარზე არსებული არჩევანი ამის საშუალებას უბრალოდ არ მაძლევდა.

ორი ვარიანტი მქონდა: ან უნდა დამევიწყებინა ფერადი ავეჯის იდეა და შემეძინა ბაზარზე არსებული სტანდარტული პროდუქცია, ან კონკრეტული ფერის სკამზე გამეკეთებინა ინდივიდუალური შეკვეთა, რაც ძალიან იწელებოდა დროში. ამას, დაახლოებით, 10-12 კვირა სჭირდებოდა და, ამავდროულად, ხარჯებიც რამდენჯერმე იზრდებოდა.

დავიწყე გამოსავლის ძიება, ვიპოვე კერძო ხელოსანი, ვინც ადექვატურ თანხაში და მოკლე დროში დამიმზადა სკამი ჩემი საჭიროებების შესაბამისად, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩემი და ამ სკამის ურთიერთობა ძალიან ცუდად დამთავრდა, რადგან არასრულ ერთ წელში ის დაიშალა.

როდესაც ამ თემაზე ჩემს ახლობლებთან საუბარი დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრს გამოუცდია მსგავსი პრობლემა და ბაზარი ვერ უზრუნველყოფდა მათთვის ამ საკითხის მოგვარებას. მალევე გადავწყვიტე, მეცადა, შემექმნა ისეთი მომსახურება, რომელიც ზუსტად იმ საჭიროებების გადაწყვეტაზე იქნებოდა ორიენტირებული, რომლის წინაშეც პირადად მე, და, როგორც გაირკვა, ბევრი სხვაც აღმოვჩნდით.

-როგორი იყო სკამის საქმიანობის პროფილი თავდაპირველად და როგორ განვითარდით წლების განმავლობაში?

-პროფილი თითქმის არ შეგვიცვლია, უბრალოდ მასშტატები ბევრად გაიზარდა. თავდაპირველად გვქონდა მხოლოდ ერთი მოდელის სკამი და სხვა არაფერი. იმისათვის, რომ ვყოფილიყავით მობილურები და უმოკლეს დროში შეგვძლებოდა მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილება, მოგვიწია უარის თქმა, გვქონოდა რამდენიმე მოდელი.

ჩვენი უპირველესი მიზანი იყო, ბაზარზე შევსულიყავით ხარისხიანი პროდუქტით და ახალი მომსახურებით, რომლის პრეცედენტი აქამდე არ გვქონია და მომხმარებლისთვის კარგად გვეჩვენებინა ამ სერვისის ყველა უპირატესობა, მიგვეცა მათთვის ფერთა შეუზღუდავი არჩევანი და ინდივიდუალური შეკვეთის ჩაბარების უმოკლესი დრო (2-5 დღე) და ეს ყველაფერი ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

-განვითარების გზაზე რა წინაღობები შეგხვდათ?

-დასაწყისში ნამდვილად ვერ აღვიქვამდი, თუ რამდენად რთული პროდუქტი შეიძლებოდა ყოფილიყო სკამი. თუკი გადახედავთ ჩვენი ავეჯის ბაზარს ქვეყნის მასშტაბით, აუცილებლად შეამჩნევთ საკმაოდ ფართო ასორტიმენტს, კონკურენციას თითქმის ყველა სეგმენტში, სკამის გამოკლებით.

ეს შემთხვევითი არ არის, სკამის წარმოება ნამდვილი თავის ტკივილია. თანაც, ერთია უშუალოდ აწარმოო და მეორეა, აწარმოო ისე, რომ ყველა აუცილებელი კრიტერიუმი დააკმაყოფილოს:

  • არ იკავებდეს დიდ სივრცეს
  • იყოს მობილური
  • არ გღლიდეს
  • არ გაყენებდეს დისკომფორტს
  • არ ირყეოდეს

ეს სტანდარტული, აუცილებელი პირობებია და ამას ემატება დამატებითი კრიტერიუმები: სკამი უნდა იყოს კომფორტული, ერგონომიკურად გამართული, ვიზუალურად მომხიბვლელი, ინტერიერზე მორგებული და ა.შ.

იმდენად რთული აღმოჩნდა ყველა ამ კრიტერიუმის დაცვა, რომ მქონია შემთხვევები, მიფიქრია, შემეწყვიტა ეს საქმიანობა, თუმცა იდეის რწმენამ თავისი ქნა და იმის ცხადი აღქმაც მქონდა, რომ ეს ყველაფერი მსგავს სირთულეებთან დაკავშირებული რომ არ ყოფილიყო, ავეჯის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, დეფიციტური არ იქნებოდა.

ამ გამოწვევის გადალახვაში ყველაზე მეტად დაგვეხმარა სწორი მოდელის შერჩევა და შემუშავება. ეს ალბათ გამართლებაა, ან ვინმემ შეიძლება შინაგანი ალღოც დაარქვას, თუმცა, რადაც არ უნდა ჩავთვალოთ, ამ არჩევანზე დაშენდა „სკამის“ მთელი შემდგომი კონფცეფცია.

სკანდინავიური ტიპის სტილზე გავაკეთეთ აქცენტი და კონკრეტული მოდელიც უნივერსალური შევარჩიეთ, რომელიც ყველა ნახსენებ კრიტერიუმს ფანტასტიკურად მოერგო და ვიზუალურადაც ძალიან მოგვხიბლა.

-როგორ შეეხო “სკამს” პანდემია?

-პანდემია, რა თქმა უნდა, როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც სერიოზული გამოწვევა იყო. თვეები მოგვიწია შოურუმის გაჩერება და შემდეგ მუშაობის გაგრძელება მკაცრი რეგულაციების ფონზე.

ამ დროს ჩვენმა მარკეტინგის გუნდმა მიზნად დაისახა, ხელი შეეწყო ბაზარზე ავეჯის რეალიზაციის ახალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის – გაყიდვები უნდა მომხდარიყო ონლაინ, მომხმარებლისთვის სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ადგილზე ნახვისა და ადგილზე შერჩევის გარეშე. ჩვენს მარკეტერებს სჯეროდათ, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი იქნებოდა გარანტორი იმისა, რომ მომხმარებლები კმაყოფილები დარჩებოდნენ შენაძენით და პროდუქტის უკან დაბრუნების მაჩვენებლები იქნებოდა ნულთან მიახლოებული.

სკეპტიციზმით შევხვდი ამ იდეას, რადგან ვთვლიდი და საკმაოდ სამართლიანადაც, რომ ავეჯი განეკუთვნება პროდუქტების ისეთ კატეგორიას, რომელსაც სპონტანურად არავინ ყიდულობს და ხარისხის შემოწმებისა და კომფორტის გამოცდის გარეშე ასეთ რისკს არავინ გაწევს. თუმცა, პანდემიამ და შოურუმში ვიზიტის შესაძლებლობის მოსპობამ, ჩვენი მარკეტერების მიზნის აღსრულება ბევრად დააჩქარა. მხოლოდ ონლაინ რეალიზებითაც კი ვინარჩუნებდით და ვზრდიდით კიდეც პროდუქტების რეალიზების არსებულ ტემპებს და მომხმარებლების ნდობამ და რეკომენდაციებმა მოგვცა სტიმული, გვეფიქრა ასორტიმენტის გაზრდასა და ონლაინ-სერვისის დახვეწაზეც.

-დეტალურად გვიამბეთ – რა მომსახურებას სთავაზობს სკამი მომხმარებლებს?

-ჩვენ გვაქვს კომპლექტების ფართო არჩევანი, კლასიკური, სტატიკური კლასიკური და მოდერნული მაგიდები, იგივე მოდელები გასაშლელი მექანიზმით. ფერის და ზომის შეუზღუდავი არჩევანი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, საკუთარი გემოვნების, საკუთარი ინტერესების შესაბამისად აარჩიოს კონკრეტული მოდელები და, რაც მთავარია, ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

ასევე სკამის სკანდინავიური მოდელები, გამართული ერგონომიკით, მოდერნული და მომხიბვლელი, რომელიც ზუსტად ამ მიზეზების გამო წლებია, ყოველთვის მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ აარჩიონ ნებისმიერი ფერი, ნებისმიერი ტონიც კი – ხმამაღალი განაცხადია, მესმის, თუმცა ჩვენი ღებვის ტექნოლოგიები გვაძლევს ამის მტკიცების ყველანაირ საფუძველს: ჩვენ ერთი-ერთში სისრულეში მოვიყვანთ დამკვეთის არჩევანს.

-გვესაუბრეთ ერგონომიკაზეც – ამაზე საკმაოდ დიდ ყურადღებას ამახვილებთ თქვენ – რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს მას ავეჯის შემთხვევაში?

-სწორად შენიშნეთ, ერგონომიკაზე ნამდვილად დიდ ყურადღებას ვამახვილებთ და მასზე მნიშვნელობის მინიჭება დავიწყეთ უშუალოდ სკამის პირველი მოდელის არჩევის პროცესში. თუ სკამის ერგონომიკა ჩვენს სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მსგავსი მოდელის წარმოებაზე ფიქრს ვწყვეტთ, სხვა რა ღირსებებიც არ უნდა გააჩნდეს მას. და რა არის ერგონომიკა და რატომ ვანიჭებთ ამდენ მნიშვნელობას შევეცდები მოკლედ ავხსნა:

მარტივად თუ აღვწერ, ერგონომიკა არის მეცნიერება, რომელიც ადამიანის ანატომიის გათვალისწინებით კონკრეტულ საგნებთან (ჩვენს შემთხვევაში ავეჯთან) თანაარსებობას ხდის უფრო მოსახერხებელს, ეფექტურს და სასარგებლოს.

ავეჯის მასიური წარმოების პროცესში, მწარმოებლებს ხშირად რჩებათ მხედველობის მიღმა, რომ ადამიანები განსხვავებული ზომებისა და ფორმების ვართ და ერთი კონკრეტული პროდუქტი შეიძლება ერთნაირად მოსახერხებელი არ იყოს ყველასთვის. სწორედ აქ აღმოჩნდა ბალანსის დაცვა ყველაზე რთული და საყურადღებო და სწორედ აქედან იყო განპირობებული ჩვენი არჩევანი, გაგვეკეთებინა გათვლა სკანდინავიურ სტილზე, სადაც ეს ბალანსი ყველაზე თვალსაჩინოა. ზუსტად ამიტომაც, ჩვენი მოდელები განკუთვნილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის ადამიანზე, თანაბრად ანიჭებთ მათ კომფორტს, სიმყარის შეგრძნებას და აძლევთ მათ დასვენების საშუალებას.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად ერგება ქართველი მომხმარებლების გემოვნებას თქვენი პროდუქტი და როგორია მოთხოვნა?

-სიმართლე გითხრათ, მოლოდინი ნამდვილად დიდი გვქონდა, რომ ჩვენს მომსახურებას და უშუალოდ პროდუქტებსაც მომხმარებელი ინტერესით შეხვდებოდა, თუმცა, ამდენად დიდი მოთხოვნისთვის მზად ნამდვილად არ აღმოვჩნდით; განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, პანდემიისა და შეზღუდვების ფონზე, რამაც გვიბიძგა, მოგვეხდინა მასშტაბირება იმაზე ბევრად ადრე და დიდი დიაპაზონით, ვიდრე თავდაპირველად წარმოგვედგინა.

მომხმარებლებისთვის პერსონალური სტილის შემუშავების შესაძლებლობამ ჩვენზეც მოახდინა პოზიტიური გავლენა, რადგან მათი ჩართულობის დახმარებით გამოვკვეთეთ ის უპირატესობები და საჭიროებები, სადამდეც ჩვენით მისვლა გაგვიჭირდებოდა. უკვე კარგად გვესმის, როგორ მოვერგოთ მაქსიმალურად ჩვენი მომხმარებლების და პოტენციური მომხმარებლების ინტერესებს და გემოვნებას და ამის მიხედვით შევთავაზოთ ახალი პროდუქტები.

-რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ვთვლი, რომ ჯერ ისევ განვითარების ეტაპზე ვართ, თუმცა, რაც ყველაზე სასიხარულოა, პანდემიის ფონზეც განვითარების ტემპი არის შეუქცევადი. გაზაფხულზე ვაპირებთ სკამის ახალი მოდელის დამატებას, ასევე სავარძლის დამატებას, მაგიდის 8 სახეობამდე გაზრდას, აქედან 3 სრულიად ახალი და განსხვავებული იქნება ჩვენი ბაზრისთვის. ეს ყველაფერი გაგრძელდება იმავე სისტემით და მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, ისევ ექნებათ პერსონალური სტილის შემუშავების საშუალება. შემუშავებული მოდელები ახლა რუტინულ შემოწმებას, ერთგვარ გამოცდას გადის სიმყარესა და გამძლეობაზე, როდესაც დავრწმუნდებით, რომ, ამ კუთხით, ყველაფერი წესრიგშია, უკვე აპრილიდან მოვახდენთ მათ პრომოუშენში ჩაშვებას და სარეალიზაციოდ გამზადებას.

ახლო მომავალში ვაპირებთ სკამის 6 სახეობამდე გაზრდას, ბიუჯეტური და პრემიუმ სეგმენტის მოცვასაც. ასევე გეგმაში გვაქვს დეკორატიულ ავეჯზე მეტი ყურადღების გამახვილება.

Ark-shelter-ის დაპროექტებული სასტუმრო სლოვაკეთში

ბინა ტაბიძის ქუჩაზე – Spectrum-ის მიერ შესრულებული პროექტი