in

სკინალი – როგორია მისი გამოყენების სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე?

სკინალი იგივე შუშისგან დამზადებული დეკორატიული პანელია, რომელიც სამზარეულოს წინსაფრის ფუნქციას ასრულებს და ინტერიერში დეკორატიულ ელემენტად გამოიყენება. მას ვხვდებით სამზარეულოს, სააბაზანოს კედლებზე, ავეჯსა თუ ინტერიერის დეკორაციაში. მრავალფეროვანი და მიმზიდველი დიზაინიდან გამომდინარე, რომელიც ნებისმიერი გამოსახულებისა და ფერის ვიზუალს გულისხმობს, პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამასთანავე, მის უპირატესობას ისიც განსაზღვრავს, რომ  მარტივი დასამონტაჟებელი, ადვილი მოსავლელი და რაც მთავარია, ბიუჯეტური მასალაა.

ყველაზე მეტად სკინალი სამზარეულოსა და სააბაზანოს ნაწილებში გვხვდება, რადგან ნესტის მიმართ ნაწრთობი შუშა მტკიცეა და ტემპერატურას კარგად უძლებს. თუმცა მისი მოთავსება ნებისმიერ სწორ ზედაპირზეა შესაძლებელი, როგორც პრაქტიკული, ასევე, დეკორატიული მიზნით.

სტანდარტულად, სკინალი სამზარეულოს წინსაფარია, რომელიც სამზარეულოს კედელზე მონტაჟდება. ნაწრთობი შუშა ცეცხლგამძლეა, ამიტომ მისი მოხმარება ეფექტურია ქურასთან, გამათბობელთან თუ წყალთან უშუალო სიახლოვისას. ის არ ზიანდება ლითონის სახეხითა და სამზარეულოს ქიმიური საშუალებებით, მისი დიზაინერული ფორმები და ფერთა სიმრავლე კი განსაკუთრებულ აქცენტებს ქმნის ინტერიერში და სამზარეულოს გამორჩეულ იერსახეს სძენს.

ამ მიმართულებით მოღვაწე კომპანია „სკინალი — კედლის დიზაინის“ წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სკინალის ზედაპირი 6 მმ.-იანი ნაწრთობი მინისგან მზადდება, ტემპერატურას  200 გრადუსამდე უძლებს და მყარი საგნების მიმართ მტკიცეა. მინაზე შესაძლებელია ნებისმიერი ნახატის, ფერისა და ფორმის ვიზუალის განთავსება, რომელიც ესთეტიკურ მიმზიდველობას განსაზღვრავს — შუშის უკანა მხარე სპეციალური ტექნიკის მეშვეობით იფერება და თერმულად მუშავდება, შედეგად კი მომხმარებელი სასურველ გამოსახულებას იღებს.

როგორც დარგის სპეციალისტი გვიხსნის,  სკინალის მონტაჟი ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი, მთავარია ის სწორი იყოს. მისი ინსტალაცია კი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

„სკინალი ნებისმიერ სწორ ზედაპირს ეკვრის, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება  — გალესილი კედელი, შპალერი, ფილა თუ უბრალოდ ბლოკი. წინასწარ კი არანაირ დამუშავებას არ საჭიროებს. დასამონტაჟებლად  უმჯობესია სპეციალური დეკორატიული სამაგრების გამოყენება, რომლებიც წებოზე მეტად ეფექტურია და დიდი ხნის  განმავლობაში უზრუნველყოფს მის მედეგობას“.

ასევე, სამზარეულოს წინსაფარზე თავისუფლად ხდება ელექტრო ჩამრთველების ამოჭრა. თავდაპირველად ჩამრთველების რაოდენობა იზომება, შემდეგ კი მინაზე იჭრება ელექტრო წერტილების ადგილები. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ფინანსური მხარე. როგორც კომპანიის წარმომადგენელი გვიხსნის, ჩამრთველების რაოდენობის მიხედვით დგინდება მინის ამოჭრის ღირებულება. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ერთი ცალი ჩამრთველის ამოჭრა 30 ლარი ჯდება. ყოველ შემდგომ წერტილზე კი 15 ლარი ემატება.

რაც შეეხება სტანდარტულ ზომებს, სამზარეულოს წინსაფარი, სტანდარტულად, 60 სმ. სიგანისა და 1 მ. სიგრძისაა, თუმცა შეკვეთის შესაბამისად შესაძლებელია სასურველი ზომის მინის დამზადება. ერთი ფირფიტის მაქსიმალური სიგრძე კი 3 მეტრი და 20 სმ.-ია. ამ ზომების გათვალისწინებით, კომპანიაში აცხადებენ, რომ 1 გრძივი მეტრის (0,6მ/1მ-ზე)  სკინალის ღირებულება 180 ლარია. ფასში კი შედის როგორც  აზომვითი სამუშაოების, ისე მონტაჟის ხარჯები. ღირებულება არ იცვლება გარეგნული მახასიათებლებისა  და წინსაფრის დიზაინის მიხედვით, თუმცა ყოველგვარი ვიზუალის გარეშე, მხოლოდ გამჭვირვალე მინის ფირფიტის ღირებულება, 1 გრძივ მეტრზე, 150 ლარს შეადგენს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, თუ სკინალი დეკორატიულ ელემენტად გამოიყენება და სახლის სხვა ზონებში თავსდება, მაშინ სამზარეულოს წინსაფრის სტანდარტული ფასი არ მოქმედებს და ღირებულება ინდივიდუალურად, სამუშაოს სირთულის მიხედვით დგინდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 ყველაზე გავრცელებული მასალა, რომლისგანაც სააბაზანოს ავეჯს ამზადებენ

მოდერნიზმის სტილით შთაგონებული სახლი ამერიკაში