სტუდია 9-ის პროექტი „Agrohub – მრავალფუნქციური შენობა მდინარის პირას“ გახდა Architizer A+ Awards-ის ფინალისტი და მოხვდა მსოფლიოს ხუთ რჩეულს შორის Mixed Use კატეგორიაში.
როგორც ცნობილია, გამარჯვებული გამოვლინდება ღია ხმის მიცემით, რომელიც გაგრძელდება 16 მაისამდე.
სტუდია 9-ის პროექტის მხარდასაჭერად საჭიროა ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/YtWc1
პროექტის შესახებ
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე მდებარე აგროჰაბი Studio 9-ის მიერ დაპროექტებული შერეული ფუნქციის შენობაა, რომელიც აერთიანებს ჰიპერმარკეტს, ღია საპარკინგე ზონას და რესტორანს ტერასით.
მისი არქიტექტურული კონცეფცია ორიენტირებულია ფუნქციების ჰარმონიულად შერწყმასა და ბუნებრივ გარემოსთან კავშირის შექმნაზე. შენობის გამორჩეული ელემენტია გრძელი კიბე, რომელიც ყველა სართულს ერთმანეთს აკავშირებს და მთელი პროექტის კომპოზიციურ ბირთვად იქცევა. ინტეგრირებული გამწვანება კი სივრცეს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არქიტექტურას ბუნებრივად აბალანსებს.
“აღნიშნული პროექტის არქიტექტურის შექმნისას თავიდანვე გვესმოდა, რომ შენობა უნდა ყოფილიყო ტექნიკურად გამართული და ამავე დროს – ჰარმონიულად შერწყმული ღია გარემოსთან. ეს საჭიროებდა სიფრთხილეს და სწორედ ამაში მდგომარეობდა მთავარი გამოწვევაც.
ჩვენი კონცეფციის საწყისი წერტილები გახდა გამწვანება და ღია ტერასები – სივრცეები, რომლებიც ერთდროულად ფუნქციური და ბუნებასთან დაკავშირებულია.
პროექტის ცენტრალურ ელემენტებად გამოვკვეთეთ ორი დეტალი: ზედა სართულზე განთავსებული პატარა დარბაზი და გრძელი კიბე, რომელიც შენობის ყველა დონეს აკავშირებს. ეს კიბე არა მხოლოდ ფუნქციურობას ემსახურება, არამედ არქიტექტურულად აყალიბებს მთლიან კონცეფციას – ერთ სისტემაში აერთიანებს სივრცეს, ადამიანს და მოძრაობას,” – მამუკა ჩხაიძე, სტუდია 9-ის დამფუძნებელი და არტ დირექტორი.