in

აბაზანის ჭერის მოპირკეთების სამი ტრენდული მეთოდი

აბაზანა ის სივრცეა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქ ვიზუალურ მხარესთან შედარებით, მთავარია გამოყენებული მასალების ფუნქციონალური მახასიათებლები. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ აბაზანის ჭერების ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სახეობებს და ნათლად დაგანახებთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს.

შეკიდული ჭერი

ეს არის შეკიდული ტიპის კონსტრუქცია, რომელიც ვიწრო და გრძელი პანელებისგან შედგება. ის  სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს: ალუმინის, პლასტმასის და სხვა. გამზადებული ჭერის თვისებები შერჩეულ მასალაზეა დამოკიდებული. ლითონის მასალებიდან არჩევანი უმჯობესია ალუმინზე შევაჩეროთ. ის  კოროზიას არ განიცდის, წყალგამძლეა და სხვადასხვა დიზაინსა და ფერებშია ხელმისაწვდომი.

ძლიერი მხარეები:

  • ადვილი მონტაჟი, რომელიც დამწყებ ხელოსანსაც შეუძლია ჩაატაროს;
  • კომუნიკაციების დაფარვის და ჩაშენებული სანათების ჩაყენების შესაძლებლობა;
  • მოვლის სიმარტივე;
  • ხმის დახშობის კარგი უნარი;
  • ბაზარზე მრავალი ფერის, ფაქტურისა და ფორმის არსებობა.

სუსტი მხარეები:

  • ჭერის სიმაღლის შემცირება ( 10 სმ ჩასაშენებელი სანათების შემთხვევაში);
  • კონსტრუქციის რკინის ელემენტებზე კოროზიის გაჩენის საშიშროება;
  • თავისებური იერი, რომელიც ყველა ინტერიერს არ უხდება;
  • პანელების შეერთების ადგილები, როგორც წესი, ჩანს;
  • ალუმინის პანელების მაღალი ფასი.

თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია

ეს შეკიდული ჭერის კიდევ ერთი სახეობა. მისი დაყენებისთვის ხის ან რკინის კარკასი (აბაზანაში უპირატესად რკინის) კეთდება, რომელიც მოგვიანებით თაბაშირ-მუყაოს ფურცლებით იფუთება. მასალა წარმოადგენს ორი მუყაოს ფურცელს, შუაში თაბაშირის დაწნეხილი ფენით. სააბაზანოში მხოლოდ ნესტგამძლე, ხარისხიანი მოდელებია მიზანშეწონილი. ისინი სპეციალური მარკირებითაა აღნიშნული და მწვანე ფერისაა. გარდა ამისა, ნესტგამძლე მასალა საკმაოდ მძიმეა, რაც ჭერზე დამაგრების დროს განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. სიახლეს წარმოადგენს მინა-მაგნეზიტის ფურცელი, რომელიც თაბაშირ-მუყაოს ყველა თვისებას ატარებს და ასევე მშრალ მგომარეობაში ადვილად იღუნება. ის ადვილი დასამუშავებელი და მტკიცეა. მონტაჟი თაბაშირ-მუყაოს იდენტურია.

ძლიერი მხარეები:

  • ზედაპირის მომზადების აუცილებლობის არ არსებობა, კარკასი ნებისმიერ ჭერზე მზადდება.
  • კონსტრუქცია მყარი და საიმედოა;
  • კომუნიკაციების დაფარვისა და სანათების ჩაშენების შესაძლებლობა;
  • მიმზიდველი იერი, მრავალდონიანი კონსტრუქციების შექმნის შესაძლებლობა;
  • ექსპლუატაციის ხანგრძლივი დრო.

სუსტი მხარეები:

  • დამაგრების შემდეგ თაბაშირმუყაოს მოპირკეთების აუცილებლობა. ის უნდა დამუშავდეს და შეიღებოს;
  • ასეთი კონსტრუქციების მონტაჟი საკმაოდ რთულია. თუ მრავალიარუსიანი ან ჭერის რთული კონფიგურაციის დაყენებაა გათვალისწინებული, აუცილებლად გამოცდილი პროფესიონალები დაგჭირდებათ;
  • კონსტრუქცია ამცირებს ჭერის სიმაღლეს.

მოჭიმული ჭერი

ეს არის ჭერი, რომელიც იდეალური ზედაპირის მიღების საშუალებას იძლევა. საფარი სპეციალური მასალისგან მზადდება, რომელიც ვინილის საფუძველზეა დამზადებული. ის მრავალი შეფერილობისა და ორი ძირითადი ფაქტურითაა წარმოდგენილი – პრიალა და გლუვი. პირველ შემთხვევაში ჭერი იატაკზე მოთავსებულ საგნებს ირეკლავს და ოთახს ვიზუალურად ზრდის. მეორე ვარიანტი ნაჭრის ან ნალესის იმიტირებას ახდენს.

საინტერესო ეფექტს ვღებულობთ პრიალა და გლუვი ზედაპირების შეხამების დროს. შესაძლებელია მოჭიმული ჭერის ეფექტური და ორიგინალური დეკორით დამზადება.

ძლიერი მხარეები:

  • სწრაფი მონტაჟი. თუმცა მისი შესრულება მხოლოდ სპეციალური დანადგარებით შეიარაღებულ პროფესიონალებს შეუძლიათ;
  • ჭერის ზედაპირის მომზადება საჭირო არ არის;
  • საფარს არ უჩდება სოკო და ის არ ექვემდებარება სხვა მიკროორგანიზმების ზემოქმედებას. არ იკეთებს კონდესატს;
  • მოჭიმული ჭერი ელასტიურია და მეზობლებიდან ჩამოსულ წყალს ადვილად უძლებს. მას ერთ კვადრატულ მეტრზე 100 კგ წყალის შეკავება შეუძლია. თუმცა წყლის გამოსაშვებად სპეციალისტები დაგჭირდებათ. ის პირველად მდგომარეობას ადვილად უბრუნდება;
  • ზედაპირი მარტივი მოსავლელია და მხოლოდ სველი ტილოთი, რეგულარულ გაწმენდას ითხოვს.

სუსტი მხარეები:

  • მისი მაღალი ფასი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 15 წელს გვემსახურება, ფასი არც ისე მაღალია;
  • დამოუკიდებელი მონტაჟი შეუძლებელია, რაც ზოგიერთისთვის შეიძლება ნაკლი იყოს;
  • საფარი ძალიან თხელია და ნებისმიერი ბასრი საგნით მისი დაზიანება ძალიან ადვილია, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.
  • თუ ჩაშენებული სანათები არასწორადაა შერჩეული, მათ ირგვლივ, დროთა განმავლობაში, მოყვითალო ლაქები ჩნდება, რომელთა მოშორება შეუძლებელია. ამიტომ, ამ შემთხვევაში მხოლოდ დიოდური სანათების გამოყენებაა რეკომენდირებული, ისინი არ აზიანებენ ჭერს.

 

ტადაო ანდო DOMUS-ის 2021 წლის რედაქტორი იქნება

“Shabby chic” ანუ გაცრეცილი ფუფუნების სტილი