in

რა უნდა გავითვალისწინოთ თაბაშირმუყაოს ტიხრის მოწყობის შემთხვევაში?

თაბაშირმუყაოს ტიხარს ხშირად იყენებენ ინტერიერში ოთახების გასამიჯნად, რადგან მისი მონტაჟი საკმაოდ სწრაფად და მარტივად ხდება, ნაკლებ დროს მოითხოვს და სხვადასხვა მახასიათებლებით ბლოკის ტიხარს აღემატება. დღევანდელ სტატიაში სწორედ მის უპირატესობასა და მონტაჟისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მონტაჟის სიმარტივე — თაბაშირმუყაო, ბლოკის ტიხართან შედარებით, ბევრად სწრაფად და მარტივად მონტაჟდება, რადგან ბლოკის აშენებისა და გალესვის შემდგომ საჭიროა მინიმუმ ორ-კვირიანი პერიოდი მის სრულყოფილად გასაშრობად, რათა შემდეგ ეტაპზე ზედაპირი ფითხით დამუშავდეს. თაბაშირმუყაოს მონტაჟი კი არ საჭიროებს არანაირ დროით ინტერვალს და ამ შემთხვევაში პირდაპირ ხდება ზედაპირის შესაბამისად დამუშავება, რაც ზოგავს მაცხოვრებელთა დროსა და ენერგიას.

სივრცის დაზოგვა —  თაბაშირმუყაოს ტიხარი საკმაოდ მსუბუქია და შედარებით თხელია. საშუალოდ, ბლოკის ტიხრის სისქე, დაახლოებით 15 სმ.-ს უდრის, ხოლო თაბაშირმუყაოს ტიხრის სისქე, საშუალოდ, 13 სმ-ია, რაც სივრცის დაზოგვას და მის სრულად ათვისებას უწყობს ხელს.

ხმისა და სითბოს იზოლაცია — თაბაშირმუყაოს ტიხრის შემთხვევაში, პროფილებს შორის თავსდება ხმისა და სითბოს საიზოლაციო მასალა, რაც მის ენერგოეფექტურობას ზრდის და ხმაურის გამტარობას ამცირებს. ბლოკის ტიხარი კი საიზოლაციო მასალით არ მუშავდება, ამიტომ ნაკლებ უპირატესობას იძლევა ამ მხრივ.

ხანძარსაწინააღმდეგო მახასიათებელი — არსებობს სპეციალური თაბაშირმუყაოს ფილები, როგორიცაა წითელი ფერის თაბაშირმუყაო, რომელიც ცეცხლგამძლეა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

თაბაშირმუყაოს ტიხრის მოწყობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რათა მისი მონტაჟი სწორად განხორციელდეს. უპირველესად, აუცილებელია მონტაჟისას გამოვიყენოთ სტანდარტით გათვალისწინებული 0,6 სისქის პროფილი და არა მასზე ნაკლები, რადგან ეს უარყოფით გავლენას მოახდენს მის ხარისხსა და მედეგობაზე. ასევე, აუცილებელია, ტიხრის ორივე მხარეს დამონტაჟდეს ორი ფენა თაბაშირმუყაოს პროფილი სიმტკიცისა და სიმყარის შესანარჩუნებლად. პროფილებს შორის კი საჭიროა მოვათავსოთ ხმისა და სითბოს საიზოლაციო მასალები — მინერალური ბამბა ან ქვაბამბა. რეკომენდებული არ არის თაბაშირმუყაოს ტიხარში xps ან eps-ის გამოყენება, რადგან ისინი ადვილად აალებადია და წვის დროს მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფს.

დაბოლოს, თაბაშირმუყაოს ტიხარი საკმაოდ გამძლეა, მითუმეტეს თუ ის ოთხმაგი ფენით არის დამუშავებული და დიდ დატვირთვას უძლებს. მასზე თავისუფლადაა შესაძლებელი ტელევიზორის კედლის, წიგნების თაროსა თუ კარადების დამონტაჟება, რადგან სპეციალისტების თანახმად, 1 მ2-ის ფართობის თაბაშირმუყაოს კედელი მინიმუმ 50 კგ. დატვირთავს უძლებს და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს ამ მხრივ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ლოფტის სტილის ბინა ყვითელი აქცენტებით

5 მარტივი წესი იაპონური სტილის მისაღები ოთახის შესაქმნელად