
სახლის არქიტექტურა გამოირჩევა კომპაქტური გეგმარებითა და მკაფიო გეომეტრიული მოცულობებით, რაც მას არა მხოლოდ ვიზუალურ სიმსუბუქეს სძენს, არამედ ბუნებრივ ლანდშაფტში ორგანულად სვამს. ფასადები მოპირკეთებულია მუქი ხის პანელებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ტყის ფერთა გამას და ქმნის ბუნებრივ დიალოგს გარემოსთან.

ინტერიერში მთავარი აქცენტი კეთდება ბუნებრივ მასალებზე და ღია სივრცეების მაქსიმალურ ათვისებაზე. ჭერამდე აჭრილი პანორამული ფანჯრები არა მხოლოდ უზრუნველყოფს ბუნებრივი შუქის უხვად შემოდინებას, არამედ გარესამყაროს ინტერიერის განუყოფელ ნაწილად აქცევს. ამ გზით ინტერიერი და ექსტერიერი ერთ უწყვეტ დინებაში იკვეთება — შიგნით ყოფნისას გრჩება განცდა, რომ ბუნების შუაგულში ხარ.
გეგმარება ხისტად გამიჯნული ზონების ნაცვლად, ცალსახად ღიაა: ძირითადი საცხოვრებელი სივრცე აერთიანებს მისაღებს, პატარა სამზარეულოს და საძილე ზონას, რაც მეტ ვიზუალურ თავისუფლებას და მოქნილობას იძლევა. ინტერიერში ჭარბადაა გამოყენებული ნატურალური ხე, რომლის ფაქტურა და ფერი ხაზს უსვამს სივრცის სიმარტივესა და სითბოს. ფერთა პალიტრა რჩება ნეიტრალურ ტონალობაში — რბილი ნაცრისფერი, თეთრი და ხის ბუნებრივი შეფერილობა ქმნის დამამშვიდებელ გარემოს, რომელიც არ იბრძვის ყურადღებისთვის, არამედ განტვირთვისკენაა მიმართული.
განათების სისტემა აგებულია ფუნქციურ შრეზე: გარდა ბუნებრივი შუქისა, სივრცე ინტეგრირებული დამალული განათებით არის აღჭურვილი, რაც ღამით თბილ და მყუდრო ატმოსფეროს უზრუნველყოფს ზედმეტი დრამატულობის გარეშე. ავეჯი შერჩეულია ლაკონური ფორმებით, მინიმალური ვიზუალური ხმაურით — აქ ყოველ ელემენტს აქვს თავისი ფუნქცია, ხოლო დეკორატიული დეტალები მკაცრად დოზირებულია.
ეს კოტეჯი არა მხოლოდ თავშესაფარია თანამედროვე ცხოვრებისეულ რუტინაში, არამედ არქიტექტურული პასუხია იმ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს დიზაინი “ჩუმი”, ბუნებაზე მორგებული და ამავდროულად მაღალი ესთეტიკური ღირებულების მატარებელი. სივრცე, სადაც არქიტექტურა ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ საკუთარ ჭეშმარიტებას ზუსტად და მშვიდად გამოხატავს.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილია, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხევს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2 -ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საიტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა “გაბედეს” წარმდგენია m2



















