in

მოძველებული ბინა, რომელიც თბილ და ნათელ საცხოვრებლად იქცა

„მე მჯერა სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩენის პრინციპის“ – ამბობს ლონდონის ხიდთან ახლოს მდებარე ამ ბინის მფლობელი. იგი ამ მხარეში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა, სწავლობდა, მუშაობდა და თავადაც სურდა, რომ აქ ბინა ეყიდა. როდესაც მან საბოლოოდ იპოვა ისეთი საცხოვრებელი, რომელიც მოეწონა, ცხადი იყო, რომ ამ სივრცეს კაპიტალური რემონტი სჭირდებოდა. რამდენიმე თვის მანძილზე სივრცის თავისებურებებსა და საჭიროებებში გარკვევის შემდეგ მან ბინის რეორგანიზაციისა და რაციონალიზაციისთვის Howard Design-დან ჯეიმს არკულისსა და სასკია ჰოვარდს მოუხმო.

Banner M2
Banner M2

შენობამ მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს დაკარგა ქარხნის ფუნქცია და საცხოვრებლად იქცა. ბინას უცნაური განლაგება ჰქონდა პაწაწინა სამზარეულოთი და მთავარ საცხოვრებელ ზონაში განთავსებული პატარა საშხაპე ოთახით.

როდესაც ასპარეზზე ჯეიმსი და სასკია გამოჩდნენ, მფლობელმა მათ სამი ძირითადი დავალება მისცა: მას სჭირდებოდა უფრო დიდი სამზარეულო, რომელიც უკეთესად იყო ინტეგრირებული ბინაში და ამ სივრცეში მფლობელი და მისი პარტნიორი კულინარიით ტკბობას შეძლებდნენ; მათ ასევე სჭირდებოდათ უფრო დიდი აბაზანა და სასტუმრო ოთახი ორადგილიანი საწოლით.

რაც შეეხება ესთეტიკას, კლიენტსა და დიზაინერებს შორის სრული ჰარმონია შედგა. პირველივე შეხვედრისას მფლობელმა ჯეიმსსა და სასკიას ბევრი იდეა გაუზიარა. იმის შესახებ, თუ რა მიმართულებას მიიღებდა რემონტი, შეთანხმება საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. „მინდოდა ამ ადგილის ხასიათი და ღირსება აღმედგინა“ – განმარტავს მფლობელი.

რემონტის დროს მათ აღმოაჩინეს პირვანდელი ფილები, რომლის ხასიათმა და პრაქტიკულობამ მფლობელი მოხიბლა და ის დეკორატიული სქემის გამორჩეულ ელემენტად იქცა.

ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ასპექტი ხალისიანი ფერებია, რომლებიც მფლობელის გემოვნებით შეირჩა და ამ გადაწყვეტილებას მხარი დიზაინერებმაც დაუჭირეს. მეპატრონე, რომელიც სინგაპურში გაიზარდა, ბევრს მოგზაურობდა და პროექტში შემოიტანა ავეჯის ფართო კოლექცია, ნათელი, ცოცხალი პრინტები და ნახატები. წითელი აღმოსავლეთში კეთილმოსურნე ფერად მიიჩნევა, ამიტომ მფლობელისთვის მნიშვნელოვანი იყო ბინაში რაიმე გამორჩეული ელემენტი ნათელ წითელ ფერში ყოფილიყო, მაგრამ როდესაც დიზაინერებმა კლიენტს ჟოლოსფერი პრიალა კარები შესთავაზეს, ისინი დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ მეპატრონე დათანხმდებოდა, მაგრამ კლიენტისთვის ეს კარები ბინაში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დეტალად იქცა.

როდესაც დიზაინერსა და კლიენტს შორის თანამშრომლობა შედგება, შედეგად ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ვიღებთ. „გადამწყვეტი იყო, რომ სივრცეში დიზაინერის ჩარევა შეუმჩნევლად დარჩენილიყო. ეს უნდა ყოფილიყო სახლი, რომელიც მესაკუთრემ საკუთარი თავისთვის მოაწყო“ – ამბობს ჯეიმსი. მფლობელი კი, როგორც ჩანს, ძალიან კმაყოფილია: „აქამდე არცერთ სახლს არ მოუცია ჩემთვის ყოველ დღე თითოეული კუთხით ტკბობის მიზეზი.“

10 სწრაფი და ეფექტური იდეა ინტერიერში ფერადი აქცენტების დასამატებლად

ინტერიერი ნეიტრალურ ტონებში: 31 საინტერესო იდეა შთაგონებისთვის – #Homeisინსპირაცია