in

ტური ბინაში, რომლის რედიზაინმაც ემა გრანტს კარიერის შეცვლისკენ უბიძგა

ემა გრანტი – დიზაინერი, რომელიც Parsons Paris-სა და ლონდონის ხელოვნების სკოლის City & Guilds-ში სწავლის შემდეგ 5 წლის განმავლობაში მოდის სამყაროში მოღვაწეობდა, ამ ბინას 2013 წელს წააწყდა. იმ დროს ემა კენტიშ თაუნში ცხოვრობდა და უძრავი ქონების აგენტებთან ერთად საცხოვრებლის ძებნაში თითქმის ერთი წელი გაატარა. საბედნიეროდ, მან ეს ელეგანტური პროპორციებით შექმნილი სივრცე აღმოაჩინა, რომელიც ვიქტორიანული ვილის პირველ სართულზეა გაშლილი. ამ ბინაში მოგხიბლავთ დიდი ზომის ოთახები, ჭერის შთამბეჭდავი სიმაღლე და მუსიკალური გაფორმება ზოოპარკში მცხოვრები გიბონების შესრულებით. „მიყვარს ყოველ დილით მათი მოსმენა“ – ამბობს ემა, რომელიც ახლა ამ სივრცეს თავის პარტნიორთან – ჯეკთან ერთად იზიარებს.

ემა, სანამ რაიმე ცვლილებების შეტანას გადაწყვეტდა, ბინაში ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. თავად სივრცე სტრუქტურულად ძალიან გამართული იყო, ამიტომ საძინებელში ჩაშენებული გარდერობის საშხაპე ოთახად გარდაქმნის გარდა, ძალიან ცოტა რამის შეცვლა გახდა საჭირო.

„დეკორაციისადმი ჩემი მიდგომა საკმაოდ დაუგეგმავი იყო. მინდოდა, რომ ინტერიერი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა განვითარებულიყო“ – ამბობს ემა. მის საძინებელში პრიალა ცისფერ კედლებს თუ არ ჩავთვლით, ფერთა პალიტრა ინტერიერში ძირითადად თეთრი და ნეიტრალურია.

„თითოეული ოთახისთვის ჩემი საწყისი წერტილი გარკვეული საკვანძო ნივთი იყო“ – განმარტავს ემა. მისი საძინებლის შემთხვევაში, ეს არის ბიჭის XIX საუკუნის პატარა პორტრეტი, ხოლო აბაზანაში – მაჰაგონის კედლის კარადა. ემა მთელი ამ პროცესით იმდენად მოიხიბლა, რომ 2018 წელს KLC-ის საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის დიზაინის კურსზე ჩაირიცხა, რამაც მისი მოდის კარიერის ცვლილება განაპირობა. ემა ამჟამად თავისი პირველი პროექტების განსახორციელებლად ემზადება.

სამზარეულო მშვენიერ მდგომარეობაში იყო, ამიტომ ემამ კარადები ხელახლა შეღება, დაამატა სპილენძის სახელურები, მოაშორა შავი მარმარილოს დამთრგუნველი ფაქტურა და ზედა კარადები თაროებით შეცვალა. „მინდოდა, რომ სამზარეულო უფრო ღია ყოფილიყო, რათა ჩემი მინისა და კერამიკის ჭურჭელი უფრო გამოჩენილიყო“.

ემა ვინჩესტერის მახლობლად XV საუკუნის სახლში იზრდებოდა და მამასთან ერთად პორვორტში და არუნდელში მოგზაურობისას ანტიკვარული ნივთებით ხშირად ინტერესდებოდა. „თუ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ ვატარებ, გზად მუდამ ანტიკვარულ მაღაზიებს ვსტუმრობ“ – ამბობს დიზაინერი.

„ნამდვილად კმაყოფილი ვარ ბინით, მაგრამ არ შემიძლია სივრცის შევსების ახალ გზებზე არ ვიფიქრო“ – აღიარებს ემა.

ახალ კორპუსში ბინის ყიდვისას დაშვებული 5 მთავარი შეცდომა

ბინა ულამაზესი ხედით თაბორის მთის ქუჩაზე – მაგდა მერაბიშვილის ინტერიერი