8 მაისს, ვენეციაში გაიხსნა ქართველი ხელოვანის, თოლია ასტახიშვილის გამოფენა ‘to love and to devour’. გამოფენის კურატორია წლევანდელი ბიენალეს არქიტექტურის გამოფენის საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი, ჰანს ულრიხ ობრისტი.
თოლია ასტახიშვილის გამოფენა-ინტერვენცია პირველია, რომელსაც ნიკოლეტა ფიორუჩის ხელოვნების ფონდი ვენეციაში მასპინძლობს. მეთხუთმეტე საუკუნის ეს სახლი ფონდმა გასული წლის ბოლოს შეიძინა. მანამდე, XX საუკუნის 20-იან წლებში, ის მხატვარმა ეტორე ტიტომ გადააკეთა თავის სახელოსნოდ, მოგვიანებით კი ამ შენობაში პორტის საავადმყოფო ყოფილა განთავსებული.

თოლია ასტახიშვილის ინსტალაციაში შენობის ეს სახეცვლილებები და ისტორიული შრეები გამოყენებულია როგორც მასალა მისი ენერგიის აღმოსაჩენად და გამოსავლენად. გამოფენამდე არტისტი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა ამ სივრცეში, ურთიერთობდა მასთან, იკვლევდა ისტორიულ ნახაზებსა და გადაკეთების გეგმებს, შლიდა, ანაწევრებდა, ზოგან – აშიშვლებდა მის სტრუქტურულ ელემენტებს თუ ფარულ მექანიზმებს. ახალი ჩანართები, რომლებიც მან შექმნა, ასევე თითქოს დაუსრულებელი სახით არის წარმოდგენილი. ასტახიშვილის არქიტექტურული მასშტაბის ინსტალაციებზე ხშირად წერენ, რომ ეს ნამუშევრები გადმოსცემს მდგომარეობას სივრცეში, როცა ის მიტოვებულია, დანგრევის მოლოდინში ან, პირიქით – გარდაქმნის პროცესში.



ერთ-ერთ ინტერვიუში თოლია ასტახიშვილი აღნიშნავს, რომ ინსტალაციებში ცდილობს, აჩვენოს მისი ცალკეული ელემენტები თუ ხდომილებები ერთდროულად, როგორც ისინი ცხოვრებაში მოგვეცემა ხოლმე – ერთდროულად და უწყვეტად. ისტორიული სახლი ასტახიშვილის ინსტალაციაში ცოცხლდება იმგვარად, რომ დამთვალიერებელი, ცხადი ორიენტირის გარეშე, სწორედ ამ გაურკვევლობისა თუ მოლოდინის ხიბლში, გადაადგილდება მის სივრცეში და სახლის ცხოვრებაში ამ გარდამავალი მომენტის შემსწრე ხდება.
ექსპოზიციაში თოლია ასტახიშვილთან ერთად წარმოდგენილია რვა ხელოვანის – ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, ზურაბ ასტახიშვილის, თეა ჯორჯაძის, ჰაიკე გალმაიერის, რაფიკ გრაისის, დილან პირსის, ჯეიმს რიჩარდსისა და მაკა სანაძის ნამუშევრები. სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ეს ნამუშევრები (მათ შორის, ხმოვანი და ვიდეოინსტალაციები), შენობასთან დიალოგში, ქმნის, კურატორის თქმით, ერთობლივ ნაწარმოებს, რომელიც ინდივიდუალური და კოლექტიური ნამუშევრის ცნებებს შორის საზღვარს შლის.

თოლია ასტახიშვილი ხშირად მუშაობს სხვა არტისტებთან კოლაბორაციით. საქართველოში მისი პირველი გამოფენაც, “In Heat Wind Wounds Holes”, რომელიც 2022 წელს გაიმართა გალერეა LC Queisser-ში, სამ სხვა ხელოვანთან კოლაბორაციით შეიქმნა. მისი თქმით, სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობა, სხვადასხვა მედიუმში მუშაობა საშუალებას აძლევს, სინამდვილესთან უფრო ახლოს მივიდეს.

ამავე გალერეაში, რამდენიმე თვის წინ გაიმართა მისი პირველი სოლო გამოფენა საქართველოში ‘Result’.
2024 წელს თოლია ასტახიშვილი პირველად იყო წარმოდგენილი სოლო გამოფენით აშშ-ში. მისი გამოფენა “between father and mother” ნიუ-იორკში, SculptureCenter-ში აჩვენეს.

ვენეციაში თოლია ასტახიშვილის გამოფენის ნახვა ვენეციაში 23 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.